საქართველოს ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ბოლო ხანებში აქტიური განხილვის საგანია. მსჯელობა მიმდინარეობს სოციალურ ქსელშიც. მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ საკითხში ყოველგვარი ლიბერალიზმის წინააღმდეგია, ნაწილი კი პირიქით, მიიჩნევს, რომ უსამართლობაა, როდესაც მსჯავრდებულთა უმეტესობა სასჯელს ნარკოტიკის მოხმარებისთვის იხდის.

2018 წელი საქართველოს იუსტიციისა და შს სამინისტროებმა პრინციპული პოზიციის დაფიქსირებით დაიწყეს. გადაწყდა რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ ლიბერალური კანონი მანამდე არ შევა ძალაში, სანამ ნარკოდამოკიდებული პირებისთვის არ შეიქმნება სარეაბილიტაციო ცენტრები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკის შენახვა ადმინისტრაციული წესით დაისჯება, ნარკოტიკის სახელმწიფო საზღვარზე გადატანის შემთხვევაში, თუნდაც პირადი მიზნებისთვის, ძალაში დარჩება მკაცრი რეგულაციები და პირს სისიხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მთავრობის წევრების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მეცნიერებათა აკადემიაში გამართული შეხვედრა, სადაც ნარკოლოგებმა, სასულიერო პირებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა “ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის” ინიციატორებს მოუსმინეს. პოლიტიკოსებთან და რამდენიმე არასამთავრობოსთან მწვავე დიალოგის შემდეგ, პოზიციები არ შეცვლილა. სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები კვლავ იმ აზრზე რჩებიან, რომ ნარკოპოლიტიკის აღვირახსნილი ლიბერალიზაცია საქართველოს მომავალს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მათი შეფასებით, 12 იანვრის სხდომა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ მტკივნეულ ფურცლად ჩაიწერება, სადაც ნათლად გამოიკვეთა ეროვნული სულისკვეთების, მომავალ თაობებზე მზრუნველთა ერთი გუნდი და უპასუხისმგებლო დეპუტატთა და არასამთავრობოთა ჯგუფი, რომლებიც ქართველ ერს გენოციდისკენ მიაქანებენ. დეკრიმინალიზაცია ფრთებს ასხამს “ნარკობარიგებს”, რომლებიც უპრობლემოდ შესთავაზებენ მომხმარებელს “პროდუქტს”. თუმცა კანონპროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ დეკრიმინილიზაცია, სულაც არ შეეხება ნარკოტიკის გამავრცელებელს და ისინი დაისჯებიან კანონის შესაბამისად.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექსპერტ-ნარკოლოგი გელა ლეჟავა მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების გავრცელების კონტროლი დღეს გართულებულია, როგორც არასდროს.

“ინტერნეტი და მობილური მოწყობილობები ამის “შესანიშნავი” საშუალებაა. მესიჯების მეშვეობით ნარკოტიკების გასაღების პრობლემა მსოფლიოს ბევრ ქვეყანას აწუხებს, მაგრამ უცხოეთის ქვეყნებში სახელმწიფო ერევა ამ საკითხში და ასე თუ ისე, აგვარებენ პრობლემას”, – აცხადებს ლეჟავამ.

ნარკოლოგები და ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ნარკომანია არის ავადმყოფობა და ნარკოტიკი, გინდ მსუბუქი იყოს, გინდ მძიმე, კი არ ათავისუფლებს, არამედ ათაყვანებს. ნარკოტიკების მოხმარება იწყება მცირე დოზით. მომდევნო ეტაპეპზე კი ნარკოდამოკიდებულს დოზა აღარ ჰყოფნის იგივე შეგრძნებების მისაღებად და ზრდის დოზას. ეწყება ე.წ. “ლომკა” და ავლენს აგრესიას გარშემომყოფების მიმართ.

ამ საკითხში შორიდან მოცქირალის პოზიცია, არც საპატრიარქომ დაიკავა. პარლამენტში მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვამდე განცხადება გაავრცელა და საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შეჩერება მოითხოვა. საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ ეს ის საკითხია, რომელზეც საზოგადოების პოზიციის მოსმენა უმნიშვნელოვანესია. ნარკოპოლიტიკის თემას თავისი ეპისტოლე პატრიარქმა ილია II – მაც მიუძღვნა. სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მან ახალგაზრდებს პირობა ჩამოართვა, რომ არასდროს გასინჯავენ ნარკოტიკს.

