საქართველოს დედაქალაქს ნამდვილ თავის ტკივილად ექცა ბოლო წლებში გზებზე გადატვირთული მოძრაობა, წარმოქმნილი საცობები, ფატალური შედეგით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევები. რაც მთავარია მომრავლდნენ აგრესიული მძღოლები, რომლებიც მაღალგაბარიტიან ავტომობილებში მოკალათებულნი, მობილურით ხელში ისე გადაკვეთენ სავალ ზოლს და შექმნიან საავარიო მდგომარეობას, მობილურზე საუბარსაც არ შეწყვეტენ. შუქნიშანზე ერთ ზოლში დგომის კულტურა ბევრს არ აქვს და ანცი ბაშვებივით ზოლიდან ზოლში დახტიან. თბილისში მომრავლდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილებიც. ქმნიან თუ არა ისინი მოძრაობისას პრობლემებს და საცობების დიდი ნაწილი მათი დამსახურებაც ხომ არ არის, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრი ორად გაიყო. ყველა აღიარებს, რომ მარჯვენასაჭიანი უფრო ახალი ავტომობილებია, გაცილებით ნაკლები გამონაბოლქვით და ნაკლებ საწვავსაც მოიხმარენ.

ევროკავშირის ტრასეკას პროექტის რეგიონალური კონსულტანტი გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პრიორიტეტული უნდა იყოს ერთი მიმართულება და იმაზე აეწყოს საგზაო ინფრასტრუქტურა. მარჯვენა და მარცხენა საჭიანი ავტომობილები 50-50-ზე პროპორციით არც ერთ ქვეყანაში არ არის. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა თუ არ შეჩერდა, მისი აზრით, ორი-სამი წლის შემდეგ დედაქალაქში ქაოტური მდგომარეობა შეიქმნება. ამას ემატება მარჯვნიდან საჭის მარცხნივ კუსტარულად გადატანის პრაქტიკა, სადაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ხარვეზები იჩენს თავს და მძღოლისთვის სახიფათოა.

“არც ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში, თურქეთსა თუ აზერბაიჯანში არ არის მაჯვენა მიმართულებით მოძრაობა, ჩვენთან რომ დავნერგოთ პრობლემები შეექმნებათ, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ მძღოლებს, ასევე პირიქით, აქედან გასულებს. ასეთ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს მთელი ინფრაქსტრუქტურა”, – განუცხადა Dalma News-ს გელა კვაშილავამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, სტატისტიკა საკმაოდ საგანგაშოა. საქართველო მსოფლიოში მესამე ქვეყანაა, სადაც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი 50%-ს გაუტოლდა. პირველი ორი ავღანეთი და ბირმაა. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მაქსიმალური დასაშვები პროცენტული რაოდენობა ყველა ევროპულ ქვეყანაში 10%-ია. 2014 წელს დარეგისტრირდა – 67 515 მარცხენასაჭიანი და 34 000 მარჯვენასაჭიანი ავტომობილი. 2015 წელს კი მარცხენასაჭიანებზე მოთხოვნამ იკლო.

“ეს დინამიკა თუ გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში მოძრაობის მიმართულების ცვლილება დაგვჭირდება”, – აცხადებს შს მინისტრი.

პრობლემის მოგვარების მიზნით, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად განიხილეს. ცვლილებები რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, მათ შორის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას. მფლობელებს, ვისაც უკვე ჰყავს მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, ან გადატანილი საჭით და ისინი უკვე რეგისტრირებულები არიან, შეუძლიათ მთელი ცხოვრება გამოიყენონ. 2016 წლიდან აიკრძალება რეგისტრაცია და არა იმპორტი. არ იკრძალება ტრანტიზი, არ იკრძალება დროებითი შემოყვანის რეჟიმი. საქართველოში ძალიან მოდაშია დაშლილი ნაწილებით ვაჭრობა. შსს-ში ესეც გაითვალისწინეს და უშვებენ ავტომობილის შემოყვანას მისი ნაწილებად გაყიდვის მიზნით.

მარჯვენასაჭიანების აკრძალვის ინიციატივას დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს.

“ეკოლოგიის თვალსაზრისით თბილისში კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ადამიანებისგან მესმის მასობრივი ჩივილი და უკმაყოფილება, რომ ავტომობილები დადიან სპეციალური კატალიზატორის გარეშე, რომელიც გამონაბოლქვს ფილტრავს. ჩავატაროთ კვლევა და საზოგადოების აზრი გავიგოთ. ვიცი, რომ სიმსივნის და სხვა დაავადების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი სწორედ გამონაბოლქვია”, – განაცხადა პრემიერმა და შესაბამის უწყებებს სთხოვა საწვავისა და დიზელის გეგმიური შემოწმება რეგულარულად გააგრძელონ.

გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, დედაქალაქსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში ჰაერის სინჯების სისტემატურმა კვლევამ ცხადყო, რომ ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი ავტომობილებია. რაც პირდაპირ კავშირშია ავტოსატრანსპორტო პარკის სიძველესთან. საწვავის ხარისხთან ერთად, პრობლემაა გამონაბოლქვში იმ ტოქსიკური აირების შემცველობა, რაც არასრული წვის პროდუქტია. თბილისში კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთ უბანში ჰაერის ხარისხი, ევროსტანდარტის შესაბამისად, საშუალო დონისაა.

