ქართული ეროვნული სამოსის დღემ წელს, შთამბეჭდავი მასშტაბები მიიღო. ღონისძიებამ საქართველოს 25 და მსოფლიოს 12 ქალაქი მოიცვა. მოქალაქეების მცირე ჯგუფის მიერ დაწესებულ თარიღს, ზუსტად ერთ წელიწადში იმაზე მეტი მხარდამჭერი აღმოაჩნდა, ვიდრე თავად იდეის ავტორები და ორგანიზატორები იმედოვნებდნენ.

ქართული სამოსის დღეს წინა წლებში, ფესტივალის სახე ჰქონდა და “შავფაროსნების” ორგანიზებით სექტემბერში, თბილისში იმართებოდა. ღონისძიებამ საზოგადოების ფართო ინტერესი გამოიწვია და გაჩნდა მოთხოვნა, რომ ქვეყანას ჰქონოდა ერთი კონკრეტული დღე, რომელსაც ოფიციალური დღესასწაულის სახე მიეცემოდა. ამ პროცესის პარალელურად facebook-ზე გაჩნდა გვერდი – საქართველოს ეროვნული სამოსის დღე, რომელმაც ყველა ის ადამიანი შემოიკრიბა, ვინც მანამდე სხვადასხვა ფორმით ჩართული იყო ქართული სამოსის და კულტურის პოპულარიზაციაში. შეიქმნა საინიციატივო საორგანიზაციო ჯგუფი, რომელმაც არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც შეძლო საქართველოს ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნა.

ქართველი ბიზნესმენის, დავით გოგლიჩიძის მიერ ინტერნეტსივრცეში დაწყებულ აქტივობას, შეუერთდნენ “შავფაროსნების” ხელმძღვანელი ირაკლი ქოქოსაძე და ფესტივალ “არტ-გენის” პრესსამსახურის ხელმძღვანელი მარი ონეზაშვილი, ეროვნული ცეკვების ანსამბლ “სუხიშვილების” მოცეკვავე ბაჩანა ჭანტურია, რომელიც ქართულ ეროვნულ სამოსს პოპულარიზაციას მანამდეც უწევდა თავისი პროფესიით; სტუდენტი დათა გვასალია, რომელმაც ქართული სამოსის თემაზე მანამდე, რამდენიმე გამოფენა გამართა; რუსთაველის თეატრის მსახიობი ანდრია თავბერიძე და ცალკეული პირები.

“საქართველოს ეროვნული სამოსის დღე წელს, ქვეყნის საზღვრებს გასცდა და ქართული სათვისტომოების და საქართველოს საელჩოების დახმარებით, საზღვარგარეთ 12 ქალაქში აღინიშნა. გაიმართა სხვადსხვა აქტივობები. როგორც ემიგრანტები გვწერენ, ბევრი უცხოელი ჩერდებოდა და იღებდა ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილ ადამიანებთან ფოტოებს. ინტერესდებოდნენ, რომელი ქვეყნის კოსტიუმები ეცვათ და რა ღონისძიება იყო”, – გვითხრა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბაჩანა ჭანტურიამ.

18 მაისს, Check in Georgia-იას ფარგლებში, საქართველოს 25 ქალაქების კულტურის ადგილობრივმა სამსახურებმა, საკუთარი სურვილით საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებები გამართეს. ზოგან ღონისძიებების ორგანიზება ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა ითავეს. ამდენად, საქართველოში ჩამოსული ტურისტები 18 მაისს, ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში ნახავდნენ ქართულ კულტურას.

“ამ დღის იდეაც ეს არის. გვსურდა, 18 მაისს მთელი საქართველო ღია ცისქვეშ მუზეუმად გვექცია”, – განაცხადა ბაჩანა ჭანტურიამ.

ერთ-ერთი დამფუძნებლის, ირაკლი ქოქოსაძის განმარტებით, 18 მაისი არის დღესასწაული ჯებირების გარეშე, რომელშიც რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ. რაც ყველაზე მთავარია ეს დღე შექმნა საზოგადოებრივმა ჯგუფმა საზოგადოების მხარდაჭერით.

“უამრავი ადამიანი გვწერს, რომ აქვთ ეროვნული კოსტიუმი, ზოგს პაპა-ბებიების დანატოვარი, ზოგს ფოლკლორული ანსამბლებიდან შემორჩენილი, ზოგს სხვადასხვა დღესასწაულისთვის შეკერილი და კარადაში დანიშნულების გარეშე უკიდიათ, ვერ იყენებენ. წარმოიდგინეთ, ყველა ეს კოსტიუმი დღის სინათლეზე გამოდის ქუჩაში, ეს არის ისტორიის გაცოცხლება, რაც განსაკუთრებულად უცხოელ ტურისტების ინტერესს იწვევს და ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. რაც მთავარია, ეს არის ქართული კულტურის და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაცია”, – მიაჩნია ირაკლი ქიქოსაძეს.

ღონისძიების ორგანიზატორები დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი თარიღების დაწესება ხელს შეუწყობს ქართული რეწვის განვითარებას და ამ დარგის გადარჩენას. დაინტერესდება უცხოური მედია და 18 მაისი მსოფლიო ტურისტულ კალენდარშიც ჩაინიშნება.

როგორც Dalma News-ს ეროვნული სამოსის დღის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მარი ონეზაშვილმა განუცხადა, არსებობს პერსპექტივა, რომ 18 მაისი მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცეს. ამიტომ, საინიციატივო ჯგუფმა, ქვეყნის პარლამენტში შეიტანა წინადადებები, რომ კალენდარში ოფიციალურად ჩაიწეროს “ეროვნული სამოსის დღე”.

