2016 წელი საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნების წელია, შესაბამისად ხელისუფლებას, თუ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ სათანადოდ გაისარჯონ, რადგან ამა თუ იმ ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები მშვიდად ყოფნის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) წლის ბოლოს პოლიტიკოსები ახალი რეიტინგებით “გაახარა”, თან მიუთითეს, რომ კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და ქვეყნის  მასშტაბით 1881 ადამიანი გამოკითხეს. ინფორმაციისთვის იმასაც დავსძენთ, რომ NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

NDI-ის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ ჩატარდეს, გამოკითხული ამომრჩეველის 60%-ს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას, 35% კი ამისთვის მზად არის და საკუთარი ხმის ადრესატიც შერჩეული ჰყავთ.  ამ ადამიანების მესამედი (30%) ამბობს, რომ  მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მმართველი კოალიცია “ქართული ოცნებაა“, 25%-სთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თავისუფალი დემოკრატების მოსაზრებებს 12%-ი იზიარებს, ექვს-ექვს პროცენტს ინაწილებენ  ლეიბორისტული პარტია და გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, ხოლო საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თანამოაზრე, ვისაც მყარი გადაწყვეტილება აქვს მიღებული – 5 პროცეტია.

თავის არჩევანს არ ასაჯაროვებს, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს გამოკითხულთა 64%, ხოლო 36% აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში  სავარაუდოდ არ მიიღებდს მონაწილეობას. კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნებში რომელი პარტია გაიმარჯვებს? რესპონდენტთა 33% პასუხობს, – “ქართული ოცნება“, 9% – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

NDI-ის კვლევის ეს მცირე ნაწილია, პოლიტიკური რეიტინგების გარდა იგი მოიცავს საზოგადოებრივი აზრის კვლევას, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან და ქვეყნის საგარეო პროპროტეტებთან დაკავშრებითაც. NDI-ს გამოკითხვის ობიექტურობას მმართველ კოალიცია “ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები ტრადიციულად ეჭვქვეშ აყენებენ.  არაერთგვაროვანია შეფასებები ექსპერტების მხრიდანაც. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ გამოკითხვის ფარგლებში დასმული კითხვების ფორმულირება დამაბნეველია და, შესაბამისად, გამოკითხულთა მიერ გაცემული პასუხები ორაზროვან პოზიციას იძლევა.

სოსო ცინცაძე
სოსო ცინცაძე

NDI-ის გამოკითხვის ფარგლებში დასმული კითხვების ფორმულირებას იწუნებს ექსპერტი სოსო ცინცაძე და მიაჩნია, რომ მსგავსი კვლევების მიღმა კონკრეტული ძალები დგანან და კვლევის შედეგებიც მათი პირადი შეხედულებებით არის ნაკარნახევი. ამდენად ექსპერტი უნდობლობას უცხადებს  NDI-ის, თუ სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

“ასეთი სახის კვლევების ჩატარებას – საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას უმაღლესი დონის მომზადება, პროფესიონალიზმი სჭირდება. მეორე – ის ფაქტორი, რომ ეს კვლევები კონკრეტული მხარის დაკვეთით ტარდება, მე არ ვენდობი არც ამერიკელების, არც რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ ჩატარებულ კვლევებს. მსგავსი კვლევები უნდა ჩაატაროს დაუინტერესებელმა ორგანიზაციამ, რომელიც არ იფიქრებს, რომ შემკვეთი არ გაანაწყენოს და მისთვის სასურველი შედეგები დადოს. სამწუხაროდ, დღეს ასეთ ორგანიზაციას ასპარეზზე ვერ ვხედავ“, – განუცხადა Dalma News-ს სოსო ცინცაძემ.

ექსპერტის აზრით, ამ ციფრებით აშკარად იკვეთება, რომ კვლევის დამკვეთებს არ სურთ საქართველოში ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა დომინირებდეს და ცდილობენ ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში ძლიერ ოპოზიციურ ძალად წარმოაჩინონ.

ხათუნა ლაგაზიძე
ხათუნა ლაგაზიძე

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებას აბსურდად მიიჩნევს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე და აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობაში რეიტინგის გაუმჯობესებაში მათ, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეიტინგის კატასტროფული ვარდნაც ვერ დაეხმარებათ.

“2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ნაცმოძრაობის“ საარჩევნო გზით გამარჯვება, წარმოუდგენელია. რაც შეეება “ქართული ოცნების“ რეიტინგების ვარდნას, ეს სრულიად გასაგებია. გადაწყვეტილების მიღების ინსტიტუტია მოშლილი ქვეყანაში. ამ ყველაფერმა ვარდნა გამოიწვია.  გასაგებია რომ ხელისუფლების რეიტინგი არის კატასტროფულად დავარდნილი და ამას აქვს თავისი ახსნა, მაგრამ არანაირი ახნა არა აქვს, “ნაცმოძროაბის“ რეიტინგს. “ქართულ ოცნებას“ სულ რომ 1% ჰქონდეს, “ნაცმოძრაობის“ პირველ ადგილზე გასვლა მაინც წარმოუდგენელია,“ – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

