საქართველო პატარა ქვეყანაა, ქართველების დიდი ნაწილი კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია გაფანტული. კარიერულ წარმატებებს უცხო ქვეყნებში აღწევენ, ამავდროულად არ ივიწყებენ ქართულ  ფესვებს და ყოველ ახალ წარმატებას სამშობლოს უკავშირებენ.  მაგრამ სამშობლომაც უნდა მიაწვდინოს თავის შვილებს ხმა და სიყვარულითა და სითბოთი მიიღოს ისინი. ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება აქტიურად საუბრობს ქართულ დიასპორებთან თანამშრომლობის გააქტიურებასა და ახალგაზრდებს შორის ხიდების გადებაზე.

კულტურული ურთიერთკავშირის ცენტრის „კავკასიური სახლის“ ორგანიზებითა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, ოქტომბერში პირველი ასეთი ვიზიტი შედგა. მოსკოვიდან თბილისში, ქართული დიასპორის ახალგაზრდა აქტივისტების ათკაციანი ჯგუფი ჩამოვიდა. ისინი არ არიან „თერგდალეულები“, არც პოლიტიკურ ქარტეხილებს გაქცევიან. უკეთესი მომავლის ძიების სურვილით მშობლებმა ისინი ძალიან პატარა ასაკში წაიყვანეს რუსეთში, მათი უმეტესობა საერთოდ იქ დაიბადა, მაგრამ მათ საქართველოსთან ერთად სტკივათ და საქართველოს სიხარული ახარებთ. ეს კი ცოტა ნამდვილად არ არის.

სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პროცესში დიასპორების როლზე საუბრისას ჩვენში განსაკუთრებული სიფრთხილე იგრძნობა რუსეთის ქართული დიასპორის მიმართ. შიშობენ, რომ ამ ადამიანებს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებენ. „კავკასიურ სახლში“ კი პირიქით, მიაჩნია, რომ რუსეთის ქართული დიასპორა დადებით გავლენას მოახდენს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე. მთავარია არსებობდეს სწორი და ხანგრძლივი პოლიტიკა.

თავიანთ სფეროებში საკმაოდ წარმატებული მოსკოველი ახალგაზრდები, თბილისში ჩამოსვლის პირველივე დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო და დალოცა. ამან წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდებზე და მეტი მოტივაცია გაუჩნდათ. ოთხი დღის განმავლობაში ისინი  შეხვდნენ სახელმწიფო უწყებების მაღალჩინოსნებს, გაეცნენ სამშობლოში არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ–ეკონომიკურ, თუ კულტურულ ვითარებას და თანამედროვე საქართველოს შესახებ ახალი შეიტყეს.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობების სფეროს დეტალებზე, პირადად ჰკითხეს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს.

ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტში განუმარტეს, თუ რატომ მონაწილეობს საქართველო ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. რომ ნატო-ს მიმართ სოლიდარობის გარდა, ეს პოტენციურ საფრთხეზე ერთგვარი პასუხია.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, დელეგატებს ახალგაზრდული გაერთიანების შექმნისკენ მოუწოდა და თავის მხრივ მხარდაჭერას დაჰპირდა. მინისტრმა ქართული დიასპორის ახალგაზრდა ლიდერების კონკურსში გამარჯვებისთვის, სპეციალური პრიზით დააჯილდოვა დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი  მოსკოველი ჟურნალისტი, მოსკოვის წმ. გიორგის სახელობის ქართული ტაძრის წარმომადგენელი ანდრო ივანოვი.

როგორც “კავკასიური სახლის” წარმომადგენელმა და პროექტის ხელმძღვანელმა მაია ურუშაძემ გვითხრა, საქართველო-რუსეთს შორის გართულებული დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე ძალიან ძნელია ამ ახალგაზრდების სამშობლოდან მხარდაჭერა, თუმცა ცდილობენ ამ ათკაციან გუნდთან  ურთიერთობები მომავალშიც შეინარჩუნონ.

“რამდენიმემ სამშობრლოში დაბრუნების სრუვილი გამოქვა, აქ  დასაქმების პრობლემა რომ არ ჰქონდეთ. საკმაოდ რეალიზებული ახალგაზრდები არიან და წარმატებული კარიერა აქვთ მოსკოვში. ამ ვიზიტით გამოიკვეთა, რომ სახელმწიფოს სჭირდება ამ კუთხით თანადგომა. შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების გამო, ძალიან ჭირს ქართველების საქართველოში ჩამოყვანა”, – განაცხადა მაია ურუშაძემ.

