პროფესიულ, ან სამოყვარულო დონეზე ალპინიზმით გატაცებული მთელი სპორტული გაერთიანება მოუთმენლად ელოდა ფილმს “ევერესტი”. ევერესტი ყველაზე მაღალი ადგილია მსოფლიოში, რომელიც ზღვის დონიდან 8 848 მეტრზე მდებარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა მას ჯომოლუნგს უწოდებს, ინგლისური სახელწოდება კი ამ მთას 1856 წელს მიენიჭა ინდოეთის გეოდეზიის კომიტეტის თავმჯდომარის ჯორჯ ევერესტის საპატივცემულოდ.

60 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ევერესტი მკვლევარმა ედმუნდ ჰილარმა (ახალი ზელანდია) და ტენცინგ ნორგეიმ (ნეპალი, შერპა) პირველებმა დაიპყრეს წარმატებით. 1953 წელს ჰილარმა მონაწილეობა მიიღო ბრიტანული ჰიმალაის კომიტეტის მიერ მოწყობილ ექსპედიციაში.

2014 წლის მონაცემებით, ევერესტზე ლაშქრობის ისტორიის მანძილზე, მთის სამხრეთ (ნეპალის) მხარეს მწვერვალზე 4 416-ჯერ ავიდნენ, ხოლო  ჩრდილოეთით (ტიბეტ-ჩინეთის მხარეს) – 2 455-ჯერ. მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე სამი სომეხიც იყო ასული: პირველი ავიდა ალპინისტი ლევ სარქისიანი. იგი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც იმ დროის ყველაზე ასაკიანი ალპინისტი. დანარჩენი ორნი იყვნენ კარო ოვასაპიანი და იგორ ხალატიანი. ფილმის პრემიერის შემდეგ იგორ ხალატიანმა Facebook-ის თავის გვერდზე გამოაქვეყნა ერთ-ერთი ექსპედიციის ხელმძღვანელის რობ ჰოლის ოფიციალური მიწვევა მწვერვალის დაპრყობის შესახებ, სადაც ასეცე საუბარია ფილმზე “ევერესტი”. სომეხი ალპინისტი ვერ შეუერთდა ექსპედიციას და  მოგვიანებით, 2002 წელს თავად დაიპყრო მწვერვალი.

სომხური ალპინიზმის ისტორიიდან

სომხური ალპინიზმის ისტორია გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება. 1935 წელს ვაგრამ დარიანის ხელმძღვანელობით სომხეთის ყველაზე მაღალი წერტილი (ზღვის დონიდან 4095 მეტრი)- არაგაცის ჩრდილოეთ მწვერვალი ერთდროულად 1000-მა ადამიანმა დაიპყრო. 50-იან წლებში ალპინიზმის სექციაში უკვე 1500 ადამიანი იყო გაერთიანებული. 50-60-იან წლებში სომხურ ალპინიზმს ღირსეულად წარადგენდნენ საბჭოთა კავშირში ცნობილი სპორტის ოსტატები ვანო გალუსტოვი, სერგეი არუთიუნოვი, ალბერტ აკოფიანი, აგვან ჩატინიანი.  პოსტსაბჭოურ სივრცეში ცნობილი ალპინისტი და მთამსვლელი აგვან აშოტოვიჩ ჩატინიანი უკვე 90 წლის არის, თუმცა თავისი ასაკის მიუხედავად, დღესაც აქტიური ცხოვრების წესს მისდევს. 1959 წელს ჩატინიანმა, კირილ ბაროვის ჯგუფში, პირველმა დაასრულა ცნობილი მარშრუტი “უშბას ჯვარი”. ეს მარშრუტი ჩვენს დროშიც საკმაოდ რთულად არის მიჩნეული.

