ფოთის რკინიგზის სადგურში ერთმანეთს სამგზავრო მატარებელი “თბილისი-ფოთი” და თბომავალი შეეჯახა, რის შედეგადა ხუთი ადამიანი დაშავდა. ერთს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, დანარჩენი ოთხი კი, საშუალო სიმძიმის დაზიანებებით ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, ფოთის სადგურში გაჩერებული ელექტრო სექცია კერძო ოპერატორის კუთვნილმა თბომავალმა დააზიანა. კერძო კომპანიის წარმომადგენლებმა მოძრაობის წესები დაარღვიეს, რასაც მატარებლების შეჯახება მოჰყვა. შედეგად მცირედით დაზიანდა მოძრავი შემადგენლობა.

“საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ მომხდარი ფაქტის შესწავლას”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო, ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთველობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.