სომხეთში ახალი კონსტიტუციის პროექტისთვის ხმის მიცემის წინასწარი შედეგები შეაჯამეს. პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და მისი ხელმძღვანელობით სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ სასურველ შედეგს მიაღწიეს. ქვეყნის ცესკო-ს მონაცემებით, რეფორმებს მხარი დაუჭირა 825 622-მა ადამიანმა, ანუ საარჩევნო სიებში ჩართული ადამიანების დაახლოებით 32%-მა (სავალდებულო იყო მინიმუმ 25%). საწინააღმდეგო მოსაზრება 421 593-მა ადამიანმა, ანუ სიების მიხედვით 16,42%-მა დააფიქსირა.

სერჟ სარგსიანი

ამით სერჟ სარგსიანმა განაგრძო თვისი წინამორბედების ლევონ ტერ-პეტროსიანისა და რობერტ კოჩარიანის ტრადიცია. თითოეულმა მათგანმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდში საკონსტიტუციო რეფორმები გაატარა. ეს ყველაფერი საოცარი დამთხვევით ხდებოდა – საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ სომეხი პრეზიდენტები ყოველ 10 წელიწადში ფიქრობდნენ, ანუ 1995, 2005 და 2015 წლებში.

ლევონ ტერ-პეტროსიანი
ლევონ ტერ-პეტროსიანი

ტერ-პეტროსიანის კონსტიტუცია ითვალისწინებდა მეორე რესპუბლიკის დასრულებასთან დაკავშირებით რესპუბლიკის უზრუნველყოფას ახალი მთავარი კანონით და სომხეთის დამოუკიდებლობას. კოჩარიანის საკონსტიტუციო რეფორმა გამიზნული იყო პარლამენტისა და მვრობისთვის დიდი უფლებამოსილების მინიჭებისა და პრეზიდენტისთვის გარკვეული ძალაუფლების ჩამორთმევისკენ. სარგსიანი უფრო შორს წავიდა, მას სურს მთელი ძალაუფლება პარლამენტისა და მთავრობის ხელში უნდა გადაიტანოს, ხოლო პრეზიდენტმა “ინგლისელი მეფეების” როლი შეასრულოს, რომელიც მხოლოდ ოფიციალურ ცერემონიებში მიიღებს მონაწილეობას.

რობერტ კოჩარიანი
რობერტ კოჩარიანი

საკონსტიტუციო რეფორმების გატარებით ხელისუფლებისთვის დადებითი შედეგების მოტანის ეჭვი წლის დასაწყისში გაქრა, როდესაც დაიშალა წამყვანი პოლიტიკური ძალა – პარტია “აყვავებული სომხეთი”. ამის შემდეგ ჯერი ტექნიკურ პროცესზე მიდგა – ხმის მიცემის შედეგების უზრუნველსაყოფად სომხეთის ხელისუფლებამ ხომ ეფექტიანი მექანიზმი შექმნა.

რაფფი ოვანისიანი
რაფფი ოვანისიანი

გარდა ამისა, სომხეთის ოპოზიცია ვერ გაერთიანდა და ვერ შექმნა ერთიანი ფრონტი საკონსტიტუციო რეფორმების წინააღმდეგ. დაიყო ორ მოძრაობად. პირველი – საზოგადოებრივი ხსნის ფრონტი “ახალი სომხეთი” პარტია “მემკვიდრეობის” ლიდერის რაფფი ოვანესიანისა და ყარაბაღის ომის ვეტერანის, “დამფუძნებელი პარლამენტის” ერთ-ერთი ხელმძღვანელის ჟირაირ სეფილიანის ხელმძღვანელობით. ფრონტის წარმომადგენლებს შორის გამორჩეულად შეიძლება დასახელდნენ “დამფუძნებელი პარლამენტის” თავმჯდომარე გარეგინ ჩუგაზიანი, სამოქალაქო მოძრაობა “ადექი, სომხეთო!”-ს წევრი ანდრიას გუკასიანი, გაერთიანება “ეროვნული თვითშეგნების” ხელმძღვანელი პარუირ აირიკიანი, პოლიტოლოგთა კავშირის ხელმძღვანელი ამაიაკ ოვანნისიანი, პარტია “დემოკრატიული სამშობლოს” ხელმძღვანელი პეტროს მაკეიანი.

მეორე მოძრაობა – ფრონტი “არა”, რომლის შემადგენლობაში არის პარტია სომხური ეროვნული კონგრესი (ლიდერი – ყოფილი პრეზიდებტი ლევონ ტერ-პეტროსიანი), სომხეთის სახალხო პარტია (ლიდერი – სტეპან დემირჩიანი) და სამოქალაქო ინიციატივა “ვერ გაატარებთ”.

თავად ამ მოძრაობებში სერიოზული აზრთა სხვაობა არსებობდა ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი: ფრონტი “ახალი სომხეთი”, რომელმაც რეფერენდუმის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე ქუჩის საპროტესტო აქციები მოაწყო. თუ კი ჟირაირ სეფილიანი მზად არის რადიკალური ნაბიჯებისა და ხელისუფლებასთან ღია შეტაკებისთვის, მაშინ რაფფი ოვანნესიანი, თუ გავითვალისწინებთ გარკვეულ პიროვნულ ხასიათს, ბრძოლის მშვიდობიანი მეთოდების მომხრეა, რაც აშკარად გამოიხატა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციების დროს. (არჩევნების შედეგად 36,74% -ით მან მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა თავად მიაჩნდა, რომ გაიმარჯვა.) .

