სომხეთმა და ევროკავშირმა, როგორც იქნა გააფორმა შეთანხმება საყოველთაო და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ. სოციალურ ქსელში ატეხილი ზარ-ზეიმის გათვალისწინებით ხვალ, სომხეთი ბევრად უფრო ევროპული გახდება, რასაც საჩუქრად უვიზო რეჟიმის შესახებ ოცნებები მოჰყვება. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ მთელი ჩვენი ნეგატიური, ევროპული სივრცისთვის შეუსაბამო ანტიდემოკრატიული მოვლენა ისევ ჩვენთან დარჩა, ხოლო უვიზო რეჟიმი სქელი ბურუსით არის მოცული. გარდა ამისა, “დამარცხების სიმწარეც” დაგვრჩა – სომხეთი დასთანხმდა უარი ეთქვა სახელწოდებაზე “კონიაკი” და 25 წლის შემდეგ ამ ალკოჰოლური სასმელის მწარმოებლები მას ევროპელებისთვის ჩვეული “ბრენდით” შეცვლიან.

Хранилище коньяка, Франция
კონიაკის საცავი, საფრანგეთი

წლების განმავლობაში საფრანგეთი იმისთვის იბრძოდა, რომ კონიაკი მხოლოდ მის ტერიტორიაზე წარმოებულ ალკოჰოლურ სასმელს რქმეოდა. ბრენდ “კონიაკს” ფრანგული გეოგრაფიული სახელწოდების (АОС) სახით ევროკავშირი იცავს. თავის დროზე, ევროკავშირი რუსეთს დაჰპირდა, რომ ეკონომიკური სანქციების გრადუსს შეამცირებდა, თუ რუსეთი უარს იტყოდა კონიაკის და შამპანურის დასახელებებზე. ჩვენს შემთხვევაში ეს მოთხოვნა დოკუმენტშია ჩაწერილი და ამის სანაცვლოდ ევროპელები სომხეთს ახალ დასახელებაზე გადასვლისთვის საჭირო ტექნიკით და ფინანსებით დახმარებას ჰპირდებიან.

რა განსხვავებაა სომხურ კონიაკს და ფრანგულ ბრენდს შორის?

სადაო სახელწოდება “კონიაკი” სათავეს ფრანგული Cognac-იდან იღებს. ეს არის ძლიერი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც საფრანგეთის პუანტუ-შარანტის რეგიონში, იქ სადაც ცნობილი ქალაქი კონიაკია, ვაზის სპეციფიკური ჯიშისა და არანაკლებ სპეციფიკური ტექნოლოგიებით არის წარმოებული. ამასთანავე, სომხური კონიაკის წარმოების პროცესი თითქის არაფრით განსხვავდება კლასიკური ფრანგულისგან. თუმცა, სომხური კონიაკის დამზადების განსაკუთრებულობა წყალშია: თუ კლასიკურ ფრანგულ წარმოებაში მხოლოდ გამოხდილი წყალი გამოიყენება, სომხური კონიაკი წყაროს წყალზე მზადდება. ეს წყალი ძალიან ცოტა მარილებს შეიცავს, მაგრამ მაინც ხდება მისი მინერალიზაცია. ეს გამორიცხავს ბოთლში კალციუმის ნალექების მოხვედრას, რაც უზრუნველყოფს სასმელის ხანგრძლივ ვადიანობას.

Город Коньяк, регион Пуанту-Шаранта, Франция
ქალაქი კონიაკ, პუანტუ-შარანტის რეგიონი, საფრანგეთი

მიუხედავად იმისა, რომ სომხური კონიაკი საბჭოთა კავშირში წარმოებულ ალკოჰოლურ სასმელებს შორის ყოველთვის ლიდერობდა, სახელწოდება – “სომხური კონიაკი”, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მოიპოვა. 2006 წელს სომხეთის მთავრობამ “სტანდარტიზაციის” შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრა სომხური კონიაკის და საკონიაკე სპირტის ტექნიკური რეგლამენტი და მისი არსი – რა არის სომხური კონიაკი.