“ზოგიერთი ახალგაზრდა ღებულობს ნარკოტიკებს. ბავშვებო, თქვენ ახლა დგახართ ღვთის წინაშე. თქვენ არც უნდა გასინჯოთ, ეს არის საწამლავი, ადამიანი კარგავს თავის სახეს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებს, სამშობლოს და ამიტომ, ყველას უნდა უთხრათ, რომ ეს არის დამღუპველი”,- განაცხადა ილია მეორემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პატრიარქის ქადაგება გაითვალისწინა და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად შესული “ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის” მიღება გადადო.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი, დეპუტატებს მოუწოდებს, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას დაუჭირონ მხარი, რადგან მსჯავრდებულების თითქმის ნახევარი სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის. წლის ბოლოს პრეზიდენტმა 123 მსჯავრდებული შეიწყალა, ამათგან ნახევარი სხვადასხვა ტიპის ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.

უფლებადამცველის მოსაზრება

სამოქალაქო აქტიურობა ყველაზე დიდი ძალაა, რომელსაც შეუძლია ეს მსოფლიო სენი დაამარცხოს!

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ ნარკომანი საზოგადოებისთვის საშიშია, თუ მას იძულებით მკურნალობას არ მიუსჯიან. იგი მოუწოდებს საზოგადოებას საკუთარ უბნებში დაიწყონ პატრულირება და ამხილონ ნარკორეალიზატორები, ვინც სპობს მომავალს საკუთარი ფუფუნების ხარჯზე და ჩააბარონ ისინი პოლიციას.

მისი თქმით, სანამ ნარკომანს ფინანსური სახსრები ჰყოფნის, ის იკმაყოფილებს თავის ჟინს და არის წყნარად, მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება იწყება მაშინ, როდესაც მას ფინანსური რესურსი ეწურება.

“იწყება ოჯახის ტერორი! ძალადობა ოჯახის წევრებზე ფინანსური სახსრების გამორჩენისთვის, რომელიც დაკავშირებულია ძალიან დიდ თანხებთან. მშობელი იქნება თუ მეუღლე, აიძულებს მისი ჟინის დაკმაყოფილებას. ამ ყველაფრის მსხვერპლი ხდება ბავშვი და განიცდის ფსიქოლოგიურ წნეხს, რომელიც აუცილებლად აისახება მის ჯანმრთელობაზე”, – აცხადებს ინგა ბერიკაშვილი.

მისივე ინფორმაციით, პრაქტიკაში არსებობს ძალიან მძიმე შედეგები, როდესაც მომხმარებელს არა აქვს საშუალება და იწყებს ქიმიური შენაერთებით ნარკოტიკის დამზადებას ფსიქოტროპული წამლების საშუალებით, რომელსაც ამატებს ბენზინს, ამ ნაზავს საზოგადოება იცნობს, როგორც “კრაკაძილს”. ეს არის საშინელი ქიმიური შენაერთი, რომელიც იწვევს ადამიანის გონების დახშობას, ცოცხლად ლპობას და ხშირად ამ შენაერთის მომხმარებელი დადის უკუსვლით, მედიცინის წარმომადგენლებს და ადვოკატებს ან თუნდაც საზოგადოების იმ ნაწილს ვისაც ქონია სეხება ხშირად უნახია უკუსვლით მოსიარულე, ან ცოცხლად ლპობადი ახალგზარდა რომელსაც სპეციფიური სუნიც კი ასდის. დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა ასეთი მომხმარებელი სიცოცხლეს ასრულებს ძალიან ადრეულ ასაკში.

“ნარკოტიკების ზედოზირებით იღუპებიან ახალგაზრდები და სტატისტიკა უკვე შემაშფოთებელია. გარდა ამისა, ხშირი მოხმარება იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს, 35 წლის ზემოთ გულის უკმარისობით და ინფარქტით სიკვდილიანობა გახშირდა ახალგაზრდა მამაკაცებს შორის. ყველაზე საშიში კატეგორია არის, როდესაც ნარკოტიკების მომხმარებელი იწყებს ალკოჰოლის მიღებას და თუ ეს ალკოჰოლი სპირტის შემცვლელია ყოფილი ნარკომანი იმდენად არაადეკვატური ხდება, რომ შეიძლება ოჯახის წევრი სასიკვდილოდ გაიმეტოს და ასეთი მძიმე ფაქტებიც არსებობს”, – აცხადებს უფლებადამცველი.

