საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “სახელმწიფო ენის შესახებ” კანონის საფუძველზე სპეციალური მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ფუნქციონირებას 2016 წლის 1 თებერვლიდან დაიწყებს. დეპარტამენტის წარდგინებით საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 14 აპრილამდე უნდა დაამტკიცოს ქართული სალიტერატურო ენის ნორმები და ტერმინოლოგიური სტანდარტები, რომელთა დაცვა სავალდებულოა. კანონის ნორმათა უმეტესი ნაწილი 2016 წლის 1 იანვრიდან, დანარჩენი კი იმავე წლის თებერვლიდან ამოქმედდება.

სახელმწიფო ენის დაცვის სახელმწიფო კონტროლს თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე ამ კანონის საფუძველზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს კანონმდებლობით ეკისრებათ პერსონალური პასუხისმგებლობა მათდამი დაქვემდებარებულ სფეროში სახელმწიფო ენის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის.

საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე – აფხაზური.

კანონის პრეამბულაში ხაზგასმულია სახელმწიფო ენის მნიშვნელობა. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ ქართული ენა საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა და მისი სახელმწიფოებრიობის აუცილებელი პირობაა. იგი საქართველოს ყველა მოქალაქის საერთო-სახელმწიფოებრივი კუთვნილებაა. სახელმწიფო თავის ყველა ფუნქციას ამ ენაზე ასრულებს, იცავს მას და განსაზღვრავს მისი ფუნქციონირებისა და განვითარების პოლიტიკას.

კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე, მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხოელზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მისი მოქმედება არ გავრცელდება პირად ურთიერთობებზე.

გარდა ამისა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ოფიციალურ საქმისწარმოება და მიმოწერა, ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების მიღება, განხილვა და პასუხის გაცემა ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.

საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა ჰქონდეს სახელმწიფო ენაზე, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობისათვის მიკუთვნებული პირის ხელისუფლების ორგანოებთან მშობლიურ ენაზე თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობა.

ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილი არიან, დაადგინონ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი, რომელიც გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული უმცირესობისათვის მიკუთვნებული პირის მიერ მშობლიურ ენაზე წარდგენილი განცხადების, საჩივრის, მასზე გაცემული პასუხის თარგმნას. ამასთანავე, ოფიციალური ძალა აქვს მხოლოდ შესაბამისი ტექსტის დედანს.