საქართველოში არჩევნების დღე სულ უფრო ახლოვდება. მასში მონაწილე პოლიტიკური პარტიები გადამწყვეტი ფინალური ბრძოლისთვის ემზადებიან. პარტიები და ბლოკები იშლებიან, ერთიანდებიან, ჯგუფდებიან და გადაჯგუფდებიან; არენაზე ახალი პირები გამოჰყავთ და ახალ ლოზუნგებს ამკვიდრებენ. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ლოზუნგები არც ისე ახალია და ახალი პირების უკანაც ძველი შემადგენლობები მოჩანს.

ოთხი წლის წინათ საქართველომ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელად წოდებული ცხრაწლიანი კოშმარის შეჩერება შეძლო. მნიშვნელოვანი სწორედაც რომ ის არის, რომ მოხდა მისი შეჩერება და არა – მოსპობა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არსად წასულა, მან თავისი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის ერთი წლით გახანგრძლივება შეძლო; მოძრაობა ერთადერთი ოპოზიციური ძალაა პარლამენტში; საპარლამენტო არჩევნებზე ლეგიტიმურად აპირებს კენჭისყრას და ამომრჩეველს ოქროს კოშკებს ჰპირდება.

გასული ოთხი წლის განმავლობაში, ამ პოლიტიკურ ძალას პასუხი არ უგია ჩადენილი დანაშაულებისთვის (თუნდაც საკმაოდ მაღალი თანამდებობის, რამდენიმე ადამიანის დაპატიმრება საერთო სურათს არ ცვლის).

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დღევანდელი მონაცემებით 3%-იანი რეიტინგი აქვს. მნიშვნელობა არ აქვს ბევრია ეს თუ ცოტა. არჩევნებში გასამარჯვებლად ეს მიზერული ციფრია, მაგრამ პირველ პლანზე მორალური ასპექტი ისახება”, – ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის სიტყვებიდან, რომლებიც მან გურიაში რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, ადვილი ამოსაცნობია სამწუხარო რეალობა.

«ქართული ოცნება, კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მმართველობის ყველა იმ სტანდარტს ინარჩუნებს, რომლებიც მე და ჩემმა გუნდმა წასვლის წინ დავტოვეთ: საუბარია ქვეყანასა და ხალხზე ყოველდღიურ ზრუნვაზე. სწორედ ასეთი ადამიანია კვირიკაშვილი. სწორედ ეს არის იმის საფუძველი, რომ თავიდან ავიცილოთ “აისბერგთან” შეჯახება, განვავითაროთ ეკონომიკა, შევიდეთ ევროპაში და გავხდეთ ნატო-ს წევრები. ამისთვის საჭიროა მართალი ხელისუფლება და ეს ის არის, რასაც მე ვაღიარებ და მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ “ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ ჰყავს. საჭირო არ არის მერყეობა, სირცხვილია, რომ 250 000 – 300 000 ადამიანი ისევ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ელის. მათ ისევ ძალადობა სურთ? ისევ ცოცხებს ელიან? ეს რა არის? რა ხდება?», – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ცხადია, გამოცდილი ბიზნესმენი და გამოცდილი პოლიტიკოსი კარგად აცნობიერებს, რომ ერთ ვექტორული პროდასავლური პოლიტიკის მესაჭეობა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”, მის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულზე პასუხის მოთხოვნა, ძალზედ რთულია, რადგანაც სწორედ დასავლეთმა ჩამოაყალიბა ბევრ ქვეყანაში საბრძოლო ძალები “ფერადი რევოლუციების” გასამარჯვებლად. ის ძალა, რომელიც აცხადებს, რომ განსაკუთრებულია და ყალბი ლოზუნგებით ცდილობს მსოფლიოში თავისუფლების და დემოკრატიის დომინირებას, თავის მარიონეტებს ბოლომდე ვერ გაწირავს, რადგან მათ ადგილზე მოსვლას და ერთჯერად ქაღალდის ხელსახოცებად ყოფნას აღარავინ ისურვებს.

ამასთან დაკავშირებით, გასაგებია საქართველომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავეობრივი მმართველობის გასამართლების ნაცვლად, რატომ მიიღო კოჰაბიტაციის პროცესი (ძველი და ახალი ხელისუფლების თანამმართველობა საქართველოში 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წელი – Dalma News). თუმცა, ხალხის სურვილი ყოველთვის არ ემთხვევა პოლიტიკოსების ნება-სურვილს და შესაძლებლობებს.

საქართველოში კარგად ცნობილმა რეჟისორმა გიორგი ხაინდრავამ მრავალსერიანი სატელევიზიო ფილმი “Heroკრატია” გადაიღო, რომელიც მხატვრული ფორმით გადმოსცემს იმას, თუ რა ხდებოდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის ცხრაწლიან პერიოდში.

როგორც ამხანაგი ლენინი იტყოდა:

ყველა ხელოვნებას შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კინოა!

2012 წლის არჩევნებამდე გავრცელებულმა სასტიკი წამების და გაუპატიურების კადრებმა, რომლებიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის № 8 დაწესებულებაში, ე.წ. გლდანის ციხეშია გადაღებული, მთელი საქართველო შეძრა. ამას შედეგად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მარცხი მოჰყვა.