მოსკოვიდან ჩამოსული ახალგაზრდები ძირითადად ინტერესებოდნენ, რა შეუძლიათ გააკეთონ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებისთვის.

“ყველას კარგად ესმის, რომ ეს არის ურთიერთობების პოლიტიკური განზომილება და ძალიან ძნელია ქვემოდან გავლენის მოხდენა, მაგრამ მათ შეუძლიათ, თავის წრეში  შექმნან პოზიტიური აზრი, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს შესახებ და ხელი შეუწყონ მტრის ხატის მსხვრევას. ძალიან ბევრი იყო კეთილი დარიგებები და ადამიანური რჩევები.  ხელისუფლების წარმომადგენლებს კარგად ესმით, რომ ეს ახალგაზრდები იმ ქვეყანის მოქალაქეები არიან, იქ  ცხოვრობენ, იქ იმუშავებენ მომავალში. ამიტომ მათ ისეთი რჩევები მიიღეს, რამაც შესაძლოა პოზიტიური გავლენა მოახდინოს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე”, – განუცხადა Dalma News-ს მაია ურუშაძემ.

თავად დელეგატები ვიზიტით კმაყოფილები დარჩნენ, ზოგმა ამას  “ისტორიული” მოვლენაც უწოდა. ისინი ხომ  შეხვედროდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ღებულობენ. არ შემიძლია ილია ჭავჭავაძის სიტყვები არ მოვიშველიო, რადგან, მთავარი მაინც ის არის,  როგორ შეეყრები სამშრობლოს და როგორ შეგეყრება იგი შენ? რას ეტყვი მას ახალს და რას გეტყვის იგი შენ? დარწმუნებული ვარ, ეს კითხვა აწუხებთ ამ ახალგაზრდებსაც, ყველას თავისებურად სურს სიკეთის ხიდის გადებაში წვლილი შეიტანონ.

ქეთი სოხაძე საქართველოში დაიბადა, მაგრამ ორი წლის ასაკიდან რუსეთში იზრდება. ბებია ჰყავს რუსი, რომელიც ბაბუას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაუცვნია. შეუღლებულან, საცხოვრებლად კი საქართველოში დაბრუნებულან. ქეთის დედა თბილისელია. მისი მშობლები რუსეთში შვილებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად წასულან. მაშინ ქეთი 2 წლის იყო, მისი უფროსი და კი ოთხის. გოგონები რუსეთში გაიზარდნენ, სკოლაც იქ დაამთავრეს და იქაურ ბავშვებთან მეგობრობდნენ, მაგრამ არ ივიწყებდნენ ქართულ  ფესვებს. იციან ქართული, უყვართ სამშობლო და ყოველთვის მისკენ უწევთ გული. როგორც ქეთიმ გვითხრა, ეს მშობლების დამსახურებაა.

“სამშობლო მშობელთან ასოცირდება. შემთხვევით არ აქვს ამ ორ სიტყვას საერთო ფუძე. სამშობლოს, როგორც მშობლებს არ ირჩევენ და უბრალოდ უყვართ, იმის გამო, რომ ის არსებობს. ღებულობენ მას მთელი თავისი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით. ის განიჭებს სიხარულს და განაღვლიანებს კიდეც. მის გამო სული გტკივა. ზოგჯერ სიამაყით გავსებს, ზოგჯერ კი სირცხვილს გამოგატარებს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ის შენია, მთლიანად და სრულად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოში არ ვართ, საქართველო ყოველ ჩვენგანშია”, – მიაჩნია ქეთი სოხაძეს.

ქეთი პროფესიით სოციოლოგია, მისი ინტერესის სფეროა – ახალგაზრდების სოციალური აქტივობა. წერს დისერტაციას სწორედ ქართველი და რუსი ახალგაზრდების შესახებ. თბილისში ვიზიტით ძალიან კმაყოფილია და ამბობს, რომ არ ელოდა ასეთი მაღალი დონის შეხვედრებს, რომ მაღალი თანამდებობის პირები დროს გამონახავდნენ და მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე უპასუხებდნენ.

“ყოველი შეხვედრაზე უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებდა იმის გაცნობიერება, რომ ქართული დიასპორა ახსოვთ და მათზე ფიქრობენ.  თითოეული ჩვენგანისთვის მნიშნელოვანია არ გავწყვიტოთ კავშირი სამშრობლოსთან და თავი მის ნაწილად ვიგრძნოთ”, – გაგვიზიარა ემოციები ქეთიმ.

