დასავლეთის რუსოფობიური ისტერია, სულ უფრო მეტად ემსგავსება პარანოიასა და პოლიტიკურ შიზოფრენიას, როდესაც პაციენტს დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნება და გარე სამყაროს წინასწარ აკვიატებული მოსაზრებებით საზღვრავს. სამწუხაროდ, ამაში ახალი არაფერია. მსოფლიოს ჯერ კიდევ ახსოვს აშშ-ს ყოფილი სამხედრო-საზღვაო მინისტრ ჯეიმს ფორესტოლი, რომელიც ყველგან რუსულ საფრთხეს ხედავდა და ფანჯრიდან შეძახილით: “რუსები მოდიან!” გადახტა.

დიდ ბრიტანეთს აშკარად დაავიწყდა, რომ მისი დიდებულება წარსულს ჩაბარდა და რუსეთის ფედერაციის და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ხმამაღალი და უხეში შეძახილებით გამოდის. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გევინ უილიამსონმა რუსეთს ურჩია: “გაიწიე და მოკეტე”. მას ალბათ, არ ახსოვს, რომ დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ, მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, დენის ჰილმა, რუსების მისამართით დაიმუქრა, რაზეც ინგლისურმა პრესამ ურჩია: “დენის, შენი კარის ჯარისკაცები ყუთში შეინახე”.

უხეში და არაადეკვატური ქცევითა და განცხადებებით გამონაკლისს არც ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი წარმოადგენს. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც ინგლისურ დიპლომატიას ისეთი ადამიანი ხელმძღვანელობს, რომელსაც დიპლომატიაზე წარმოდგენა არ აქვს. სამწუხაროდ უნდა ითქვას ის, რომ დასავლეთის სახელისუფლებო სტრუქტურებში დილეტანტი-არაპროფესიონალები არიან, რომლებიც საერთოდ არ შეეფერებიან თავიანთ თანამდებობებს და აზრზე არ არიან რას სჩადიან.

სწორედ ასეთ “კამპანიაში” აპირებს ქართული პოლიტიკური ელიტა ქვეყნის ჩართვას. ცოტა ხნის წინათ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელსა და ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც მოლაპარაკაბები გამართა ევროკომისიაში, ევროსაბჭოსა და ნატო-სთან. იქვე პრეზიდენტმა სიხარულით განაცხადა, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე, ორმხრივი სექტორული თანამშრომლობის ფორმატზე გადავიდა. ნატო-ს გენმდივანთან შეხვედრაზე მათ საქართველოს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის შემდგომი ურთიერთობების საკითხები განიხილეს და ქვეყანა ახლო მომავალში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე მიიწვიეს.

“ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენ მივაღწიეთ ახალ, სექტორული თანამშრომლობის ფორმატს, რაც საქართველო – ევროკავშირის დიალოგის თვისობრივად ახალ დონეზე აყვანაა. მე მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია ჩვენ კოლეგებს იმ კითხვებზე, რაც არსებობდა სავიზო რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით და ჩამოყალიბდა ის სამუშაო ურთიერთობა, რომელიც ამ წარმოქმნილ პრობლემას გადალახავს. ჩვენ ვისაუბრეთ ნატოსთან მომავალი სამიტის თაობაზე და იმის შესახებ, რომ საქართველოს მიიწვევენ ამ სამიტზე, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება და განიხილება. საკითხები, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, განსაკუთრებით ეს ეხება შავი ზღვის ფორმატს, საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას და საქართველოს როლის აღიარებას, რომელიც ნატო-სგან ჩვენ არაერთხელ გაგვიგია”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამ განცხადებებში სენსაციური არაფერია, რადგანაც საქართველოს დასავლეთელი პარტნიორებისადმი დამოკიდებულება “ახალ ეტაპებზე” გადადის, მით უფრო რომ შავი ზღვა ნატო-სთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. უკრაინაში წარმატებული სამხედრო გადატრიალების მოწყობის შემთხვევაში ზღვა მთლიანად ნატო-ს დახურულ ტბად გადაიქცეოდა და ყირიმი და სევასტოპოლი ნატო-ს ფლოტისგან განადგურდებოდა. დღეს კი რუსეთის ფედერაცია შავი ზღვის აკვატორიას სწორედ მათი წყალობით აკონტროლებს.

ამის შემდეგ ბათუმში ამერიკის სადესანტო ხომალდი USS Oak Hill შემოვიდა, აშშ-ს საზღვაო ქვეითთა 26-ე საექსპედიციო ქვედანაყოფით. მას აჭარის ხელისუფლებამ საზეიმო დახვედრა მოუწყო. საქართველოში მიაჩნიათ, რომ აშშ-ს სამხედრო ძალების ყოფნა ქვეყნის ტერიტორიაზე, საქართველოს უსაფრთხოებას განამტკიცებს.