მოსალოდნელი ცვლილებებით აღფრთოვანებულნი არ არიან ისინი, ვისთვისაც ავტომობილების შემოყვანა შემოსავლის წყაროა. მათი აზრით, ხელისუფლება ამგვარად დედაქალაქში ავტომობილების შემცირებას ცდილობს. სტატისტიკის თანახმად, იაპონიიდან საქართველოში ავტომობილების შემოყვანა 183%-ით გაიზრდა და 40 101 ერთეული შეადგინა, რაც იმპორტის საერთო მაჩვენებლის დაახლოებით 45%-ია.. საიმპორტო ქვეყნებს შორის იაპონია პირველ ადგილზეა, მას მოსდევს აშშ და გერმანია.

როგორც Dalma News-ს AUTO.COM JAPAN-ის თბილისის ოფისში განუცხადეს, აშშ-დან ძირითადად დაზიანებული ავტომობილები შემოდის, ამიტომ ქართველი მომხმარებელი უპირატესობას იაპონურს ანიჭებს. “1500-2000 აშშ $-ის ფარგლებში იაპონიიდან ბევრად უკეთესს ავტომობილს ჩამოიყვან ვიდრე ევროპიდან, ან აშშ-დან. ევროპიდან ჩამოყვანილის ნაწილების 90 % შესაცვლელია ხოლმე. იაპონიიდან კი ისეთი ავტომობილები ჩამოგვყავს, 10 წელი ხელის ხლება რომ არ დასჭირდებათ”, – გვითხრეს კომპანიის ოფისში.

AUTO.COM JAPAN-ის თბილისის ოფისს იაპონიიდან ძირითადად მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ჩამოყავს და დარწმუნებულნი არიან, რომ მათი აკრძალვის შემთხვევაში საქართველოში ვეღარ იმუშავებენ. მეზობელ ქვეყნებს რაც შეეხება, როგორც კომპანიის წარმომადგენლობაში გვითხრეს, იაპონური ავტომობილებზე მაღალი მოთხოვნაა სომხეთიც. ამ ქვეყნის მოქალაქეები ხშირად ჩამოდიან საქართველოში და მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ყიდულობენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში საჭე მარცხნივ გადააქვთ.

“გადატანილი საჭე კიდევ შეიძლება იყოს განხილვის საგანი და მოხდეს ასეთი სახელოსნოების მონიტორინგი, თუ რამდენად იცავენ უსაფრთხოების ზომებს საჭის გადატანისას, როგორ მუშაობს საჭე, ფარები, სარკეები, მოხვევის სისტემა როგორ იცვლება და სხვა?ახალი წესის დაკანონება გამოიწვევს ტექ.დათვალიერების შემოღებას, რადგან საქართველოში კიდევ მოძრაობს 1992 წელს ქვემოთ გამოშვებული ავტომობილები, იაპონიიდან კი 2004-2007 წლის ავტომობილები შემოგვყავს”, – აცხადებენ AUTOCOM JAPAN-ის თბილისის ოფისში.

ევროკავშირის ტრასეკას პროექტის რეგიონალური კონსულტანტის გელა კვაშილავას თქმით, ძველი ავტომობილების შეყვანას სომხეთიც და აზერბაიჯანის ზღუდავს. გადატანილსაჭიანი ავტომობილი კი პირდაპირი საფრთხის შემცველია. გელა კვაშილავა ერთ-ერთია, ვინც არასამთავრობო სექტორიდან მონაწილეობდა შსს-ს საგზაო უსაფრთხოების პროგრამის შემუშავებაში და განმარტავს, რომ ახალი წესების დაკანონება არ გულისხმობს ავტომობილების შემოყვანის გაძვირებას. პირიქით, ახალგაზრდა და ნაკლებძრავინი ავტომობილების ნაკლებად დაბეგვრა მომხმარებელს წაახალისებს.

აგრესიულ მძღოლებზე მოგახსენებდით. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის გარდა შსს-ს საგზაო უსაფრთხოების პროგრამა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ელემენტი მართვის მოწმობის სიტემის დახვეწაა. კერძოდ, საქართველოში უნდა დაინერგოს, ბევრ ქვეყანაში აპრობირებული წესი: მძღოლის მიმართ, რომელიც ძალიან ხშირად არღვევს საგზაო წესებს და რისკს უქმნის მოქალაქეებს, უფრო მეტი სანქცია გატარდება. ყველა მძღოლს წლის დასაწყისში დაერიცხება 100 ქულა. თუ მთელი წლის განვალობაში საგზაო წესების დარღვევებით ასქულიან ლიმიტს ამოწურავთ (ამაში არ შედის ვიდეოჯარიმები), მართვის მოწმობას ჩამოგართმევენ და თავიდან მოგიწევთ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება. ანუ საქმე ურთულდებათ აგრესიულ მძღოლებს.

“თეორიას აბარებენ, მაგრამ პრაქტიკული ცოდნა და უნარები არ აქვთ. საქართველოში ავარიების 35-40% ახალბედა მძღოლებზე მოდის. 9 000 ადამიანი ღებულობს ტრამვას, დაახლოებით 600 გარდაცვალება გვაქვს. უკეთესად უნდა გაკონტროლდეს მართვის მოწმობების გაცემა და ვინც აიღებს უფრო მეტად უნდა დაიცვას წესები”, – მიაჩნია გელა კვაშილავას და დასძეს, რომ ამ ცვლილებებმა ყველა ქვეყანაში გაამართლა.

კანონმორჩილ მძღოლებს ამ ცვლილებების არ უნდა ეშინოდეთ. მართლაც და, რა დააშავეს? სიჩქარის გადაუჭარბებლად, საკუთარ ზოლში მშვიდად მიდიან და სხვები საფრთხეში აგდებენ მის სიცოცხლეს. ვაიძულოთ მძღოლებს კანონის დაცვით იარონ.

შორენა ქარჩავა