ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის დოკუმენტურმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა “დინოლა” ესპანეთში, ბუეუში გამართულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე, ოთხი პრიზი მიიღო. სვანეთის მკაცრ ტრადიციებზე გადაღებულმა სურათმა გაიმარჯვა ნომინაციებში: საუკეთესო რეჟისურისთვის, სცენარისთვის, საოპერატორო ნამუშევრისა და კოსტიუმების დიზაინისთვის.

“დინოლას” ისტორია რეალურ მოვლენებს ეფუძნება, უფრო კონკრეტულად კი ეს  მარიამ ხაჭვანის ბებიის ისტორიაა. ახალდაქვრივებულ ქალს აიძულებენ გათხოვდეს, შვილი ქმრის მშობლებთან დატოვოს, თვითონ კი სხვა ოჯახთან ახალი ცხოვრება დაიწყოს. რეჟისორის თქმით, ამ სასტიკმა ტრადიციამ თავის დროზე ბევრი დედა-შვილი დააშორა.

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რეჟისორი ამჟამად “დინოლას” სრულმეტრაჟიან ვერსიაზე მუშაობს, რომელსაც  “დედე” ერქმევა, რაც სვანურად დედას ნიშნავს. ფილმზე მუშაობა დავარაუდოდ 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც მარიამ ხაჭვანი მის წარდგენას კანის კინოფესტივალზე გეგმავს. 2013 წელს გადაღებულმა ფილმმა “დინოლამ” უკვე მოიპოვა წარმატებები კინოფესტივალებზე რუმინეთში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, იტალიაში, მაკედონიაში, ტაჯიკეთსა და საქართველოში.