თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა რეპრესიების მძლავრი მანქანა აამოქმედა. ოპოზიციონერ ფეთჰულახ გიულენის კვალსა და კავშირებს ყველა სფეროში ეძებს. გიულენის მიერ დაფუძნებულ მოძრაობასთან კავშირში ეჭვმიტანილად ამ დღეებში თურქულ სახელმწიფო ავიაკომპანია Turkish Airlines-ის 211 თანამშრომელი სცნეს და სამსახურიდან დაითხოვეს. ამავე მიზეზით სამსახურებიდან უკვე გაათავისუფლეს – 9 ათასი პოლიციელი, 3 ათასი მოსამართლე და 6 ათასი სამხედრო მოსამსახურე, ასევე მასწავლებლები და უნივერსიტეტების დეკანები. BBC-ის ინფორმაციით, 42 ჟურნალისტის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ორდერები გაიცა.

სამხედრო გადატრიალებაში დადანაშაულებული ისლამისტი ფეთჰულა გიულენი და მისი მოძრაობა, ერთ დროს თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის მოკავშირედ ითვლებოდნენ.

ხელისუფლების დამხობის მცდელობის პირველივე დღეებში სკანდალში საქართველო და ყველა ის ქვეყანა გაეხვა, სადაც გიულენის დაფინანსებით დაარსებული სასწავლებლები არსებობს. თურქეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში, აშშ-ში, ყირგიზეთში, ყაზახეთსა და თურქმენეთში ასეთი სკოლები უკვე დახურეს.

ვითარების გარკვევამდე საქართველოში ანალოგიური ღონისძიების გატარებას მოითხოვს “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე. ამ თემას მან თავისი პარტიის სათაო ოფისში საგანგებო ბრიფინგიც კი მიუძღვნა, სადაც განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ, მინიმუმ ერთი წლით უნდა დაიხუროს, როგორც აჭარაში, ისე მთელს საქართველოში არსებული ყველა ის სასწავლებელი, რომლებიც შესაძლოა ფეთჰულა გულენის სახელს უკავშირდებოდეს. ნინო ბურჯანაძე საქართველოს ხელისუფლებისგან ასევე მოითხოვს შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც ამ სასწავლებლებთან დაკავშირებულ საკითხს გამოიძიებს და ვიდრე საბოლოოდ არ გაირკვევა მათ მიმართ არსებული პრეტენზიები, სასწავლებლებს ლიცენზია შეუჩერდეს.

“ბუნებრივია ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს ახალგაზრდები, მათი უფლებებისა და ინტერესების შელახვის გარეშე, გადანაწილდნენ სხვა სასწავლებლებში ისე, რომ მათი სასწავლო პროცესის განხორციელებას ხელი არ შეეშალოს”, – მიაჩნია ნინო ბურჯანაძეს.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი დასძენს, რომ ბრალდებები, რომელიც ამ სასწავლებლებთან დაკავშირებით ისმის, ძალიან სერიოზულია და ისინი უპირველეს ყოვლისა უშიშროების სამინისტრომ, განათლების სამინისტროსთან ერთობლივად უნდა შეისწავლოს.

“საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება რეგიონში და მთელს მსოფლიოში. თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ასეც რომ არ იყოს, მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობების გაფუჭება, ნამდვილად არ შედის საქართველოს ინტერესებში”, – აცხადებს ბურჯანაძე.

მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებას არ ეყოფა გამბედაობა ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, მაშინ როდესაც, აზერბაიჯანში, ამ მოტივით საკმაოდ პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი დახურეს.

აზერბაიჯანში, ერთ-ერთი საპარლამენტო არჩევნების წინ შემთხვევით გასაჯაროვდა წერილი, რომლის ადრესატიც ფეთჰულა გიულენი იყო. წერილში გიულენს აზერბაიჯანელი მომხრეები ატყობინებდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მათ თანამოაზრეებს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის დიდი შანსი ჰქონდათ. წერილის ავტორი წერდა, რომ ამით გიულენს აზერბაიჯანის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება გაუადვილდებოდა. იმ პერიოდში რეჯებ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში ჩავიდა, პირადად შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და იმ პირთა სია გადასცა, რომლებიც გიულენს აზერბაიჯანში დასახული გეგმების განხორციელებაში ხელს უწყობდნენ. ამას აზერბაიჯანში გიულენის მიერ გახსნილი აბსოლუტურად ყველა სასწავლებლის დახურვა მოჰყვა.

ანალოგიური სია ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტსაც გადასცა.

საქართველოში პირველივე დარტყმის ობიექტად დემირელის სახელობის სასწვალებლები იქცა. დემირელის სახელობის კოლეჯმა, თავისი პარტნიორი სკოლების სახელით მაშინვე გაავრცელა განცხადება და გიულენის პოლიტიკურ აქტივობასთან ყოველგვარი კავშირი უარყო. განცხადებაში ნათქვამია, რომ სკოლების ფეთჰულა გიულენთან კავშირისა და ტერორისტების აღზრდის ბრალდებებზე სამართლებრივ რეაგირებას აპირებენ. გარდა ამისა, დემირელის სახელობის კოლეჯის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათთან სწავლება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს და არანაირი კავშირი აღნიშნულ ბრალდებებთან არ აქვთ.

