მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნოს და ოპოზიციურ პარტიებს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს. ხელისუფლება ცდილობს პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისში ჩააბას. “ოცნებამ” ოპოზიციური პარტიებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით მოლაპარაკებების უკვე მესამე რაუნდი გამართა.

“ჩვენ გვსურს, მომავალში, საქართველოში პოლიტიკური სისტემა იყოს უფრო დემოკრატიული, დაბალანსებული და მშვიდი; შემცირდეს პოლარიზაცია და მეტი სივრცე იყოს თანამშრომლობისა და საქმიანი დისკუსიისთვის”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და ოპოზიციისთვის შესათავაზებელი მთელი რიგი ცვლილებები წარმოადგინა, რომლის ამოქმედებასაც საპარლამენტო ოპოზიციის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოსა” და “პატრიოტთა ალიანსის” მხარდაჭერა დასჭირდება.

ცვლილება 1 – 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით.

ცვლილება 2 – შეიცვალოს პარტიების დაფინანსების სისტემა, ის უფრო სამართლიანი გახდეს, ანუ პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში დაფინანსებას არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად მიიღებს. მცირე პარტიები შედარებით მეტ დაფინანსებას მიიღებენ.

ცვლილება 3 – პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, 30% -იან დანამატს მიიღებს, რაც საერთო დაფინანსებაში სერიოზულ ბონუსს წარმოადგენს.

ცვლილება 4 – უფასო საეთერო დრო თანაბრად განაწილდეს. დაუშვებელია ერთი პარტიის მიერ საეთერო დროს სხვა პარტიისთვის გადაცემა. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.

მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებული ცვლილებები ცესკო – საც შეეხო. კერძოდ, ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ. ამრიგად, ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილები კომისიებში, ვიდრე მმართველ პარტიას. როგორც თალაკვაძე განმარტავს, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების კონტროლი იქნება ეფექტიანი და ნაკლებ ბიუროკრატიული.

არჩილ თალაკვაძე

პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5 000 მხარდამჭერის ხელმოწერით. ასევე, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება თავად შეარჩიოს ხმის მისაცემად ადაპტირებული უბანი, არა უგვიანეს არჩევნებამდე 6 დღისა. თითო ოლქში მინიმუმ 2 ასეთი უბანი უნდა იყოს. და ბოლოს, ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად ცნობილი, თუ მონიშნული არ იქნება არც ერთი ან ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი. მისივე თქმით, აღნიშნულ რეფორმაში გათვალისწინებულია ეუთო-ს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციები.

“2017-18 წლებში, “ქართულმა ოცნებამ” მასშტაბური საკონსტიტუციო ცვლილება განახორციელა, რომლის შედეგად დაინერგა ევროპული სტილის საპარლამენტო მმართველობის სისტემა, ასევე, მივიღეთ 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების გადაწყვეტილება. ჩვენ როგორც დემოკრატიული და პასუხისმგებლობის მქონე ჯგუფი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და ახალგაზრდების მოთხოვნის კვალდაკვალ შემხვედრ ნაბიჯებზე წავედით. ერთი თვის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არჩევნები ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს, ამით უარი ვთქვით უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები გვანიჭებდა”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დადებითად აფასებს პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა. მისი თქმით, შეხვედრაზე კონსტრუქციული ატმოსფერო იყო. ასევე, იყო ოპონირების ის ფორმა, რაც ქართულ პოლიტიკას, ბოლო 10-15 წელია არ ახსოვს. გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები. კუკავა იმედოვნებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი სხვა თემებზეც გაგრძელდება.

კახა კუკავა

“შეთანხმება იქნა მიღწეული სარეკლამო დროის განაწილებაზე, თუმცა სადაო დარჩა საარჩევო ფორმირების წესი.უცვლელი რჩება არსებული წესი, რაც ხელისუფლებას დიდ უპირატესობას აძლევს, თუმცა პოზიტიური შეთავაზებებია, რაც ამოქმედდება 2020 წლის არჩევნების შემდეგ. „თავისუფალი საქართველოს“ წინადადება იყო, რასაც არც ერთი პარტია არ დაეთანხმა, რაც გულისხმობს ფულის ხარჯვაზე ზედა ზღვარის დაწესებას. როგორ ჩანს, სხვა პარტიებს ფულის პრობლემა გადაწყვეტილი აქვთ და მხარდაჭერა ვერ მივიღეთ. ამას 2020 წლის პარლამენტში დავუბრუნდებით”, – განაცხადა კახა კუკავამ.

“ევროპული საქართველოს” წევრს, დეპუტატ ოთარ კახიძეს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროექტში ე.წ. სიძულვილის ენის პრობლემა აწუხებს. მისი თქმით, ცვლილებების პროექტში სიძულვილის ენის დეფინიცია არ არის მოცემული, რაც პოლიტიკური რეკლამის შინაარსის გასაკონტროლებლად კეთდება. დეპუტატის აზრით, როცა ჩანაწერს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სასამართლო გაავრცელებენ, შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლება სერიოზულად შეიზღუდოს და ხელისუფლებამ კრიტიკული აზრის ჩახშობა სცადოს. აღსანიშნავია, რომ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ საზოგადოება დაიღალა წინასაარჩევნო პერიოდში პოლარიზებული გარემოსგან, სადაც არა პოლიტიკური ხედვა და იდეოლოგია, არამედ სიძულვილის, ქსენოფობიური ენითა და ღირსების შემლახველი სიტყვებით საუბარი ჭარბობს. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი განმარტავს, ხელისუფლების მიზანია ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დავიცვას, მაგრამ ასევე უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების ინტერესები.