სომხური კონიაკი ისტორიაში

საერთოდ, სომხური კონიაკი საიდუმლოებებით და ლეგენდებით იყო მოცული. ყველაზე უძველესი ლეგენდა მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ დასახლდა ნოე თავის შვილებთან ერთად არარატის მთაზე და მევენახეობას მიჰყო ხელი. ისტორიკოსების – გევორქის, ქსენოფონტეს, სტრაბონის უძველესი ხელნაწერები, ასევე, სახალხო ზეპირსიტყვიერება ადასტურებს, რომ სომხეთის თანამედროვე ტერიტორიაზე მევენახეობასა და მეღვინეობას უძველესი, დაახლოებით ძვ.წთ-XV-მდე მეთხუთმეტე საუკუნიდან ეწეოდნენ. კონიაკის წარმოება სომხეთში 1887 წელს პირველი გილდიის ვაჭარმა ნერსეს ტაირიანმა დაიწყო. პროდუქცია ერევანში, ღვინის პირველ ქარხანაში მზადდებოდა, ხოლო კონიაკს კლასიკური ფრანგული ტექნოლოგიით ხდიდნენ, რადგანაც იმ დროისათვის ფრანგული კონიაკი წარმოების 150 წლიან ისტორიას ითვლიდა და დამსახურებული სახელი და პოპულარობა ჰქონდა მოპოვებული. ამასთანავე, სომხური კონიაკი სსრკ-ში უკვე ლეგენდად იყო ქცეული, რამაც განაპირობა მისი პოპულარობა მთელს მსოფლიოში.

როგორც ერთ-ერთი სომხური ქარხნის პრესსამსახურმა Dalma News-ს განუცხადა, ამ ალკოჰოლური სასმელის მწარმოებლებს უკვე დიდი ხანია აღარ აქვთ უფლება პროდუქციის ეტიკეტზე ლათინური ასოებით სიტყვა “კონიაკი” გამოიყენონ. ასე რომ ექსპორტზე გადის სომხური ბრენდები “არარატი”, ან ჩერჩილის საყვარელი “ვინი”.

“უბრალოდ, გულსატკენია…”

სომხური კონიაკი დიდი ხანია საზღვარგარეთ ცნობადი ბრენდია. არ არსებობს სომხური წარმოშობის ადამიანი, რომელიც არ იამაყებდა იმით, რომ თავად ბრიტანეთის პრემიერი უინსტონ ჩერჩილი სომხური კონიაკის მოყვარული იყო. ლეგენდის თანახმად, ჩერჩილი ყოველდღიურად 50 გრადუსიან კონიაკ “დვინს” მიირთმევდა, მაგრამ ერთხელ აღმოაჩინა, რომ მას ძველი გემო აღარ ჰქონდა და სტალინის მისამართით უკმაყოფილება გამოხატა. აღმოჩნდა, რომ ოსტატი მარქარ სედრაქიანი, რომელიც “დვინს” ხდიდა, ციმბირში იყო გადასახლებული. იგი დააბრუნეს და პარტიაში აღადგინეს, ჩერჩილმა კი თავისი საყვარელი “დვინი” დაიბრუნა. ამგვარად, გარდა იმისა, რომ კონიაკმა ადამიანის სიცოცხლე იხსნა, სედრაქიანი სოციალისტური შრომის გმირად აღიარეს…

Коньячный завод "Арарат"
კონიაკის ქარხანა “არარატი”

ამბობენ, რომ სომხურ კონიაკს ბევრი ცნობილი ადამიანი ანიჭებდა უპირატესობას, მათ შორის იყვნენ ფრენკ სინატრა, აგათა კრისტი და ამბობენ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევიც.

ეს მართლაც ასეა, თუ არა, ამის თქმა მხოლოდ ისტორიკოსებს შეუძლიათ.

25 წლის შემდეგ, ჩვენს სუფრებზე ბრენდები “არარატი”, “ნოე”, ან “ახტამარი” იდგება. რას ვუწოდებთ მათ? – “სამ ვარსკვლავს”, თუ როგორც “კარნავალის ღამის” ერთ-ერთი გმირი ამბობს: უკეთესია, რა თქმა უნდა “ხუთი ვარსკვლავი” – სხვაგვარად? საკითხავი აი, ეს არის. 

მოამზადა ლია ხოჯოიანმა