საქართველოს მთავრობამ 2016 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა დაასრულა და ახლა ჯერი პარლამენტზეა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბიუჯეტი 10 მლრდ. იქნება და 3% ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. ცნობილია ისიც, რომ გასული სამი წლის მსგავსად, მომავალ საპარლამენტო არჩევნების წელსაც კოალიცია “ქართული ოცნების” მთავრობის პრიორიტი სოციალური პროგრამები იქნება, მრავლად არის გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც.

ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა პარალელურ რეჟიმში საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო. ფინანსთა სამინისტორს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე განთავსდა გამოკითხვა, რომლითაც მთავარი ფინანსური უწყება მოქალაქეებს ბიუჯეტში პრიორიტეტების საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრას სთავაზობს.

საერთო ჯამში გამოკითხვაში მონაწილეობა 4304-მა რესპოდენტმა მიიღო და მათგან უმრავლესობამ, 16.5%-მა პრიორიტეტულად განათლება დაასახელა. მას მოსდევს მეცნიერების განვითარების მსურველების 14,5%. სოციალურ დაცვას პრიორიტეტულად გამოკითხვაში მონაწილე რესპოდენტების 13,6% მიიჩნევს. მას ცოტათი ჩამორჩება ჯანდაცვა (12.0%), სოფლის მეურნეობა (9.9%) გარემოს დაცვა (8.4%).

საქართველოში კულტურასა და სპორტს, ან ნაკლები გულშემატკივარი ჰყავს, ან მიაჩნიათ, რომ დღევანდელ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში ასეთი ფუფუნების დრო არ არის და ამ სფეროზე ზრუნვა კერძო სექტორს უნდა მივანდოთ. თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტულობა კი გამოკითხულთა 3.8%-ს გაახსენდა.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური

ცხადია ეს მოსახელობის მცირე ნაწილის განწყობაა. საარჩევნო წლისთვის მთავრობას უფრო მეტად სოციალური პროგრამების შენარჩუნება აღელვებს. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მიერ წარდგენილი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად განიხილა, სანამ იგი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაემგზავრებოდა.

“მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგ პარამეტრებზე – ეს არის 3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, 3 პროცენტიანი საბიუჯეტო დეფიციტი და დაახლოებით 4-4,5 პროცენტიანი ინფლაცია, რაც გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკით,” – აცხადებს ნოდარ ხადური.

მისივე თქმით, მომავალ წელს პირველად საქართველოში საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი დარჩება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, საერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იქნება დაახლოებით 8,5 მლრდ, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯები კი 9,9 მლრდ ლარი.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა კურსზე დაიგეგმა მომავალი წლის ბიუჯეტი, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ლარის გაცვლითი კურსი ბიუჯეტზე დიდ ზეგავლენას არ ახდენს, ის ზემოქმედებს მხოლოდ ორ ფაქტორზე, საგარეო ვალის აღებასა და მის დაფარვაზე.

2016 წლის ბიუჯეტის პარლამენტში შეტანის ვადა პირველი ოქტომბერია. ამის შემდეგ დაიწყება განხილვები. საპარლამენტო უმრავლესობა იმედოვნებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაახლოებით 300-350 მილიონი ლარის გაიზრდება.

ციფრებიდან ვირტუალურ კეთილდღეობამდე

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დღესვე, მიმდინარე წლის 9 თვის ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების შესრულების მაჩვენებლების თაობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა 137,6 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა და 5 910,2 მლნ ლარი შეადგინა. ასევე ცხრა თვეში წინა წელთან შედარებით გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულია 563 მლნ ლარით, ანუ 11,2%-ით მეტი.

ექსპერტი გიორგი ხუხაშვილი

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ხუხაშვილი ხელისუფლებას ურჩევს სტატისტიკის ენით საუბარს თავი დაანებოს და ხალხის ციფრებით მოტყუებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისნაირად “ცუდ ბიჭებს” არ დაემსგავსონ.

გიორგი ხუხაშვილს არასერიოზულად მიაჩნია იმაზე საუბარი, თითქოს საქართველოში ეკონომიკა პროგნოზირებულზე მეტად იზრდება, რადგან ზრდა, თუ კი ის ნამდვილად არსებობს და მხოლოდ ვირტუალური კეთილდღეობა არ არის, უნდა აისახებოდეს მოსახლეობის სოციალურ კეთილდღეობაზე. “თუ ეკონომიკის ზრდა ადამიანამდე არ მივა, ადამიანი არ დასაქმდება და სოციალური რისკები არ შემცირდება, მას გამართლება არ აქვს. სტატისტიკა, განსაკუთრებით საქართველოში, სამწუხაროდ ანდაზას დაემსგავსა: ქოთანს ყურს საიდანაც გინდა, იქიდან მიაბამო,” – მიაჩნია ექსპერტს.

ლარი 20 წლისაა

სანამ პარლამენტი ბიუჯეტის ახალ პროეტს დაამტკიცებს, მოსახლეობა ლარს შიშით შეჰყურებს. ბოლო დღეებში მისი ლამის კატასტროფული ვარდნა გარკვეულ ნიშნულზე შეჩერდა და ყოველდღიურად აშშ დოლართან მიმართებაში 2.36-სა და 2.39-ს შორის მერყეობს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე დღეს უკვე ინფლაციური პროცესების საფრთხეზე ალაპარაკდა, რაც ცხადია დაუშვებლად მიაჩნია. ლარის კურსის ცვლილება დღემდე თითქმის შეუმჩნევლად აისახებოდა სამომხმარებლო ფასებზე, მაგრამ ახლა, დეპუტატის აზრით, ამ მიმართულებით საჭირო ღონისძიებები უნდა გატარდეს და ყველა ნაბიჯი გადაიდგას, იქნება ეს ფულის მასის შემცირება, თუ სხვა.

ებანოიძის აზრით, ამ ეტაპზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირებაზე საუბარი ნაადრევია და კიდევ ერთხელ უნდა განიხილონ არსებული რეზერვები, იმ სამუშაოებზე, რაც საჭიროა ინვესტიციების გაზრდისთვის და იმ ფონზე, როცა ექსპორტი გარკვეულად შემცირდა, მისი გადაფარვა ინვესტიციების ზრდის ხარჯზე უნდა მოხდეს.

საქართველოს ეროვნულ ვალუტა ლარს 20 წელი შეუსრულდა. კატაკლიზმებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიუხედავად, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას აზრით, ლარი მაინც ფეხზე დგას, მყარია და მას აქვს მომავალი. ლარის იუბილე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო სესიის გამართვით აღნიშნეს, სადაც უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ლარის 20 წლის ისტორია მიმოიხილა და განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა და მას შენარჩუნება სჭირდება.

შორენა პაპაშვილი