საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭისყრა დასრულდა. არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებები, რასაც ოპოზიცია თითქმის ერთი წლის განმავლობაში მოითხოვდა, საბოლოო ჯამში პარლამენტმა ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში, 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო. კანონპროექტის მესამე და საბოლოო მოსმენა საქართველოს პარლამენტში 29 ივნისს გაიმართა.

დაპირებისამებრ, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატებს, რომლებიც ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის დაკავებული, ტელეკომპანია “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუას გათავისუფლებას და 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებას მოითხოვდნენ. აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნებაც“ და ოპოზიციური პარტიებიც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევენ.

ახლადმიღებული შესწორებების თანახმად, მეათე მოწვევის პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი და ერთმანდატიანი ოლქებიდან არჩეული 30 მაჟორიტარი შევა. 1%-იანი იქნება საარჩევნო ბარიერი. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს. ამას გარდა, პროექტი 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას აძლევს პარტიებს, რომლებსაც შეუძლიათ წარადგინონ 5000-ზე მეტი მომხრე ამომრჩევლის ხელმოწერა. 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ქვეყანაში დროებითი საარჩევნო სისტემა იმოქმედებს, რომელიც აღნიშნული კანონპროექტით იქნება დადგენილი.

საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან კენჭისყრისთვის ბოიკოტის გამოცხადებას არ აღუფრთოვანებია მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი ლიდერი, შოთა დიღმელაშვილი და “ენმ”-სა და “ევროპული საქართველოს” ამ ქმედებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. თუმცა იქვე დასძინა, რომ ოპოზიცია გასაკრიტიკებელი მხოლოდ მაშინ იქნებოდა თუ ეს კანონპროექტი ჩავარდებოდა.

ლადო ბოჟაძე

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე კი მიიჩნევს, რომ არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტისთვის ბოიკოტის გამოცხადებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ის, რომ მათ ამ ცვლილებების მიღება არ სურდათ. მისივე შეფასებით, კანონმდებლობაში პრაქტიკულად ყველა რეკომენდაციაა გათვალისწინებული, რაც საქართველომ ეუთოსგან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიიღო, მაგრამ რეფორმების პროცესი უნდა გაგრძელდეს.

“რადიკალურ ოპოზიციას – „ნაციონალურ მოძრაობას“ და ევროპულ „ნაციონალურ მოძრაობას“ ცოტა ხანი უნდა ვაცადოთ აზრზე მოსვლა. ისინი არ ელოდნენ, რომ მესამე მოსმენით იქნებოდა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. ისინი ბოლომდე აკეთებდნენ ყველაფერს, რომ საერთოდ არ მიეღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები”, – აცხადებს ბოჟაძე.

მისი თქმით, დიდია იმის ალბათობაც, რომ ამ პარტიებისთვის არჩევნების შედეგი მიუღებელი იყოს, თუმცა კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები პრაქტიკულად ყველა პრობლემას აგვარებს, აუმჯობესებს ზოგადად საარჩევნო გარემოს.

პაატა ზაქარეიშვილი

Dalma News-ის კითხვაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების ბოიკოტი ნეგატიურად აისახება თუ არა ოპოზიციის რეიტინგზე, შერიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ამით ნაციონალებისა და “ევროპული საქართველოს” რეიტინგი არ დაზარალდა. უფრო მეტიც, ისინი საკუთარი ამომრჩევლის თვალში სუსტებად იმ შემთხვევაში გამოჩნდებოდნენ თუ უარი იტყოდნენ თავიანთ პირობაზე – რურუას გათავისუფლების მოთხოვნაზე და კენჭისყრაში მიიღებდნენ მონაწილეობას. ზაქარეიშვილის შეფასებით, დღეს ყველა დიდი პარტია თავისი ამომრჩევლის შენარჩუნებაზე მუშაობს და არა სახელმწიფო ინტერესებზე. პოლიტიკოსები ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში არიან, სხვა საკითხებზე – ეკონომიკაზე, სიღარიბის დაძლევაზე და ა.შ, საუბარი არც კი მიდის. მათი ინტერესია მათივე წარმატება.

