სსრკ-ს დაშლიდან პირველივე წუთებში საქართველომ მხოლოდ დასავლეთის მიმართულებით სიარული დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა არ იყო, რითაც ძირითადად ქვეყანაში მიმდინარე რევოლუციური მოვლენები აიხსნება ხოლმე.

საბედისწერო გარდაქმნების შედეგად გამოჩენილმა პოლიტიკურმა ძალებმა – „არაფორმალურმა ლიდერებმა“ ზემოთ აღნიშნული კურსი ერს თავს მოულოდნელად მოახვიეს.

ძალიან მალე, ეს არაფორმალური ადამიანები ფორმალურ და აბსოლუტურად რეალურ ლიდერებად იქცნენ. ისინი ხელისუფლებაში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის სახელით მოვიდნენ და კომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა.

რაკი ასე მოხდა, შესაძლებელი გახდა მსოფლიოს ორ ფერად გაყოფა: რუსეთი – აუცილებლად შავი ფერის უნდა ყოფილიყო, ხოლო დასავლეთი – თეთრი და ზღაპრულად ფუმფულა. ახალი ლიდერების ხელმძღვანელობით, საქართველომ ზეციური კარიბჭესკენ დაიწყო მოძრაობა.

ქვეყნის ხელმძღვანელი წრეები ნატო-ს და ევროკავშირის წევრობის იდეამ შეიპყრო, მაგრამ საჭირო იყო ამ იდეის ხალხში დანერგვა.

პოლიტიკური ელიტის არც ერთი წარმომადგენელი არ დაფიქრებულა რეალურ მდგომარეობაზე და იმაზე, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა მსგავს გადაწყვეტილებას.

ის, რომ სსრკ-ს დაშლა მეოცე საუკუნის სერიოზული გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო, ნათლად ჩანს საქართველოს მაგალითზე. 80-იანი წლების ბოლოს ქართულ პრესაში გამოქვეყნდა აკადემიკოს სახაროვის სტატია, სადაც არგუმენტირებულად და მკაფიოდ აცხადებდა, რომ გიგანტური საბჭოთა იმპერიის დაშლა აუცილებლად გამოიწვევდა პატარა იმპერიის – საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დაშლას.

ცნობილ უფლებადამცველს და მეცნიერს ნამდვილად ვერ უწოდებ სულელს და ქართველი ერის მტერს, მხოლოდ იმიტომ, რომ მან წინასწარ განჭვრიტა მაშინდელი მოვლენების შედეგები, ის რაც შემდგომში პრაქტიკულად დადასტურდა. როგორც ცნობილია, სწორედ პრაქტიკაა ჭეშმარიტების საბოლოო კრიტერიუმი.

“არაფორმალურების” მაშინდელმა ლიდერმა, შემდგომში კი დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ საპასუხო წერილში სახაროვის აზრები მისი მეუღლის – არანაკლებ ცნობილი უფლებადამცველი ელენე ბონერის, გავლენისთვის მიეწერა.

მწარე სინამდვილე იმაში მდგომარეობს, რომ დისიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, რომელმაც სსრკ-ს სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ძლიერი ზემოქმედებით საჯაროდ აღიარა თავისი ცოდვები და ტელევიზიის მეშვეობით ბოდიში მოუხადა მაშინდელ ხელისუფლებას, სახაროვის მისამართით სიტყვა-სიტყვით გაიმეორა იგივე სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ბრალდებები.

თუმცა, შეუძლებელია ისტორიის უგულებელყოფა დაუსჯელად.

ფაქტია, რომ სწორედ რუსეთმა და არა – დასავლეთმა გააერთიანა საქართველოს მიწები, რომლებიც ნაწილ-ნაწილ გამოგლიჯა თურქეთს და ირანს, ხოლო საქართველოს სსრ სწორედ საბჭოთა კავშირის შვილობილი იყო და მისი დაშლა ვერ გადაიტანა.

ქვეყანაში მომენტალურად დაიწყო ეთნოკონფლიქტები და სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა. ამაში უსაზღვროდ შეიძლება რუსეთის დადანაშაულება, რადგანაც ბევრად უფრო ადვილია საკუთარი შეცდომების სხვაზე გადაბრალება. თუმცა ისტორიული ფაქტი ფაქტად რჩება: დღევანდელი ქართული სახელმწიფო თავისი არსებობით სწორედ რუსეთს უნდა უმადლოდეს და არა – დასავლეთს.

მაგრამ ნატო-ს წევრობის ვარდისფერი ოცნება ქართველი პოლიტიკური ელიტის წარმოსახვას აძლიერებს და პრიორიტეტულ ამოცანად რჩება. ამ მიზნისთვის ქვეყანა თავის შვილებს სამშობლოდან ათასობით კილომეტრის მოშორებით გზავნის და სასიკვდილოდ წირავს, თავის ტერიტორიას ალიანსის სამხედრო საჭიროებებისთვის გამოყოფს და მრავალჯერადად მონაწილეობს რეგულარულ სამხედრო წვრთნებსა, თუ მანევრებში.