იგი წუხს, რომ მოსკოვში ქართველებს ძლიერი დიასპორა არ აქვთ და ქართველი ახალგაზრდები ერთიანობას პირადი კონტაქტებით ინარჩუნებენ. დაყოფილნი არიან მცირე ჯგუფებად და სასწავლებლების, თუ რაიმე წრეების დონეზე ურთიერთობენ. მოსკოვში დიდი მოთხოვნითა და პოპულარობით სარგებლობს ქართული ცეკვის ანსამბლები, არა მხოლოდ ბავშვებსა და მოზარსდებში, არამედ ზრდასრულ მოქალაქეებშიც. მოსკოვში ასევე არის მუსიკალური კურსები, სადაც ასწავლიან ქართულ ტრადიციულ ინსტრუმენტებზე დაკვრას: დოლი, ჩონგური, ფანდური, სალამური და სხვა.

აქტიური კულტურული ცხოვრებით ცხოვრობს ჩემი სტატიის მეორე გმირი, 22 წლის ვიქტორია გვეტაძე. ქეთისგან განსხვავებით ის რუსეთში დაიბადა. არის ხალხთა მეგობრობის რუსეთის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის მაგისტრი, იმავდრიულად არის უნივერსიტში ქართველ სტუდენტთა გაერთიანება „კოლხიდას“ პრეზიდენტი და მაქსიმალურად ეწევა ქართული კულტურის, ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების პოპულარიზაციას. მართავენ ეროვნულ გამოფენებს, თემატურ მრგვალ მაგიდებს, კონცერტებს და სხვა, მაგრამ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო პრობლემებს აწყდებიან.

“ჩვენს უნივერსიტეტში მსოფლიოს 150 ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები სწავლობენ. დიდი ყურადღება ეთმობა ეროვნული ხასიათის ღონისძიებებს. იმის გამო, რომ რუსეთში არ არის ჩვენი საელჩო, არ გვაქვს საკმარისი საშუალებები კონცერტების ორგანიზებისთვის, მაგალითად: ეროვნული სუვენირები, ბროშურები, წიგნები, ეროვნული სამოსი. არსებობს პრობლემები ვიზებთან დაკავშირებითაც”, – ამბობს ვიქტორია და იმედოვნებს, რომ რუსული მხარე ამ პრობლემა უახლოეს მომავალში დადებითად მოაგვარებს.

ყველაზე მეტად გოგონებს საქართველოში ენატრებიან ნათესავები, რომლებსაც ძალიან იშვიათად ნახულობენ და რომლებიც ძალიან უყვართ. ენატრებათ ქართული ატმოსფერო, ბუნება, ხედები. ამბობენ, რომ როცა სამშობლოში არიან ყოველთვის გრძნობენ ჰარმონიას და შინაგან ენერგიას. კიდევ ენატრებათ ქართული კერძები, რომლებიც უსაშველოდ ეგემრიელებათ.

“სამწუხაროდ ვერ ვიტყვი, რომ საქართველო ჩემი სამშობლოა, რადგან რუსეთში დავიბადე, მაგრამ როდესაც ვსაუბრობ სამშობლოზე, ვგულისხმობ საქართველოს, მის ტრადიციებს,  უსაშველოდ ლამაზ ბუნებას, სტუმართმოყვარე ადამიანებს და ყველა საუკეთესოს, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას. მე ჩემი ქვეყნის დიდი პატრიოტი ვარ და ყოველთვის ვლოცულობ მისთვის”, – ამბობს ვიქტორია.

რუსეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების პრობლემები ბევრით არაფრით განსხვავდება სხვების პრობლემებისგან:  სწავლა, სამსახური, პირადი ცხოვრება, ურთიერთობა ოჯახთან.  ქეთი სოხაძის აზრით, საქართველოში უფრო მწვავედ დგას სამსახურის პრობლემა, ვიდრე მოსკოვში. თავად ძალიან დატვირთულია.  მუშაობს და სწავლობს ასპირანტურაში. თავისუფალი დრო თითქმის არ რჩება და მასაც, როგორც თავად ამბობს ბანალურად ატარებს, – მეგობრებს ხვდება.

ვიქტორიაც თავისუფალი დროის ნათესავებთან გატარებას ამჯობინებს, დადის ეკლესიაში და იმედს არ კარგავს, რომ  ადრე თუ გვიან, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაც მოწესრიგდება. “ახალგაზრდობა მომავალია, ურთიერთობები მომავალზე უნდა აიგოს, მომავალს კი ჩვენ ვქმნით”, – ამბობს იგი და სურს საქართველო ისევე ამაყობდეს მშობლიურ მიწას მოწყვეტილი თითოეული ქართველით, როგორც ამ ახალგაზრებს ეამაყებათ ქართველობა.

შორენა ქარჩავა