აშშ-ში გიულენის მიერ სასწავლებლების გახსნას ხელისუფლება დადებითად შეხვდა. მას განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხები ერიცხებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სასწავლებლებიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ გიულენის სკოლებში განათლებული რელიგიური ექსტრემისტებისგან შესაძლოა ამერიკას დიდი საფრთხე შეჰქმნოდა, მისი დაფუძნებული სკოლების საქმიანობით “ეფ-ბი-აი” დაინტერესდა, სასწავლებლები დახურეს, რამდენიმე პედაგოგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

საქართველოში ერთ-ერთი პრესტიჟული, “შავი ზღვის” უნივერსიტეტის უკან სწორედ გიულენი დგას. მას ახლო კავშირი აქვს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედასთან და “საქართველოს უნივერსიტეტის” რექტორ გიული ალასანიასთან. ის უძღვებოდა ფეთჰულა გიულენის ინიციატივით საქართველოში ყოველთვიურად გამართულ კონფერენციებს.

ვინ არის ფეთჰულა გიულენი?

მისი პიროვნებითა და საქმიანობით არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარე რომან კვიციანი დაინტერესდა და საქართველოში მისი საქმიანობის, რამდენიმე სკანდალური დეტალი გაარკვია. მისი ინფორმაციით, გიულენის დაჯგუფება იატაკქვეშა ორგანიზაციაა, რომელიც მემარცხენე იდეოლოგიას მისდევს. ჯგუფის წევრები გიულენთან ქულების დაწერის მიზნით, ერთმანეთზე კომპრომატებს აგროვებენ და საჭირო ვითარებაში შანტაჟს მიმართავენ.

სასწავლო დაწესებულებებს გიულენი თავდაპირველად, მხოლოდ თურქეთის მასშტაბით ხსნიდა. რელიგიურ იდეოლოგიას ამოფარებულმა გიულენმა შეაღწია თურქეთის პროკურატურაში, შექმნა კერძო სასამართლოები. თურქეთის ხელისუფლებამ, რომელიც გიულენს საფრთხის შემცველ ფიგურად ვერ აღიქვამდა, შეიტყო, რომ მის მიერ თურქეთში გახსნილ სასწავლებლებში რელიგიურ ექსტრემისტებს ამზადებდნენ და არასწორ იდეოლოგიას ავრცელებდნენ.

2002-2003 წლებში თურქეთის ხელისუფლებამ გიულენი ტერორიზმში ბრალდებულად სცნო და მასზე ძებნა გამოაცხადა. გიულენმა აშშ-ში გაქცევა მოახერხა. შტატებში მან სასწავლებლები დააარსა. მისი დაფინანსებით საგანმანათლებლო დაწესებულებები ეტაპობრივად კიდევ 48 ქვეყანაში დაფუძნდა.

“სასწავლებლებში დასაქმებულები არიან მისი იდეოლოგიის მქონე პედაგოგები, ძირითადად, ისინი, ვინც მისივე გახსნილი უნივერსიტეტები დაამთავრა. ასეთ პედაგოგებს ვალდებულება აქვთ, შემოსავლების 5-დან 20 პროცენტამდე გიულენს ფარული გზით გაუყონ. ყველა სასწავლებლის მმართველი საბჭო მან დააკომპლექტა. რა თქმა უნდა, ადგილობრივი პერსონალიც დაასაქმა. ისინი შეიძლება ისლამს არ მისდევენ, თუმცა სრულად ემორჩილებიან მმართველი საბჭოს მოთხოვნებს. გიულენი საკუთარ თავს მწერალს, პოეტს, პუბლიცისტს უწოდებს. მისი ავტორობით გამოსული ლიტერატურა მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და მის მიერ დაარსებულ სასწავლებლებში უფასოდ რიგდება”, – აცხადებს რომან კვიციანი.

როდის გაჩნდა საქართველოში გიულენის სკოლები?

1994 წელს საქართველო-თურქეთს შორის, კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა. სწორედ იმ ხანებში გახსნა გიულენმა “დემირელის” სასწავლებელი. იმავე პერიოდში დაარსდა სოხუმში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სასწავლებლები. ყველა თურქული უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, მას ექვემდებარება. გიულენის მიერ დაფინანსებული სასწავლებლები საქართველოში განსაკუთრებით “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მომრავლდა.

მართალია, გიულენის მიერ საქართველოში დაარსებულ სასწავლებლებში ისლამს არ ასწავლიან, მაგრამ რომან კვიციანის თქმით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ დაწყებითი კლასებიდან ნიჭიერ ბავშვებს შთააგონონ გიულენის მიმდევრების იდეოლოგია. ასეთ ბავშვებს გიულენი სწავლების ბოლო საფეხურამდე აფინანსებს და შემდგომ სხვადასხვა ქვეყანაში, მის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტებში პედაგოგებად გზავნის.

