საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის პროექტის “ვისწავლოთ ქართული” მეორე ეტაპი ხორციელდება, რომელიც მოიცავს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების 47 სოფელს. პროექტის ფარგლებში ქართულ ენას ამ რეგიონებიდან სულ 56 სოფლის მოსახლეობა სწავლობს. პროექტს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებს.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში, ქოსალარსა და სამშვილდეში იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მან პროექტის “ვისწავლოთ ქართული” ფარგლებში ახალი სასწავლო ცენტრები მოინახულა და მსმენელებს სახელმძღვანელოები გადასცა. სოფიო შამადინის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ექმნებათ, არის მათი ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში. ამისთვის აუცილებლად უნდა იცოდნენ ქართული ენა.

“საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ჩვენ შევქმენით ის სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და ისწავლოს ქართული ენა”, – განაცხადა სოფიო შამანიდმა.