იდეის ავტორები არ ითხოვენ 18 მაისი უქმედ გამოცხადდეს. გაცილებით მეტი ეფექტი ექნება იმას, თუ ადამიანები ამ დღეს, სამსახურებში ეროვნულ სამოსში გამოწყობილები მივლენ და ტრადიციული სამოსის შემადგენელი ატრიბუტების თუ აქსესუარების ტარება მათი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი გახდება.

“განათლების მეცნიერების და კულტურის კომიტეტმა უკვე დაიწყო ამ საკითხის განხილვა. კომიტეტის სხდომას ჩვენც ვესწრებოდით. თუმცა რიგი მიზეზების გამო, თემის განხილვა გადაიდო. საქართველოს დიდი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია და ამის პოპულარიზაცია თითოეული მოქალაქის სურვილი უნდა იყოს”, – აცხადებს მარი ონეზაშვილი.

წლევანდელი 18 მაისი თბილისში და ქვეყნის სხვა ქალაქებში, კარნავალის ტიპის კოსტიუმირებულ აღლუმებს დაემსგავსა. მთელი საქართველო ღია ცის ქვეშ გაცოცხლებულ მუზეუმად იქცა და ქვეყანაში არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, სხვადსხვა ფორმით ქუჩებში გამოიფინა.

ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში პარლამენტარებიც ჩაერთვნენ. ქუთაისში გამართულ ღონისძიებას დეპუტატი მარიამ ჯაში, ქართული ტრადიციული სამოსით შეურთდა. ახალგაზრდებმა ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები თეთრ ხიდზე შეასრულეს.

5cb0ff2593010ec00e3f3164ef551a77მარიან ჯაში 18 მაისისთვის საკანონმდებლო სახის მინიჭების წინააღმდეგია, რადგან მიაჩნია, რომ ეს თარიღს დამატებით შესაძლებლობებს არ შესძენს: “ძალიან სასიხარულოა, რომ მსოფლიოს 12 ქალაქში ჩვენი დიასპორების დახმარებით ეს დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. იმდენად კარგად ხდება საზოგადოებრივი მოძრაობის ორგანიზება ამ დღეს, რომ ამ ინიციატივისთვის საკანონმდებლო სახის მინიჭება, დამატებით შესაძლებლობებს არ შესძენს და შეიძლება, გარკვეულწილად, უარყოფითი გავლენაც იქონიოს”, – აცხადებს დეპუტატია, თუმცა იდეის ავტორებს ღონისძიების ორგანიზებაში მხარდაჭერას მომავალშიც ჰპირდება.

“ჩვენ გავაგრძელებთ ეროვნული სამოსის დღის ინიციატორთა მხარდაჭერას. ვიმსჯელებთ, მომავალი წლისთვის, როგორ უფრო მიზანშეწონილი იქნება ოფიციალურად ამ დღის აღნიშვნა, კულტურის სამინისტროს ბრძანებით თუ პარლამენტის დადგენილებით. მთავარი ის არის, რომ 100 000-ზე მეტი ადამიანი უკვე გაერთიანებულია ამ მოძრაობაში და რაც მთავარია, ეს ახალგაზრდა თაობის წამოწყებაა. ეს განსაკუთრებით მისასალმებელია”, – აცხადებს მარიამ ჯაში.

ეროვნული სამოსის დღის საზოგადოებრივ კამპანიას წელს, ბევრი სკოლა, დაწესებულება და კომპანია შეუერთდა. სხვადსხვა რეგიონის სკოლებში სამოსის თემაზე საინტერესო გამოფენები მოეწყო. კომპანიებმა კი საკუთარი მომსახურე პერსონალი ქართულ სამოსში გამოაწყვეს და სტუმრებს ასე ემსახურებოდნენ. მაგალითად, აბანოთუბანში რესტორან “გორგასალში” მისულ უცხოელ სტუმრებს ქართულ სამოსში გამოწყობილი პერსონალი ემსახურებოდა და ქართულ სამოსის თემაზე საინტერესო გამოფენებზე ეპატიჟებოდა. კომპანია “ბრენდ არმა” კი, პატარა ფლეშმობი მოაწყო და ქართულ სამოსში გამოწყობილმა პერსონალმა სტუმრებს საინტერესო სიურპირზები მოუწო. ქუთაისში, ბათუმსა და თბილისის სასტუმროები სტუმრებს ქართულ სამოსში ხვდებოდნენ. ღონისძიებას შეუერთდა თბილისის მთაწმინდის პარკი, რომელმაც ადგილობრივი რესურსით გამართა ღონისძიებები.

წვიმის მიუხედავად 18 მაისმა, თბილისში უჩვეულოდ ლამაზად ჩაიარა. ეს იყო ერთი საოცარი და ზღაპრული დღე, ძველი სახლების სკივრებსა და გარდერობებში შენახული მოგონებების გამომზეურების დღე, რაც მთავარია იგრძნობოდა ენთუზიაზმი და საქმისადმი გულიანი დამოკიდებულება. ეროვნული სამოსის დღე, არ გულისხმობს, მხოლოდ ქართულ ტრადიციულ სამოსს. ამ დღის ინიციატორი ახალგაზრდები, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებენ, საკუთარი ტრადიციული სამოსი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ოჯახებში ინახება, აჩვენონ სამყაროს და გაცოცხლებული ისტორიის ნაწილად იქცნენ.

შორენა პაპაშვილი