ახლა, როგორც სჩანს, ახალი გამანადგურებელი დარტყმის მიყენების დრო დადგა. ეს 24 სერიანი ფილმი აახლებს ძველ ჭრილობებს, რომელთა უმრავლესობა არც კი შეხორცებულა. სამწუხაროდ ცოტას თუ მიაღწიეს იმ ადამიანებმა, რომლებიც “ნაციონალური” ხელისუფლების დროს უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს და წლების განმავლობაში არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ; სამწუხაროდ, ცოტას თუ მიაღწიეს ბიზნესმენებმა, რომლებსაც ბიზნესი წაართვეს და სახელმწიფო დონეზე ყველაფერი ჩამოართვეს.

პოლიტიკური სერიალის პირველი სერიის ჩვენება 6 სექტემბერს, ტელეარხ “იმედზე” შედგა. “Heroკრატიის” პირველი ეპიზოდი ქართველი ჟურნალისტის და მწერალ ალექსანდრე ახალკაცის საქმეს მიეძღვნა. 2007 წელს იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. საქართველოს საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს ალექსანდრე ღიად გამოხატავდა, უპირისპირდებოდა უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომლის უკანაც, მისივე თქმით, სააკაშვილის და მისი პარტიის მომხრეები იდგნენ. 2007 წელს ახალკაცს ძარცვის ბრალდებით 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 2015 წელს მან გამოსცა ავტობიოგრაფიული რომანი სახელწოდებით “გამოცდა ხელბორკილებით”. წიგნის დაწერის იდეა კი, პატიმრობისას გაჩნდა.

შესაძლოა, ბევრისთვის რთულიც იყოს ამ ფილმის ყურება, ძნელია უკვე განცდილი საშინელების ხელახლა განცდა. აი, რა თქვა თავად ფილმის რეჟისორმა:

ეს არის, დამნაშავე რეჟიმის ისტორია. ჩვენ გიჩვენებთ “სამზარეულოს” – როგორ იქცნენ კაციჭამიებად დემოკრატიის, თავისუფლების და ჰუმანიზმის ლოზუნგით ხელისუფლებაში მოსული ადამიანები. მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავდა.

ხაინდრავას, თავის ფილმში წინა პლანზე აქვს წამოწეული ქართული საზოგადოების პასუხისმგებლობა, რომელიც წლების განმავლობაში სდუმდა და ურიგდებოდა იმას, რაც მის გარშემო ხდებოდა.

«ჩვენ მომავალი აღარ გვაქვს, თუ ვერ გავაცნობიერებთ იმას, რაც ხდებოდა, რასაც ის ადამიანები სჩადიოდნენ. ის არასდროს უნდა განმეორდეს», – განაცხადა ხაინდრავამ.

რეჟისორის თქმით, 1800 დაზარალებული ადამიანისგან აღებული ინტერვიუს შედეგად მიღებული ყველა მასალა ვერ მოხვდა ფილმში. არის რაღაც, რისი ჩვენებაც ტელეეკრანით არ შეიძლება. ხაინდრავას მიაჩნია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დიქტატურის წლებში, მარტო რიგით მოქალაქეებს არ ხოცავდნენ. ამგვარად, საეჭვო ვითარებაშია დაღუპული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციაში მყოფი პროფესორი შარაძე, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელი ზურაბ ირემაძე, რომელიც საქართველოს გავლით ნარკოტიკების კონტრაბანდას ებრძოდა.

ფილმში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებაც არის მოთხრობილი. თავის დროზე ამ ომის შესახებ ფილმის გადასაღებად სააკაშვილმა ათობით მილიონი დოლარი დახარჯა. ფილმში საკმაოდ მაღალი ჰონორარის სანაცვლოდ, პრეზიდენტის როლი ჰოლივუდის მსახიობმა ენდი გარსიამ შეასრულა. თავის კარიერაში ყველაზე მაღალი ჰონორარის მიუხედავად, გარსიას ჰალსტუხის ჭამის სცენით ძალიან უყვარდა გადამღები ჯგუფის გართობა. თუმცა ეს კადრები ფილმში არ მოხვედრილა. სააკაშვილის ფილმის გაქირავება წარუმატებელი აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილი კი, რომელმაც ხაინდრავას ფილმი დააფინანსა, გაქირავებით მოგების მიღებაზე არ ფიქრობს.

«რაც შეეხება ფილმს, რა თქმა უნდა, ეს ჩემი იდეა იყო და ძალიან მინდოდა რომ ასეთი ფილმი გადაეღოთ. ფილმის გადაღებაზე საუბრები ჯერ კიდევ ორნახევარი – ორი წლის წინ დაიწყო. სათაური 9+1 მე მოვიფიქრე, მაგრამ ხაინდრავამ მას “Heroკრატია” უწოდა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადის ფილმი სწორედ ახლა, ორი მიზეზი აქვს. პირველ რიგში, 24 სერია – ეს მასშტაბური ფილმია და გადაღებებს დიდი დრო დასჭირდა. ის, რომ ფილმი სწორედ ახლა გადის, დამატებით შეკითხვებს აჩენს. ვფიქრობ, ეს ძალიანაც კარგია. წინასაარჩევნო პირობებში ეს მეხსიერებას გააღვიძებს, რათა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოკლე მეხსიერებით არ ვიცხოვროთ», – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

P.S. თავის დროზე მიხეილ რომმა დოკუმენტური ფილმი “ჩვეულებრივი ფაშიზმი” გადაიღო. ხაინდრავას ფილმი ამ დიდებული ქმნილების გამოძახილია. თავად რეჟისორი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაჰპირდა, რომ მისთვის ფილმი “Heroკრატია” ერთგვარ ნიუნბერგის პროცესად იქცევა.

ირაკლი ჩხეიძე სპეციალურად Dalma News-ისთვის.