სოციალური ქსელები…

აღნიშნულ თემას სოციალურ ქსელში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ეხმაურებიან. მომღერალი ინდირა ჯგერენაია წერს, რომ დღეს თბილისში, ყოველი მეორე გაშტერებული და დადებილებული დადის ქუჩაში.

“მეზიზღებით ყველა, ვისაც ნარკოტიკთან შეხება გაქვთ. ბარიგაც და მომხმარებელიც ერთნი ხართ ჩემთვის. ვაი, თქვენს პატრონს, ცხოვრებაში უფრო საკაიფო და მაგარი რომ ვერა დაინახეთ რა! დატკბით, აღარ გაჩნდება ჯანსაღი სიცოცხლეები, სულ მალე საქართველოს საკაცეთი აღარ ეყოლება და ნელ ნელა გადავშენდებით”, – წერს მომღერალი მომღერალი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ამაღელვებელ სტატუსს აქვეყნებს ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძეც და მშობლებს, ექიმებს, კანონმდებლებს, ტელევიზიებს და საინფორმაციო საშუალებებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ თბილისის ღამის კლუბებსა და ბარებში არსებული ვითარებით? ქუჩებში როგორი დაბოლილ-გამოშტერებული სიფათები დაბორიალობენ და სხვა.

“ბოლო ერთი თვეა ყოველდღე სასწაულების მსმენელი და მნახველი ვარ. იმ დღეს 15 წლის გოგონას კრიჭა შეეკრა და მოსაწევი იმსხვერპლებდა, “გამოცდილ” ადამიანებს დახმარება რომ არ აღმოეჩინათ. გადაამოწმეთ სასწრაფო დახმარება რამდენ გამოძახებაზე გადის მოსაწევით “დაშოკილთა” დასახმარებლად, ნახეთ, რამდენი ახალგაზრდა აკითხავს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრებს სუიციდის მტანჯველი განცდებისგან თავის დასაღწევად.. გუშინ სულ გადავირიე, ჩემი ახლობლის უახლოეს და უსაყვარლეს 20 წლის გოგოს (გო-გოს) ვკითხე- სიგარეტს ხომ არ ეწევი მეთქი და წათამამებულად მიპასუხა- სიგარეტს არა, მაგრამ კარგ მოსაწევს კიოო… რა არის ეს, რა გვჭირს, ვინ შეგვაგუა იმას, რომ ეს უბრალო გართობაა და სხვა არაფერი? ხმა ამოიღონ რეპროდუქტოლოგებმა, ფსიქიატრებმა, ფსიქოლოგებმა, თქვან რომ ეს უბედურებაა და ამით გადაშენება იწყება, რომ თუ ასე გაგრძელდა, ამის შედეგი ძალიან მალე დადგება და ავადმყოფ თაობას მივიღებთ, ეს აშკარად ვიღაცის მზაკვრული გეგმაა და ვერ გაგვიგია… კარგ მოსაწევს მოვწევ, ეს უკვე კარგ ტონად ითვლება. ამ გაზაფხულს ბიჭები და გოგოები განსაკუთრებული ხალისისთ ელოდებიან – პლანის დათესვას აპირებენ და კარგ მოსავალზე ოცნებობენ”, – წერს ნინო კვაჭანტირაძე.

მისივე ინფორმაციით, ბოლო წლების სტატისტიკის თანახმად, სიკვდილიანობა ბევრად უსწრებს შობადობას.

27 დეკემბერს, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტმა კანონპროექტს ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის შესახებ 5 ხმით მხარი დაუჭირა. კომიტეტის 7-მა წევრმა პროტესტის ნიშნად განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო.

კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, რამდენიმე ორგანიზაციამ პარლამენტის შენობასთან სპეციალური ბრიფინგი გამართეს. “თეთრი ხმაურის მოძრაობისა” და “ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის” წარმომადგენლების განმარტებით, კანონპროექტის მთავარი მიზანია რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ზრუნვაზე და პრევენციაზე ორიენტირებული მიდგომებით ჩანაცვლებაა, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სისტემური ცვლილება მოკლე ვადებში დაიწყოს და რეფორმაზე მუშაობა საგაზაფხულო სესიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყოს.

შ. ქარჩავა