“ასე თუ მივუდგებით საკითხს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა მოიქცა სწორად – “ქართული ოცნებაც”, “ევროპული საქართველოც” და “ენმ”. არც ერთმა არ დაკარგა თავისი ამომრჩეველი. ნაციონალებსა და “ევროპულ საქართველოს” უარი რომ ეთქვათ თავიანთ პირობაზე და ხმა მიეცათ, ამომრჩევლის თვალში სუსტებად გამოჩნდებოდნენ. თუმცა პირველ კენჭისყრაში მონაწილეობით “ევროპულმა საქართველომ” ნამუსი გაისუფთავა. “ქართული ოცნება” კი წინდაუხედავად მოიქცა, როცა დასცინეს, რომ რაში გვჭირდებოდა თქვენი ხმა, ისედაც ვაგროვებდით საჭირო რაოდენობის მანდატებსო. მაგრამ პირველი მოსმენისას არ გარისკა “ევროპულმა საქართველომ” და არ ჩააგდებინა კენჭისყრა. ამით ქულები ჩაიწერა”, – განუცხადა Dalma News-ს პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე შეფასებით, საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია ის, რომ დამტკიცდა პარლამენტის შერეული სისტემით 120/30-ზე დაკომპლექტების წესი, რაც სახელმწიფო მონაპოვარია. ყველაფერი კი, მას შემდეგ დაიწყო , რაც მმართველი პარტია “ქართული ოცნება” 2019 წლის 14 ნოემბერს, არაკორექტულად მოიქცა და ჩააგდო სრულად პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, “ოცნება”, მთელი ამ დროის განმავლობაში, თავის მართლებისა და დაშვებული შეცდომის გამოსწორებაში იყო, რასაც კარგად იყენებდა “ევროპული საქართველო” და “ენმ”. ახლა გასწორდა ვითარება. “ქართულმა ოცნებამ” მეტ-ნაკლებად გამოასწორა მდგომარეობა, აღიდგინეს ძველი რეპუტაცია. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ მმართველი პარტია წარმატებით უმკლავდება კორონავირუსს და გარკვეული თანხები კიდევ დაიხარჯება მოსახლეობის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, “ქართულ ოცნებას” აქვს შანსი, 2020 წლის არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდეს, თუმცა ეს არ იქნება იმის გარანტია, რომ მას ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ახალ პარლამენტში მას აუცილებლად მოუწევს მოკავშირეების ძებნა, მაგრამ საინტერესოა ვის აირჩევს.

პაატა ზაქარეიშვილი აზრით, „ოცნებას“ “პატრიოტთა ალიანსთან” მოუწევს კოალიციის შექმნა, თუმცა რეპუტაციულად იზარალებს. არც ისაა გამორიცხული ახალი მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა გასულმა ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნან. თუმცა ისიც ცხადია, რომ “პატრიოტთა ალიანსი” არ იქნება იმ გაერთიანებაში, სადაც იქნებიან “ევროპული საქართველო და “ენმ”. ეს კი ქვეყანაში მუდმივ პოლიტიკურ კრიზისს ნიშნავს.

როგორც პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკური კრიზისიდან ვერ გამოვა. იქნება მუდმივი წრიალი, სანამ ქვეყანა არ გადავა სრულად პროპორციულ სისტემაზე. მისი აზრით, “ქართულმა ოცნებამ” გაუშვა შანსი ხელიდან, დიდხანს დარჩენილიყო ხელისუფლებაში, როცა 2020 წლისთვის უარი თქვა სრულად პროპორციულ სისტემაზე.