ის ოპოზიციას ურჩევს სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ევროპული კონვენციის მიდგომას გაეცნონ.

“ევროკონვენცია არ ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს სიძულვილის ენით საუბარს. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ძალიან ბევრი სიტყვა იყო გამოყენებული, რომ ღირსების შემლახველი შეფასებებით მომხდარიყო კანდიდატის დისკრედიტაცია. კონკურენცია ერთმანეთის მიმართ სიძულვილსა და ღირსების შემლახველ შეფასებებს არ ნიშნავს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პეტრე მამრაძე

ანალიტიკოსი და მეცნიერი, პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ლიდერები ზოგადი ფრაზებით საუბრობენ და მათი პრეტენზიები არგუმენტს მოკლებულია. მისივე აზრით, ასეთი პოლიტიკური ძალა, ყველა ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში ჩაფლავდებოდა, როგორც არასერიოზული და არაკომპეტენტური ოპოზიცია.

როგორც Dalma News-ს პეტრე მამრაძემ განუცხადა, ექსპრეზიდენტი ​სააკაშვილი, რომელიც თავისი დაჯგუფების ძირითად დამფინანსებლად რჩება, პოლიტიკური პროცესების სწორედ ქუჩაში გატანას ითხოვს. მას 2003 წელს ეს გამოუვიდა და მას შემდეგ, როლიდან ვერ გამოდის, სხვაგვარად ვერ წარმოუდგენია.

“გვახსოვს მისი სიტყვები, – “უნდა განხორციელდეს შტურმი!” უნდა დაიღუპოს ჟურნალისტი, სასურველია ქალი და ისიც ორსული!”. სააკაშვილის სტიქიაა ქუჩა და შემდეგ ქუჩიდან შეჭრა პარლამენტში. მეორე მიზეზი არის ის, რომ ოპოზიციას არ აქვს შესაბამისი არგუმენტაცია, რომ იმსჯელონ საარჩევნო კანონზე”, – აცხადებს მამრაძე.

ერთი მხრივ არის რეპუტაცია შელახული “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ქუჩის პროტესტისთვის საკმარისი რაოდენობის ხალხს ვერ კრებს, ხოლო მეორე მხრივ – რეიტინგშელახული “ქართული ოცნება”, რომელიც ცდილობს დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი მიიზიდოს და ისინი ფინანსურად დააინტერესოს.

Dalma News-ის კითხვაზე, კიდევ ვის ინტერესებში შედის ქუჩის აქციები, პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტია, კლასიკური გაგებით არა თუ ჯერ არ შექმნილა, კონტურებიც კი არ არის. სახეზეა პატარ-პატარა დაჯგუფებები, რომელთა მიზანია, როგორმე, თავიანთი ცნობადობით და პოლიტიკური პარტიის იმიჯით მეტი ფული მოიხვეჭონ. შევიდნენ პარლამენტში, დაიკავონ ადგილები და მერე სწრაფად გამდიდრდნენ – აიშენონ 2-3 სართულიანი სახლები, თავისი აუზებით.

“მმართველი პარტია ძალაუფლების შენარჩუნებას ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსების სწორი გამოყენებით ცდილობს. 2016 წლის არჩევნებში, “ოცნებამ” 73 მაჟორიტარული ოლქიდან 73-ვე აიღო, მათ შორის 2 მხარდაჭერილი კანდიდატები – სალომე ზურაბიშვილი და სიმონ ნოზაძე არიან. 2012 წლის შემდეგ, ყველა არჩევნებზე “ოცნება” იღებს 10-ჯერ მეტ დაფინანსებას, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი პარტია ერთად აღებული”, – აცხადებს პეტრე მამრაძე.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლით ბიზნესელიტებმა ამოისუნთქეს. მათ კარგად იციან, რომ ხელისუფლების შეცვლით მათი მდგომარეობა კი არ გაუმჯობესდება, არამედ გაუარესდება. ბიძინა ივანიშვილის ლიდერობის პირობებში კი, მათთვის არაფერი წაურთმევიათ.

მეცნიერის აზრით, სწორედ ეს ელიტა არ დაუშვებს, რომ 2020 წლის არჩევნებში, “ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგოს. “თიბისი ბანკის” პრეზიდენტის, მამუკა ხაზარაძის გარდა, ჯერჯერობით არ გამოკვეთილა მსხვილი ბიზნესმენების მხრიდან, ხელისუფლების შეცვლის ღია ან ფარული მცდელობა.

“2003 წელს, სააკაშვილზე ფსონი სწორედ კონტრელიტებმა დადეს. თუ მასებს მოთმინების ფიალა ევსებათ და პროტესტის გარკვეულ კონდიციამდე მიდიან, მაშინ ბიზნესელიტა ფსონს აკეთებს რომელიღაც ლიდერზე და ხელისუფლება იცვლება. როგორც ეს იყო “ვარდების რევოლუციის” დროს და 2012 წელს. თუ მოსახლეობა მხარს არ გიჭერს, რამდენიც გინდა ფსონი გააკეთო, ვერ გაიმარჯვებ”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას პეტრე მამრაძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით იგი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რადიკალურ ცვლილებას არ ელის, თუ ხელისუფლებამ, პანკისის მოვლენებისა და ე.წ გავრილოვის ღამის მსგავსი, მორიგი შეცდომა არ დაუშვა. მაშინ კი, პოლიტიკური პროცესები, კვლავ გაუთვალისწინებელი მიმართულებით წარიმართება.

შორენა პაპაშვილი