მმართველ კოალიციაში დარბაისლური სიმშვიდით ხვდებიან NDI-ის ნებისმიერ ახალ კვლევებს და აცხადებენ, რომ ციფრებში გამოხატული პარტიული რეიტინგები არ ემთხვევა ხოლმე არჩევნების შედეგებს. დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი კი მიიჩნევს, რომ ჭკვიანური საარჩევნო კამპანიის შემთხვევაში პოლიტიკურ ძალას, საქართველოსნაირ ქვეყანაში 6 თვეში სერიოზული შედეგის დადება შეუძლია. დეპუტატ ეკა ბესელიას აზრით, კი კვლევაში საყურადღებო ტენდენციები იკვეთება იმით, რომ  გამოკითხულთა 60%-ზე მეტი თავის არჩევანს არ ამხელს. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს პირობითი, მაგრამ არა რეალური ციფრები.

ეკა ბესელია
ეკა ბესელია

“ეს ამ კვლევის ძალიან სუსტი მხარეა. შეუძლებელია ისაუბრო სანდოობაზე, როდესაც გამოკითხულთა უმრავლესობა თავის აზრს არ გეუბნება. უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია. ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ საბოლოოდ მიიღოს გადაწყვეტილება, შემდეგ საპარლამენტო მმართველობის პერიოდში ვის ანდობს თავის მომავალს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

ანი მიროტაძე
ანი მიროტაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე NDI-ის კვლევის დადებით მხარეზე საუბრობს და მიაჩნია, რომ სოციოლოგიური კვლევები პოლიტიკოსებს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის კარგად განსაზღვრაში ეხმარებათ. დეპუტატისთვის  მნიშვნელოვანია იმ 60 %-ის მხარდაჭერა მოიპოვოს, ვინც არჩევნებზე მიდის და ჯერ არ იცის, ვის მისცემს ხმას.

“ასეთი სოციოლოგიური კვლევის შედეგები არის კარგი სამუშაო მასალა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. ეს მეტ-ნაკლებად ასახავს მოსახლეობის განწყობას. ვინც სოციოლოგიური კვლევების კარგად კითხვა იცის, მას შეუძლია, კარგად ააწყოს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი. შედეგი ჩემთვის ყოველთვის არის არჩევნები, როდესაც ადამიანები აფიქსირებენ თავიანთ ნებას. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გამოკითხვის მიხედვით “ქართულ ოცნებას” 18% აქვს თუ 35%.  ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ის 60%, რომელიც მივა არჩევნებზე და ჯერ არ იცის, ვის დაუჭერს მხარს. ამომრჩევლის პოლიტიკური გემოვნება და ზოგადად მისი განათლება არჩევნებთან დაკავშირებით არის ბევრად მაღალი, ვიდრე წლების წინ იყო. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იცოდეს, რომ მოტყუებით და იაფფასიანი დაპირებებით ამომრჩევლების გულის მოგებას ვეღარ შეძლებენ. სწორად დაგეგმილი პოლიტიკური კამპანიისა და პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით, ეს 60% არის ის ამომრჩეველი, რომელიც გააკეთებს არჩევანს შენს სასარგებლოდ. მგონია, რომ ეს ძალიან კარგი გზავნილია”, – მიაჩნია მიროტაძეს.

ლორა თორნტონ
ლორა თორნტონ

NDI-ის წინა ანალოგიურ კვლევასთან შედარებით საერთო ჯამში სურათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. “წინა კვლევების მსგავსად, უახლესმა გამოკითხვამაც დაადასტურა, რომ დღეს პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობების დიდი არეალი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების მხარდაჭერამ იმატა, მაინც არცერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას“, – განაცხადა NDI საქართველოს დირექტორმა ლორა თორნტონმა.

არჩევნებში ხელისუფლების წარმატებას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს არსებული სოციალური პრობლემების სიმწვავე. NDI-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობაში კვლავ მწვავეა სამუშაო ადგილების (57%), სიღარიბის (29%), ტერიტორიული მთლიანობისა (29%) და პენსიების (28%) პრობლემა.

რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძის შეფასებით,  ქვეყანა წინა წლებთან შედარებით უფრო ღარიბია, რაც გამოკითხვამაც აჩვენა. „ ლარის დევალვაციის შედეგია უმუშევრობა. მრავალი ადმიანის მიერ სამუშაო ადგილების დაკარგვა, საშუალო და წვრილი ბიზნესის უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნა, მილიარდიანი ექსპორტის კლება და ასე შემდეგ“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

რამდენად დაეხმარება “ქართულ ოცნებას“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაში ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთ კვლევებს, ან სერიოზულად არ ეკიდებიან, ან იხტიბარს არ იტეხენ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი ხელისუფლებაში მოსვლის იმედს არ კარგავს. მათი დეპუტატების აზრით,  ქვეყანაში მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, მოქალაქეების ცხოვრება რთულდება, ქვეყანა მიდის გაღარიბებისაკენ და ამ ფონზე ქართულ ოცნებას არ აქვს არავითარი გეგმა.

“არის სრული თვითკმაყოფილება ხელისუფლების მხრიდან. ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანა გაჯანსაღდეს  არის ის, რომ “ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება”, – აცხადებენ “ნაციონალები“.

შორენა პაპაშვილი