ჯერ კიდევ არისტოტელე საუბრობდა იმაზე, თუ რა საოცარ გავლენას ახდენს ადამიანის გონებაზე სიზმარი. ისტორიას ახსოვს სიზმარში ნანახი შემოქმედებითი წვის გამოგონილი და ნამდვილი ამბები.

დიდმა სალვადორ დალიმ, სიზმრის რეალური საფუძვლის ძიებაში, რათა გულმავიწყობისგან დაეღწია თავი, დახატა ტილო “სიზმარი”, რომელიც მის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრადაა მიჩნეული. დღეს ცოტამ თუ იცის კონცეპცია “მხატვრების” შესახებ, რომელიც ცნობილმა მეცნიერმა და ნობელის პრემიის პირველმა რუსმა ლაურეატმა ი.პ.პავლოვმა ჩამოაყალიბა. იგი ირწმუნებოდა, რომ ადამიანები, რომლებსაც ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო აქვთ განვითარებული, ისწრაფვიან სისრულისკენ, სამყაროს წარმოსახვით აღქმისკენ. ისინი მიდრეკილნი არიან სიზმარში შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენისკენ. ასეთი ადამიანები ხშირად მხატვრები არიან.

ალლა ანტონიანი

დღევანდელი ჩვენი ისტორიის გმირია თბილისელი მხატვარი ქალბატონი, რომლის შემოქმედებითი გზა სიზმრების საოცარ სამყაროში აღმაფრენის ძლიერი ემოციით იწყება. მხატვარ ალლა ანტონიანის ბიოგრაფიის ამ ეპიზოდის შესახებ, დიდი ხნის ნაცნობობის მიუხედავად, მხოლოდ ახლა შევიტყე. ვერ ვიტყვით, რომ ეს ადამიანი წამიერი სიზმრის ნახვის შემდეგ გახდა მხატვარი. ცხადია, ასეთი რამ არ არსებობს. საჭიროა შრომა იმ იმედით, რომ ოდესღაც მოხდება ის, რისთვისაც შრომობ. ალა ფერწერით ბავშვობიდან არის დაკავებული.

ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დადიოდა ხატვის წრეებზე და ფერწერის ხელოვნებას რამდენიმე პედაგოგი ასწავლიდა. საერთო ჯამში, ხატვის ნიჭმა მასში პირველი ნაბიჯებიდანვე გაიღვიძა, მაგრამ თუ ბუნებამ ნიჭი მოგანიჭათ, ამ ნიჭის რეალიზებას მაინც დიდი ძალისხმევა და შრომა სჭირდება.

ქუთათელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხუთწლედის დასრულების შემდეგ ალა საკუთარი სტილის ძიებას შეუდგა.

“მიტაცებდა სხვადასხვა სტილი და მიმართულება, რომლებშიც მუშაობდნენ ისეთი კორიფეები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, სანდრო ბოტიჩელი, გუსტავ კლიმტი, ალფონს მუხა და სხვები. მათ სერიოზული გავლენა მოახდინეს ჩემს მხატვრად ჩამოყალიბებაზე. მათგან ვსწავლობდი, მაგრამ მიბაძვა არასდროს მიცდია. წლები დამჭირდა მივმხვდარიყავი, რა ახლობელი იყო ჩემთვის მინიატურა”, – ამბობს მხატვარი.

საბოლოოდ სწორედ ძიების დაუცხრომელი სურვილი გამოიხატება ნამდვილი ხელოვანის შემოქმედების სტილისტურ განსაკუთრებულობაში. ალა დიდი ხნის განმავლობაში შრომობდა და მის ნამუშევრებში ძალიან ბევრ მეტამორფოზას ვხედავდი, მაგრამ თავად არასოდეს ყოფილა კმაყოფილი საკუთარი ტილოებით. მიაჩნია, რომ მხატვარი, რომელიც თავისი ნამუშევრებით კმაყოფილია, ან გულწრფელი არ არის, ან არ სურს განვითარდეს.

ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ალას ახალი გამოსახულება არ ეწვია. იმ დროს, როცა ეს მოხდა, მხატვრის სახელოსნო რამდენიმე ათეული სურათით იყო სავსე და ამ მოვლენისთვის ემოციური და შემოქმედებითი ნიადაგი იყო შექმნილი. აღნიშნული სტილის მყოფადობას ალა საიდუმლოდ ტოვებს, თუმცა მისი ახსნა ადვილია მხატვრის ბოლო ნამუშევრების წყალობით, რომლებიც სავსეა ქალურობით, სიყვარულითა და მშვიდობისმყოფელობით.

ამ ეპიზოდს თავად ალა ამგვარად აღწერს: “არსაიდან მოვიდა სურათი და თვალწინ დამიდგა. დანახული საოცრად მომეწონა. იმ შეგრძნებით გავიღვიძე, რომ შემეძლო თვალით ხილული ტილოზე გადმომეტანა. დროის სვლასთან ერთად სურათს შეუძლია თავიდან ამომიფრინდეს, როგორც რაღაც ეფემერული, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვახერხებ მის “დაჭერას”. ეს იმას ჰგავს, რაღაც აუხსნელს რომ მისდევდე და ამ დევნაში გამოცდილებას იძენდე. თითოელი ჩემი ნამუშევარი, არის სიზმარში ხილული გამოსახულების წინაშე მორიგი კარის შეხსნის მცდელობა”.

კ.ა.