საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ბაზა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს 50 წლით გადასცა.

როგორც Dalma News-ს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, სპორტული ბაზა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში გარემონტდა. შენობაში განთავსებულია კალათბურთის 4 დარბაზი, სპორტსმენებისთვის სასტუმროს ტიპის ნომრები, მანეჟი სარბენი ბილიკით, სადაც ტრენაჟორები და სხვა დანადგარები განთავსდება. კალათბურთის აკადემიისთვის თანამედროვე სპორტული ბაზის გადაცემას, პრემიერმა ღარიბაშვილმა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი უწოდა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ცნობილ ქართველ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას საშუალება მიეცემა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება არაერთი სახელოვანი კალათბურთელის აღზრდას მოახმაროს.

გვსურს აქ მოეწყოს NBA-ს სტანდარტების კალათბურთის აკადემია. ჩვენს სახელოვან კალათბურთელს, ჩვენთვის საამაყო ზაზა ფაჩულიას წლების განმავლობაში უნდოდა, გაეკეთებინა კალათბურთის აკადემია, რაც აქამდე ვერ მოხერხდა. მიხარია, რომ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით ეს შევძელით. ეს სიმბოლური გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენი ნაკრების სახელოვანი კალათბურთელების უმეტესობა და პირადად ზაზა ფაჩულია წლების განმავლობაში აქ თამაშობდნენ. ამ დარბაზს ჩვენს კალათბურთელებს სრულიად უსასყიდლოდ გადავცემთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზაზა ფაჩულიას შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ცოდნით, უნარით, გამოცდილებით, გაზარდოს არაერთი სახელოვანი კალათბურთელი, რომლებითაც ვიამაყებთ”, – განაცხადა პრემიერმა.

ზაზა ფაჩულიამ პრემიერს, ნაკრების სახელით კალათბურთის ბურთი გადასცა სახსოვრად.