როგორც კვიციანი აცხადებს, საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, მრავლად არიან გიულენის იდეოლოგიის მიმდევრები. მან კერძო გამოძიებით დააგინა, რომ გიულენი “ქართველ მეწარმეთა ასოციაციის” უკანაც დგას. ასოციაციაში, მხოლოდ ორი წევრია ქართველი, ისიც ფორმალურად, რათა გიულენის ბიზნესინტერესების გამტარებლებში ეჭვები არ დაბადონ და თავისუფლად ჩაიხედონ ქართული ეკონომიკის შიდა სამზარეულოში.

“თურქეთში, და არა მხოლოდ იქ, ვარაუდობდნენ და კვლავ არსებობს ეჭვები იმის თაობაზე, რომ გიულენსა და მის დაჯგუფებას არაერთ გახმაურებულ მკვლელობასთან და ტერაქტის ორგანიზებასთან აქვს კავშირი. მათ შორის, სტამბოლში ერთ-ერთი სომხური ჟურნალის რედაქტორის მკვლელობა. იმავე წელს ტრაბზონში კათოლიკე მღვდლის სიკვდილი, რომლის კვალიც გიულენის სახელთან მიდის. გიულენს უკავშირებენ წელს სირია-თურქეთის საზღვარზე მომხდარ ინციდენტს, როცა თურქეთმა სირიაში ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა, თუმცა, საზღვარზე შემოწმებისას ტრაილერებში ტვირთის ნაცვლად შეიარაღება აღმოჩნდა. სწორედ გიულენის გარემოცვამ შეგნებულად გაახმაურა ეს ფაქტი, რათა საერთაშორისო საზოგადოების თვალში თურქეთის ხელისუფლება დაკნინებულიყო და ქვეყნისთვის ტერორისტების ხელშეწყობა დაებრალებინათ,”- აცხადებს კვიციანი.

მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაინტერსდეს და სათანადო რეაგირება მოახდინოს ფეთჰულაჰ გიულენის იმ საქმიანობაზე, რომელსაც ის საქართველოში საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში ეწევა. ამ მიზნით აპირებს, უახლოეს ხანებში შესაბამის სტრუქტურებს წერილობით მიმართოს.

საქართველოში არსებულ თურქულ სკოლებში რადიკალური ისლამის შესაძლო სწავლებას, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი მას არ სმენია, თუმცა, თუკი ასეთი რამ, რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხდება, ეს ყურადსაღებია.

“სკოლები, რომლებიც ფუნქციონირებს საქართველოში, უნდა შეესაბამებოდნენ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, ეს იქნება განათლების შესახებ კანონი, თუ სხვა რეგულაციები, რომლის საფუძველზე ესა თუ ის საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს. თუ სადმე, რაიმე გადაცდომაა ადეკვატური რეაგირება უნდა იყოს”, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემისქანმა, 16 ივლისს, თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე კომენტარისას ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის შესახებაც ისაუბრა და ღიად განაცხადა, რომ ამ სკოლაში ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. მან მოუწოდა აჭარის მოსახლეობას და მთლიანად ქართველ ხალხს, არ გაუშვან შვილები ამ სკოლაში, რადგან იქ ტერორისტულ მიზნებს ემსახურებიან.

“უახლოეს პერიოდში მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ამ ორგანიზაციების სკოლები დაიხუროს”, – განაცხადა კონსულმა, რომლის კომენტარის ქართული თარგმანი TV 25 -მა გაავრცელა.

თურქეთის გენერალური კონსულის განცხადებაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩს მოსთხოვა განმარტება. ელჩმა კი განმარტა, რომ ტელეკომპანიამ კონსულის სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა.

ქართული მედიის დადანაშაულების გარდა, რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით უცნობია. “შავი ზღვის უნივერსიტეტში” დასაქმებული პედაგოგები თავგამოდებით აცხადებენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ სკოლებში, ყველგან ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა და რომ თურქი და აზერბაიჯანელი ბავშვები, ქართველ მოზარდებთან ერთად სწავლობდნენ ქართულს, უნივერსიტეტშიც ყველა უცხოელს ასწავლიან ქართულს. თუმცა, ქართული ენის სწავლების გარდა, არაფერს ამბობენ იმ ძირითად პრობლემაზე, რასაც მოზარდების იდეოლოგიური აღზრდა ჰქვია. პრობლემა რეალურია და საზოგადოებას სერიოზულად დაფიქრება მართებს. როგორც ჩანს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ თავს არიდებს სკოლების დახურვით განაწყენებული ადამიანების უკმაყოფილოთა რიცხვის გაზრდა.

მასალაში გამოყენებულია სააგენტო “KVIRA.GE”-ს ინფორმაცია.

გიორგი ქართველი