“Oak Hill-ის შავ ზღვაში შემოსვლის მიზანია, ამერიკის მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ იგი მზად არის ნატო-ს პარტნიორების და მოკავშირეების კოლექტიური დაცვის ვალდებულებების შესასრულებლად. აღნიშნული საზღვაო ოპერაცია Atlantic Resolve -ის ფარგლებში ტარდება და მხარს უჭერს ნატოს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ევროპაში”, – ნათქვამია თბილისში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ში ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კვლევით ცენტრ The Heritage Foundation-ს ეწვია. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს რესპუბლიკელების კვლევით ცენტრში გამართული ღონისძიების მოდერატორი იყო საგარეო პოლიტიკური ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი, რომლის სახელი და გვარი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ საქართველოში არავინ იცოდა. შეხვედრაზე მარგველაშვილმა ვაშინგტონის მიერ საქართველოს მხარდაჭერის აქტის (The Georgia Support Act) მიღების ალბათობაზე ისაუბრა. მანამდე კი ეს საკითხი აშშ-ს კონგრესში გამართულ კონფერენციაზეც წამოჭრა.

“საქართველოს მხარდაჭერის აქტი ისტორიული ნაბიჯი იქნებოდა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე განამტკიცებდა საქართველოს, როგორც აშშ-ს განსაკუთრებული მოკავშირის სტატუსს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

საინტერესოა, ვაშინგტონი რას სთავაზობს თავის განსაკუთრებულ მოკავშირეს? ძველად, სწორედ ზემოთ აღნიშნული ლუკ კოფი საუბრობდა საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად გადაულახავი ბარიერების დაძლევის საშუალებებზე – აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის ნატო-ს დადეგნილების ფარგლებიდან გაყვანის გზით. ამ წინადადებამ საქართველოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ქართული კულტურის და მეცნიერების, საზოგადოების ფართო ფენების წარმომადგენლებმა ამასთან დაკავშირებით ღია წერილიც კი გამოაქვეყნეს. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სთავაზობენ დაივიწყოს ტერიტორიული მთლიანობა, რაც მთელი პოლიტიკური ელიტისთვის ხელშეუხებელი “წმინდათა წმინდაა”. საინტერესო სწორედ ის არის, რომ ეს წინადადება მოდის არა აფხაზი და ოსი სეპარატისტების და ბოროტი ოკუპანტისგან, არამედ ძალიან საყვარელი და ღრმად პატივცემული დასავლეთელი მოკავშირისგან.

ამ ყველაფერს, როგორ ვერ ხედავს საქართველოს პრეზიდენტი?

სტატიის დასაწყისში ვსაუბრობდით, რომ ბრიტანელი მინისტრები, გევინ უილიამსონი და ბორის ჯონსონი თავისი არსით დილეტანტი-არაპროფესიონალები არიან. სამწუხაროდ, იმავეს თქმა შეიძლება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზეც. იგი პოლიტიკაში აბსოლუტურად შემთხვევით მოხვდა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე განათლების მინისტრად დანიშნა. მინისტრად ყოფნის დროს მარგველაშვილს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. უფრო მეტიც, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში შექმნილი კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტის დახურვა სცადა, რის შედეგადაც სტუდენტებს და მარგველაშვილს შორის ღია დისკუსია გაიმართა, რაც ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ნამდვილად არ დასრულებულა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი, ივანიშვილის მიერ შერჩეული კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გახდა. თუმცა, ახლად გამომცხვარი პრეზიდენტი ივანიშვილს სწორედ ისე მოექცა, როგორც ჩიჩიკოვი – თავის მასწავლებელს. პრეზიდენტის მდიდარ რეზიდენციაში, რომლის გამოც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მწარედ აკრიტიკებდნენ, შესულმა ახალმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა შენობიდან გამოსვლაზე და უფრო მეტიც, ძალიან დაუახლოვდა თავის პოლიტიკურ ოპონენტებს.

დღეს ბატონი გიორგი მარგველაშვილი პრეტენზიას აცხადებს ძალიან სერიოზული, დამოუკიდებელი პოლიტიკოსის და დასავლეთის ერთგული მეგობრის როლზე. ამიტომაც, მან ნებისმიერ ფასად უნდა სცადოს ქულების დაგროვება, როგორც ვაშინგტონში, ისე ბრიუსელში. მაგრამ საინტერესოა, სჭირდება ეს საქართველოს?

P.S. ერთ-ერთ ძველ ფილმში „ალექსანდრე ნეველი“ არის ასეთი ეპიზოდი: ჯვაროსან რაინდებს რუსი დათვის დევნაში მონაწილეობისთვის იწვევენ. პროფესიონალმა მონადირეებმა იციან, რომ დათვზე ნადირობისას საჭიროა ძაღლები, რომლებიც ნადირის ყურადღებას იქცევენ და მონადირეს წარმატების მეტ შანსს აძლევენ. როგორც წესი, ასეთი ნადირობა რამდენიმე მონადირე ძაღლისთვის ფატალურად სრულდება, მაგრამ არც ერთი მონადირე ამას დიდ ტრაგედიად არ მიიჩნევს. საქართველო პატარა, უძველესი და უმშვენიერესი ქვეყანაა, სადაც შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს. ამ ქვეყანას, სულაც არ შეეფერება ის როლი, რომლის შესრულებასაც მას აიძულებენ. დროა, ეს ყველამ გაიგოს, როგორც დილეტანტებმა, ისე პროფესიონალებმა. 

ირაკლი ჩხეიძე (თბილისი) სპეციალურად Dalma News-სთვის