აღსანიშნავია, რომ მთელმა რიგმა ოპოზიციურმა ძალამ, მათ შორის “დაშნაკცუტიუნმა” საკონსტიტუციო რეფორმებს დაუჭირეს მხარი. საერთოდაც, სწორედ საკონსტიტუციო რეფორმისადმი მიდგომა “სახელისუფლებო ოთხეულიდან” “დაშნაკცუტუნის” გასვლის მთავარი მიზეზი გახდა. ამ ოთხეულში იყვნენ ასევე “აყვავეული სომხეთი”, სომხეთის ეროვნული კავშირი და “მემკვიდრეობა”. დაშნაკცუტუნის გაგება შეიძლება: მას პარტიული მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და ეს, შესაძლოა, ერთადერთი საპარლამენტო პარტიაა, რომელიც არ არის დამოკიდებული ძალაუფლების ხელმისაწვდომობაზე, ფულზე, ან თავისი ლიდერის პოპულარობაზე, რომელიც პარტიის დადგენილებით, უბრალოდ არ ჰყავს.

საკონსტიტუციო რეფორმებისადმი ოპოზიციის დამოკიდებულებაში საინტერესო რამ გამოიკვეთა: საკუთარი პოლიტიკის განხორციელების ნაცვლად, ის ორიენტირებულია ხელისუფლების მოქმედებებზე და პრინციპულად ეწინააღმდეგება მის ნებისმიერ ინიციატივას. განსაკუთრებით აშკარა იყო ეს საკონსტიტუციო რეფორმების განხილვისას: ის ოპოზიციური პარტიებიც კი, რომლებიც ადრე მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას უჭერდნენ მხარს, ახლა პრინციპულად წინააღმდეგნი არიან. მათ მიაჩნიათ, რომ რეფორმების მთავარი მიზანია მმართველი “სომხეთის რესპუბლიკური პარტიისა” და პირადად სერჟ სარგსიანისთვის, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ძალაუფლების უზრუნველყოფა. მათი გადარწმუნება ვერც სარგსიანმა შეძლო, რომელმაც განაცხადა, რომ პრეტენზიას არ აცხადებს პრემიერ-მინისტრის, ან პარლამენტის სპიკერის თანამდებობაზე. უფრო მეტიც, მათ მიაჩნიათ, რომ ამგვარ ვითარებაში სომხეთს პარტოკრატია ემუქრება, რომელიც დროსაც გადაწყვეტილებების მიღების ადგილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან “სომხეთის რესპუბლიკური პარტის” ოფისში გადაინაცვლებს.

ხმის მიცემის პროცესმა სხვა საინტერესო ტენდენციაც აჩვენა: შემცირდა რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა. ამგვარად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ელექტორატის საერთო რაოდენობის 62,33% მონაწილეობდა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში – 61,18%, ხოლო 2015 წლის რეფერენდუმში ამომრჩეველთა აქტივობა მხოლოდ 51,51% იყო. სხვათა შორის,საკონსტიტუციო რეფორმების წინა რეფერენდუმში 2005 წელს ამომრჩევლების 65,3% მონაწილეობდა.

ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ ხალხს სულ უფრო მეტად გაუცრუა იმედი როგორც ხელისუფლებამ, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში უძლურია, ისე ოპოზიციამ, რომელიც არ აპირებს საკუთარ ამბიციებზე უარის თქმას და გაერთიანებას. ამას მოწმობს რეფერენდუმის წინა დღით ფრონტ “ახალი სომხეთის” მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე მისული ხალხის სიმცირე.

რეფერენდუმის შედეგებს რაც შეეხება, ის ქვეყნის წინაშე ახალ რეალობას ქმნის. წამყვანი პოლიტიკური ძალები ქვეყნის ბედის გადაწყვეტისთვის მოემზადებიან არა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, არამედ ერთი წლით ადრე – 2017 წელს. მაგრამ ოპოზიციურ ველზე არსებული ვითარების, ტრადიციული ოპოზიციური ლიდერების დისკრედიტაციისა და ახალი ლიდერებისა და ძალის არ არსებობის გათვალისწინებით, საეჭვოა საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლებას სერიოზული კონკურენციის ეშინოდეს.

თუ საკონსტიტუციო რეფორმა სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ხელში ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გატარდება, იგი სახელისუფლებო პირამიდის შესუსტებას მომავალშიც შეუწყობს ხელს. საეჭვოა, პრემიერ-მინისტრი, ვინც არ უნდა იყოს ის, სრული ძალაუფლების შემთხვევაში (მასვე ეკისრება სრული პასუხისმგებლობაც) შეეგუოს გარედან მართვას.

ამასთანავე, უნდა გვესმოდეს, რომ სომხეთის მომავალი დამოკიდებულია არა კონსტიტუციაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ შესრულდება ის რეალურად, ასევე ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებზე. ჯერ-ჯერობით ხელისუფლებამ შეძლო მოსახლეობის ყურადღება სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემებიდან ახალი კონსტიტუციის პროექტზე გადაეტანა, ხოლო ოპოზიცია ქვეყანაში პრობლემების არსზე კონცენტრირების ნაცვლად, მათი გარე გამოვლინებებით დაკავდა.

აიკ ხალატიანი, სპეციალურად Dalma News-თვის