საზოგადოების დიდი ნაწილი მესამე ძალას ელოდება. ამომრჩეველს სჭირდება პროგრამები. საქართველოს ისტორიაში პირველად, არ ჩანს სიახლე. ყველა ძველი სახეა, ამიტომ საზოგადოება პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის არჩევანს. პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება საპროტესტო არჩევნები, სადაც ადამიანები ხმას მისცემენ არა, რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად, არამედ ვინმეს წინააღმდეგ.

“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სიახლე იყო – “მრგვალი მაგიდა” გამსახურდიას მონაწილეობით, მერე “შევარდნაძე გვიშველის”, მერე გამოჩნდნენ ახალგაზრდები – ბურჯანაძე, ჟვანია, სააკაშვილი, შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, ანუ სულ ვიღაც იყო, ვინც ამომრჩეველს სიახლეს სთავაზობდა. დღეს ის უფრო მადარდებს, რა იქნება არჩევნების შემდეგ? არ არის გამორიცხული 1 წლის შემდეგ მოგვიწიოს ვადამდელი არჩევნები, უახლოესი 4 წელი სულაც არ იქნება იდეალური საქართველოსთვის”, – განუცხადა Dalma News-ს პაატა ზაქარეიშვილმა.

არჩილ სიხარულიძე

ანალიტიკოსი არჩილ სიხარულიძე აცხადებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე მთელი პოლიტიკური პროცესი უფრო ელიტების მოთხოვნა იყო, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის.

ამომრჩეველს, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე წავა, უკვე იცის ვის აირჩევს. ხოლო გაურკვევლობაში მყოფი მოსახლეობა, რომელსაც, არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მოსწონს, ახალ ძალას ელოდება. მოსახლეობის ამ ნაწილისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ნაციონალებმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცეს თუ არა. თუმცა დასავლეთის რეკომენდაცია იყო, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა პარლამენტში მყოფ ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეღო.

არჩილ სიხარულიძის მოსაზრებით, საკითხის ჩავარდნის საშიშროება, რომ ყოფილიყო, ოპოზიცია აუცილებლად მიიღებდნენ კენჭისყრაში მონაწილეობას. მაგრამ, მათ იცოდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ეს პროექტი ყველა შემთხვევაში გავიდოდა, ამიტომ გამოაცხადეს ბოიკოტი და დარჩნენ პრინციპულ პოზიციაზე, რაც გამოიხატება რურუას გათავისუფლების მოთხოვნაში.

“იგივე პოლიტიკურ ძალებს, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სრულიად აკმაყოფილებდათ შერეული მოდელი. მაგრამ, როგორც კი დაინახეს ძალაუფლების გადაბარების შესაძლებლობა, მომენტალურად შეცვალეს პოზიცია და განაცხადეს, რომ მაჟორიტარული, ან შერეული სისტემა არადემოკრატიულიაო. პოლიტიკური აზროვნების თვალსაზრისით ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ, რომ იგივე, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-ში, არის მაჟორიტარული სისტემა”, – განუცხადა Dalma News-ს არჩილ სიხარულიძემ.

მისივე თქმით, პარლამენტის პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე ქართული პოლიტიკური სპექტრი დღეს ისეთივე იმედებს ამყარებს, როგორც თავის დროზე, საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტოზე გადასვლაზე. ყველას ჰქონდა იმედი, რომ ამით საქართველოში მესიების ეპოქა დამთავრდებოდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა, იგივე ხალხი გადაბარგდა პარლამენტში და “მესიებიც” ისევ გაგვაჩნია. შეიცვალა სისტემის არსი, ხოლო პოლიტიკური მოთამაშეები უცვლელად დარჩნენ.

არც მესამე ძალა არსებობს, ანუ ხალხი, რომლებსაც არ აქვთ პოლიტიკური წარსული. ასეთებს, ან პოლიტიკაში მოსვლა არ სურთ, ან გასაქანს არ აძლევენ და იძულებულნი ხდებიან დიდ პარტიებს მიეკედლონ.

შორენა პაპაშვილი