მწვერვალების დაპყრობა

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთში ისევე როგორც სპორტის სხვა  სახეობა ალპინიზმმაც შეწყვიტა არსებობა. მხოლოდ 2000-იან წლებში სომხებმა ცალკეულად დაიწყეს ელბრუსისა და ყაზბეგის დალაშქვრა. თუმცა ცალკეული სკოლა, ან კლუბი არ ჩამოყალიბებულა. ალპინიზმი სომხეთში აქტიურად 2010 წლიდან ვითარდება. ბოლო ხუთ წელიწადში სომეხი ალპინისტები ბევრ მწვერვალზე ავიდნენ, მათ შორის არის ელბრუსი (ევროპის უმაღლესი წერტილი), დემავენდე (ირანი), ყაზბეგი (საქართველო). ასევე მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო და სამშობრლოში მოწყობილ ტურნირებში. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის სომხეთის ალპინიზმისა და სამთო ტურიზმის ფედერაციას, რომელიც 2011 წელს შეიქმნა. ამ მოკლე დროში ფედერაციამ არსებულ ტრადიციებზე დაყრდნობით, სერიოზულად გაითქვა სახელი.  2011 წელს ფედერაციის ნაკრები ირანის უმაღლესი მწვერვალის (ზღვის დონიდან 5671 მეტრზე) , დემავენდის ჩამქარლი ვულკანისა და აღმოსავლეთ კავკასიონის ჩამქრალი ვულკანის ყაზბეგის (ზღვის დონიდან 5034 მეტრი) დასალაშქრად გაეშურა. მოგვიანებით სომეხმა ალპინისტებმა მონაწილეობა მიიღეს ზამთრის საერთაშორისო შეჯიბრებაში დემავენდზე ასვლაში. 40-50 გრადუსი ყინვის პირობებში სომხეთის ნაკრებმა 126 მონაწილეს შორის პირველმა მიაღწია მწვერვალს. 2012 წელს ჩატარდა დახურული პირველობა არაგაცზე skyrunning-ში, რომელშიც მხოლოდ ფედერაციის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. ერთი წლის შემდეგ კი ტურნირი საერთაშორისო ფორმატში ჩატარდა. შეჯიბრება “ჩრდილოეთის ჯვარი” მონაწილეობდნენ რუსეთიდან და ირანიდან ჩასული სპორტსმენები. 2013 წელს სომეხმა ალპინისტებმა ლევონ მოვსისიანმა და ვარდან ხაჩატრიანმა პირველად მიიღეს მონაწილეობა ფესტივალში Red Fox Elbrus Race. ელბრუსის დასავლეთ მწვერვალისკენ რბოლაში 130 მონაწილეს შორის ლევონ მოვსისიანმა მეშვიდე ადგილი აიღო და მწვერვალს 4 საათში მიაღწია.

საერთაშორისო თანამეგობრობა

ფედერაცია არსებობის პირველივე წლიდან აქტიურად ავითარებს თანამშრომლობას  რუს და ირანელ კოლეგებთან. არაერთხელ მიიღო მონაწილეობა სომხურმა დელეგაციამ რუსეთის ალპინისტთა ფედერაციის მიერ მოწყობილ საერთაშორისო თემატურ ღონისძიებაში. წელს სომეხმა ალპინისტებმა ევროპის უმაღლეს წერტილ – ელბრუსის მთაზე მასობრივ ასვლაში მიიღეს მონაწილეობა. 9 მაისს მოწყობილი აქცია სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავს მიეძღვნა. მწვერვალის დაპყრობაში მონაწილეობა მიიღეს რუსმა, ბელორუსმა, უკრაინელმა, ყირგიზმა, ყაზახელმა, ასევე იტალიელმა, ესპანელმა, გერმანელმა და პოლონელმა ალპინისტებმა.

რაც შეეხება ირანს. ცოტა ხნის წინათ სომხეთში ირანის ისლამური რესპუბლიკის მთამსვლელთა და ალპინისტთა ფედერაციის პრეზიდენტი რეზ ზარეი ტუდეშკი იმყოფებოდა. ვიზიტის დროს  ორ ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც Dalma news-თან საუბარში სომხეთის ფედერაციის თავმჯდომარემ სურენ დანიელიანმა განაცახდა, შეთანხმება ითვალისწინებს ფართო ურთიერთობას, ერთობლივი ალპინისტური სწავლებების ჩატარებასა და გამოცდილებების გაზიარებას. მისივე თქმით, საუბარი შეეხო ასევე სამაშველო სამუშაოების ჩატარების საკითხში გამოცდილებებისა და ცოდნის გაცვლას.  ამასთანავე, მხარეები ითვალისწინებენ ალპინისტური ტურების, სამთო ლაშქრობების, ახალბედებისა და მოყვარულებისთვის სასწავლო კურსებისა და პროფესიონალებისთვის ტრენინგების ჩატარებას.

სომხური ალპინიზმის მომავალი

სომხური ალპინიზმის მომავალი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდები არიან.ფედერაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ კომპონენტს. ყოველწლიურად ფედერაციასთან იქმნება ჯგუფები, რომელში გაერთიანებაც 18 წლის ასაკიდან ნებისმიერს შეუძლია. მომავალ ალპინისტებს ასწავლიან უსაფრთხოებისა და მთაში ქცევის წესებს, ასევე პირველად სამედიცინო დახმარებას. სწავლება ორ თვეს გრძელდება. წელს ფედერაცია უკვე 19 მომავალ ალპინისტს მოამზადებს.