თუმცა, საქართველოს ყველა ტიპის და დროის ხელისუფლება ჯიუტად ცდილობს ერთი, ძალიან დიდი დეტალისთვის თვალის არიდებას. საინტერესოა, საქართველოსთვის ნატო საიდან იწყება? პასუხია – თურქეთიდან

დაახლოებით ათასი წლის წინათ, სამხრეთ კავკასიაში თურქ-სელჩუკების გამოჩენის შემდეგ, ქართველების მათდამი, შემდეგ კი ოსმალებისადმი დამოკიდებულება თვითგადარჩენის სასოწარკვეთილ მცდელობაში გამოიხატებოდა. მრავალმილიონიანი დამპყრობლების წინააღმდეგ ქართველი ერი რელიგიური, მენტალური და მორალური გადაგვარების საფრთხის წინაშე იდგა. გავიხსენოთ, დიდი თურქობა. სისხლიანი შეტაკებები, გაუსაძლისი გადასახადები, მასშტაბური მონათვაჭრობა.

ქართველი ერის ისტორიული მეხსიერებიდან ზემოხსენებული მოვლენების წაშლა შეუძლებელია, თუმცა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თურქეთი ოფიციალურად აამაღლა, როგორც საქართველოს მეგობარი და მოკავშირე. მიშიკომ ეს ინფორმაცია პროფესიით თუქროლოგი დედისგან მიიღო. ეს ის მომენტია, როდესაც საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად არსებობს ყველაზე გასაოცარი საშუალება: “დედას გეფიცებით!”

კარგით, მიშიკო დავივიწყოთ. მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც რომ იმავეს აცხადებს. მაშ, როგორია ჩვენი ახალი “მეგობარი და მოკავშირე” ნატო-ში.

საიდუმლო არ არის, რომ დღეს, ეკონომიკური თვალსაზრისით, თურქეთი აჭარაში ლიდერობს და ძალიან ძლიერი პოზიციები აქვს საქართველოში. თურქების პოლიტიკური გავლენა აჭარაში უკვე დიდი ხანია ყველანაირ ზღვარს სცდება.

2021 წელს ყარსის სამშვიდობო ხელშეკრულებას 100 წელი უსრულდება. ვინ აგებს პასუხს ნეოოსმანიზმის იდეოლოგ ერდოღანის ქცევაზე, რომლის უფლებამოსილება თურქეთში არაფრით ჩამოუვარდება სულთანისას? გულუბრყვილობით გამორჩეული ჩვენი პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, თურქებს შეერთებული შტატებიდან შეაჩერებენ.

თუმცა, ერდოღანმა უკვე დაამტკიცა, რომ საკუთარი ინტერესების დასაცავად მოკავშირეების რეკომენდაციებს არაფრად მიიჩნევს. იგი, არც დაფიქრებულა, ისრაელთან კონფლიქტში ისე ჩაერთო. აშშ-ს სურვილების წინააღმდეგ, წარმატებით ასწორებს თავის სასაზღვრო ზოლს სირიაში. მისი წინამორბედები მზად იყვნენ ნატო-ს მოკავშირე – საბერძნეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის დასაწყებად და კვიპროსის ჩრდილოეთიც დაიპყრეს.

უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა იოლად დაიწყო ბათუმში სერიოზული საზოგადოებრივი მღელვარებები აბსოლუტურად უმნიშვნელო – ავტოსაგზაო ინსპექტორის ქცევაზე. როგორ მოიქცევა წარმოშობით ლაზი ერდოღანი?

თურქეთის ერთადერთი რეალური საწინააღმდეგო ძალა ყოველთვის რუსეთი იყო და დღეს ერდოღანი მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად ვაშინგტონის ნაცვლად მოსკოვში გარბის. საინტერესოა, მოსკოვი ითამაშებს მოწინააღმდეგის როლს საქართველოსთვის, რომელიც თავისი ხელმძღვანელების სურვილით უკვე რამდენი წელია ჩრდილოეთელი მეზობლისადმი მტრულ დამოკიდებულებას ავითარებს. როგორ უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ თურქეთში, უკვე რამდენიმე წელია იბეჭდება გეოგრაფიული რუკა, სადაც ქართული მიწები თურქეთის საზღვარშია მოქცეული? ან ის, რომ ქალაქ ართვინში სადღესასწაულო ვითარებაში აღინიშნა ქართველი ოკუპანტებისგან გათავისუფლების 97 წლის იუბილე?

თავის მოხსენებაში ართვინის მერმა მეჰმედ კოჯატეპესმა განაცხადა: “დუშმანების (ქართველების) განდევნაში თურქულმა ერმა უსაზღვრო გმირობა და პატრიოტიზმი გამოავლინა. დიდი სისხლი დაიღვარა დუშმანების (ქართველების) დასამარცხებლად და თურქეთი არასოდეს დაივიწყებს თავისი გმირი წინაპრების სახელებს”.

ყურადღება მიაქციეთ, ჩვენი ისტორიული “მეგობარი და მოკავშირე” ქართველებს მოიხსენიებს “დუშმანებად” – რაც მტერს ნიშნავს. თავისი დღესასწაულების აღნიშვნის პარალელურად, ჩვენმა მეგობრებმა საქართველოს 1121 წელს, დიდგორის ველზე დავით აღმაშენებლის სარდლობით თურქებზე მოპოვებული დიდებული გამარჯვების აღნიშვნა აუკრძალეს.

ხვალ ისინი “ქართული ოკუპაციისგან” ქუთაისის და თბილისის გასათავისუფლებლად მოვლენ? ჩვენი გენიალური პოლიტიკოსები ვერ ხედავენ, რომ ნატოში, დასავლეთისკენ მიმავალი გზა თურქეთის ფართოდ გაღებული ხახისკენ მიდის? ჩვენთვის ნატოს განსაკუთრებული შიგთავსი აქვს და არავინ იცის, საქართველო მას როგორ მოინელებს.

დავით კუპატაძე