საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მოსახლეობაში სწორი მოლოდინები უნდა ჩამოყალიბდეს და ადამიანებს, რომელთა გადაწყვეტილებაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ იმაზე, თუ რა ხდება ქვეყნის ეკონომიკაში.

“სამწუხაროდ, არასწორი მოლოდინები ჩამოყალიბდა. ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ამოცანაა აბსოლუტურად სწორი მოლოდინები ჩამოაყალიბოს და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობასა და ბიზნესწრეებს”, –  განაცხადა ნოდარ ხადურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც  ბიუჯეტის შესრულების ტენდენციებზე, გაცვლით კურსზე მოქმედ მიკროეკონომიკურ ფაქტორებსა და  მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემებზე ისაუბრა.

მინისტრის შეფასებით,  მიმდინარე წლის ბიუჯეტი განსაკუთრებით თანაბარი ხარჯვის ტენდენციით გამოირჩევა. “2009 წლიდან 2015 წლის ჩათვლით შემოსულობები, გადასახდელები და დეფიციტი ერთმანეთს შედარდა, რომლის მიხედვითაც, 2009 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 9%-ზე მაღალი იყო. წელს კი, 3%-იანი საბიუჯეტო დეფიციტი დაფიქსირდა”, – განაცხადა ხადურმა და დასძინა, რომ  შემოსულობები წელს მთლიანად 10 665 000 000 ლარი, ხოლო გადასახდელები 10 160 000 000 ლარი იქნება.
ხადურის ინფორმაციით,  2014 წლის შვიდ თვეში შემოსულობები 5 169 000 000 ლარი იყო, ხოლო წელს – 6 167 000 000 ლარი. რაც შეეხება გადასახადებს, მისი თქმით, გასულ წელს 5 126 000 000 ლარი იყო, ხოლო წელს 600 000 000 ლარით მეტია დახარჯული.

“ყველა წლის განმავლობაში ჩვენ პირველი ნახევარი ყოველთვის პროფიციტული გვქონდა, ხოლო წლის მეორე ნახევარზე საბიუჯეტო დეფიციტის დატვირთვა მოდიოდა. წელს უკვე პირველ ნახევარშივე გვაქვს საბიუჯეტო დეფიციტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წლევანდელი ბიუჯეტი განსაკუთრებით თანაბარი ხარჯვით გამოირჩევა”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, წლის მეორე ნახევარში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არანაირი მაკროეკონომიკური დატვირთვა, მათ შორის, გაცვლით კურსზე არ იქნება, რადგანაც ბიუჯეტი თანაბრად იხარჯება.

“ჩვენ არ ვაპირებთ წლის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით, მეოთხე კვარტალში დიდი რაოდენობის თანხა დავხარჯოთ. წლის ბოლო ოთხ თვეში, მიმოქცევიდან თანხებს ამოვიღებთ და მათ მომავალი წლისთვის გადავიტანთ”, – განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტს გაცვლით კურსზე გავლენა არ ექნება და ამჟამადაც ბიუჯეტს ლარის გაცვლით კურსთან მიმართებაში მხოლოდ შემაკავებელი, დადებითი როლი ჰქონდა.