ფედერაცია მხარს უჭერს უკვე შემდგარ ალპინისტებსაც, ამგვარად, ერთ-ერთმა უძლიერესმა ალპინისტმა ლევონ მოვსისიანმა 20 დღიანი კურსები ჩაატარა რუსეთის ალპინიზმის ცენტრალურ სკოლაში – ბეზენგის ბანაკში. კურსების შედეგების მიხედვით, მას ალპინიზმის ინსტრუქტორის წოდება მიენიჭა.

ფედერაცია ევროპულ სტრუქტურებთანაც თანამშრომლობს. მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში ფედერაციის ერთ-ერთმა წევრმა ედუარდ სარგსიანმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში, PETZL-ის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ   სასწავლო კურსებში.  რამოდენიმე დღის განმავლობაში სომხეთის, რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის წარმომადგენლებმა ახალი თაობის ინდივიდუალური სამაშველო მომზადება გაიარეს. კურსების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა სელთიფიკატები მიიღედ.

რატომ იპყრობენ ადამიანები მთებს?

ფედერაცია აქტიურად ვითარდება, ზრდის ტურნირების გეოგრაფიას, რომელშიც სომეხი ალპინისტები მონაწილეობენ. ყოველწლიურად იზრდება თავად სომეხი ალპინისტების რაოდენობა. დღეისათვის ფედერაციას ოფიციალურად 80 წევრი ჰყავს. ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ალპინიზმი გოგონებს შორისაც პოპულარულია.

შევეცადეთ გაგვერკვია, რატომ იპყრობენ ადამიანები მთებს და გავესაუბრეთ ფედერაციის აქტიურ და უძლიერეს ალპინისტს ნარინე ჩაგარიანს. პირველად ნარინე არაგაცის მთაზე 2004 წელს ავიდა. 2014 წლიდან აქტიურად ჩაება ალპინიზმში: წელიწადნახევარში ავიდა ელბრუსზე, დემავენდზე და ხეზარზე ირანში, ასევე ყაზბეგზე საქართველოში. “მთებზე თავისუფლებას ვგრძნობ. ასეთ დროს ცაში მონავადრე ჩიტი მგონია თავი. გარდა ამისა, მთამსვლელობა მაძლევს, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ცოდნას. ალპინიზმისა და მთების წყალობით ვისწავლე ურთულესი პრობლემების გადაჭრა. უკეთ შევიცანი საკუთარი თავი და შევაფასე საკუთარი ორგანიზმის შესაძლებლობები. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩემთვის ისიც, რომ ჩამომიყალიბდა გუნდური აზროვნება და ვისწავლე საკუთარი შიშის კონტროლი. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სილამაზე, რასაც ჩემს გარშემო ვხედავ.

შედეგები და გეგმები

ალპინიზმის ფედერაციის არსებობის მოკლე დროში უკვე მიღწეულია სერიოზული წარმატებები. აქტიური მუშაობისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის 2013 წელს ფედერაციამ საერთაშორისო ორგანიზაცია B.I.D.(Business Initiative Directions)-ის  ხარისხის ჯილდო (Quality Summit International Award)  მიიღო. წელს ფედერაციამ გაიმარჯვა კონკურსში “ტურისტული სომხეთი” ნომინაციაში “ექსტრემალური ტურიზმის წლის პროექტი”.

მიმდინარე წლის დასაწყისი უპრეცედენტო აღმოჩნდა სომხეთის ალპინიზმის ისტორიაში. როგორც სურენ დანიელიანმა განაცხადა 120%-ით გაიზარდა მთამსვლელთა რიცხვი. მიმდინარე წელს ორგანიზებულ 20 ლაშწრობაში 150-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას სურენ დანიელიანმა განაცხადა, რომ 2016 წლისათვის ფედერაცია ემზადება პამირის სისტემის ერთ-ერთ მთაზე ასავლელად და როგორც ვისოცკი იტყოდა: “მთაზე უკეთესი შეიძლება იყოს მხოლოდ მთა, რომელზეც არ ყოფილხარ”. ასე, რომ წარმატებები ვუსურვოთ სომეხ ალპინისტებს ახალი სიმაღლეების დაპრყობაში.