ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გუშინ, გაფართოებულ ფორმატში შედგა, სადაც მინისტრმა ბიზნესმენებს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის სახელმწიფო ქონების, ტურიზმის, ტრანსპორტის და ა.შ. არსებული მდგომარეობა გააცნო.

როგორც მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, მეზობელ ქვეყნებში ღრმა კრიზისის მიუხედავად, წლის ბოლოსთვის საქართველოში 2-დან 3 %-მდე ეკონომიკური ზრდა იქნება. მისივე თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი, 380 მილიონ დოლარზე მეტი წარმოებაშია განხორციელებული.

“რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, რომ წინა წელთან შედარებით სამუშაო ადგილების ზრდა გვაქვს. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილში სწორი მიმართულებით ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებები უნდა იყოს სწრაფი და რაც შეიძლება მეტად ეფექტიანი. სწორ ეკონომიკურ ტრენდზე ვართ და ამას სჭირდება სწორი მხარდაჭერა”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრა გასულ კვირას ჩინეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობასა და შედეგებზე. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მინისტრის შეფასებით, ბიზნესი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა და მხოლოდ გახსნილობა და მათთან მუდმივი კომუნიკაცია იძლევა შესაძლებლობას, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა.