როდის და როგორ იწყება ოჯახში ძალადობა? – ეს კითხვა, ალბათ, დღეს ყველა ქალს აწუხებს. საინტერესოა, რა ისტორიული ფესვები აქვს ამ პრობლემას, რადგან ეს ფენომენი ყველა თაობას და ერს ახასიათებს. გარკვეულ ეტაპზე ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში, ეს კანონითაც კი იყო დაშვებული. მაგალთად, აშშ-ში 1895 წლამდე ქალს არ ჰქონდა უფლება ქმარს ძალადობის საფუძველზე გაყროდა. დღეს, ოჯახში ძალადობად მიიჩნევა, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სექსუალური, ან ფსიქოლოგიური ზემოქმედება. მაგალითად, ცოლის მუდმივი კონტროლი, საკუთარი მშობლებისა და მეგობრებისაგან იზოლირება; მუქარა, დაშინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება და სხვა. გამოკითხული 1250 ქალიდან, 40% ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით ოჯახში ძალადობის ყველაზე გავრცელებული სახეა ცოლის ცემა ეჭვიანობის, ქმრის მიმართ უპატივცემულობის გამო. არასამთავრობო ორგანიზაცია “სახლის” მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოჯახში ძალადობის სუბიექტად მამაკაცი, ხოლო ყველაზე კონფლიქტურ წყვილად პირველ რიგში რძალ-დედამთილი, შემდეგ ცოლ-ქმარი და სიძე-სიდედრია აღიარებული.

ხშირ შემთხვევაში ძალადობის მიზეზი ხდება მოძალადის ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

“ალბათ ეს იმის ბრალია, რომ მოძალადე არის ეგოისტი და არ განიცდის იმას, რასაც უკეთებს მეორე ადამიანს.ასე მოქცევა მხოლოდ ველურ ადამიანს შეუძლია. ნორმალური ადამიანი ასე არ მოიქცევა,” – მიიჩნევენ ძალადობის მსხვერპლი ქალბატონები.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები ოჯახში ძალადობის მიზეზად, ქალის ადრეულ ასაკში გათხოვების ტრადიციასაც ასახელებენ. აზერბაიჯანულ ოჯახებში ხშირია შემთხვევა, როდესაც გოგონას არ უნდა გათხოვება მასზე, ვისაც ოჯახი აყოლებს, მაგრამ მას აიძულებენ. ასეთ დროს არა მხოლოდ ქალი ხდება “ოჯახური გარიგების“ მსხვერპლი, არამედ ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც არ იზიარებს მშობლების არჩევანს, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ უწევს. ოჯახში ძალადობის მიზეზად ფსიქოლოგები წყვილს შორის სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დეფიციტსაც მიიჩნევენ.  როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა განაცხადა: “ალბათ მე არ ვუყვარვარ და იმიტომ. სულ ამბობდა სხვა მიყვარდაო“.

ოჯახში ძალადობის მაპროვოცირებელი ხშირად მესამე პირია.  მეუღლისგან დამცირებული ქალები, უთანხმოების მიზეზის ძიებისას ხელს ოჯახის სხვა წევრებისკენაც იშვერენ. უმრავლესობა დედამთილს ასახელებს: “ქმრის ოჯახის წევრები აღიზიანებდნენ ჩემს ქმარს. მამამთილი უფრო ნაკლებად, ძირითადად დედამთილი მოქმედებდა ჩემს ქმარზე”, – ამბობს ერთ-ერთი ქალბატონი.

“ძალადობისგან დაცვის ეროვული ქსელი“ ამ პრობლემატიკაზე უკვე 12 წელია მუშაბოს და როგორც ცენტრში ამბობენ, 2003 წელთან შედარებით, 2009 წლიდან დღემდე ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. დღეს უკვე გვაქვს “ოჯახური ძალადობის შესახებ კანონი“ და სხვა მარეგულირებელი აქტები, რომლებიც ქალს იცავენ არა მხოლოდ მეუღლის, არამედ ოჯახის ნემისმიერი სხვა წევრის მხრიდან ძალადობისგან, იქნება ეს დედამთილი, მამამთილი, მული, მაზლი თუ შვილი.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ოჯახის ნებისმიერ წევრს ეკრძალება მეორის კონსტიტუციური უფლების დარღვევა. არსებობს სტრუქტურები, რომლებსაც ევალებათ ამ ადამიანების ოჯახური ძალადობისგან დაცვა, ანუ პრობლემა სახელმწიფო დონეზეა აყვანილი. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგები ტარდება საქართველოს რეგიონებში.

როგორც Dalma News-სთან საუბარში “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ხელმძღვანელმა ელისო ამირეჯიბმა განაცხადა, ბევრი ადამიანი აღარ აპროტესტებს ტერმინს “ოჯახური ძალადობა”, რაც მანამდე ყურით მოთრეულ პრობლემად მიაჩნდათ. გაზრდილია დახმარების მსურველთა მიმართვების რაოდენობაც. მისივე განმარტებით, სტატისტიკურად 7-8-ჯერ უნდა წამოვიდეს ქალი ოჯახიდან, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.

“ეს კავშირი იმდენად მჭიდროა, რომ მარტივი არ არის გადაწყვიტო სად წახვიდე? როგორც იცხოვრო? ამას ძალების მობილიზება სჭირდება. გარდა ამისა, უნდა გქონდეს ვინმეს იმედი, ოჯახის წევრების, საზოგადოების, სახელმწიფოსი. ასეთ ქალებს ძალიან იშვიათად ჰყავთ მხარდამჭერები. ამიტომ ძალიან ძნელია დაადანაშაულო ადამიანი, ვინც ვერ ახერხებს გაექცეს ძალადობრივ გარემოს. ისინი ბავშვობიდან იხარშებიან ამ გარემოში, იმის გამო, რომ არ აქვთ გასაქცევი და ბოლომდე იტანენ”, – აცხადებს ელისო ამირეჯიბი.

თავშესაფარი არის ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიება, რომ თავიდან აიცილონ დანაშაული გამწვავების პერიოდში, რათა დანაშაულამდე არ მივიდეს ძალადობრივი ქმედებები. თავშესაფარი არის ის,რგოლი, რომელიც საშუალებას აძლევს ქალსა და ბავშვს, სამართლებრივად მოაგვარონ პრობლემები და მიიღონ გადაწყვეტილება, როგორ გააგრძელონ ცხოვრება, უნდათ მოძალადესთან დარჩენა, თუ სურთ რადიკალურად შეცვალონ თავიანთი ცხოვრება?

1999 წელს გაერომ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, რომლის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. საქართველოში 25 ნოემბერს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო. წლევანდელი  კამპანია მთლიანად ადრეული ქორწინების პრობლემატიკას ეძღვნება.  რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციებიც გაიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ არაერთი ნაბიჯი გადადგა და მათ შორის, ხელი მოაწერა „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციას, კვლავაც მძიმეა ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ არსებული რეალობა. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ქალთა მკვლელობების შემთხვევები. საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2015 წლის პირველ ნახევარში, ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 17 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. აქედან 9 შემთხვევა ოჯახში ძალადობის პირობებშია ჩადენილი; ხოლო 3 – გენდერული ნიშნით განპირობებულ ძალადობა.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პრობლემის მასშტაბების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან მეტ ძალისხმევას მოთხოვს და ყუარდღებას ამახვილებს გოგონათა მიმართ ძალადობის ფორმაზე – ადრეულ ასაკში ქორწინებაზე. მისი ინფორმაციით, 2015 წლის პირველ ნახევარში, 16-დან 18 წლამდე პირთა 265 ქორწინება დარეგისტრირდა. გაცილებით მაღალია ადრეულ ასაკში არაფორმალური ქორწინებები. ამაზე მეტყველებს იმ გოგონათა რიცხვი, რომლებიც შვილის გაჩენის მომენტში არასრულწლოვნები იყვნენ. 2014 წელს, ასეთი 1527 არასრულწლოვანი დედა დარეგისტრირდა.

“საქართველოში დღემდე არ არსებობს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის მიზნით შემუშავებული ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყებებს შორის საქმიანობის კოორდინირებაც საკმაოდ სუსტია”, – აცხადებს ომბუდსმენი.

თუმცა, საქართველოს პარლამენტმა ამ დღეებში, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 16 წელს მიღწეულ გოგონათა ქორწინებაზე თანხმობის გაცემის უფლება აღარ ექნებათ მშობლებს – ეს საკითხი მხოლოდ სასამართლოს კომპეტენცია ხდება. როგორც ინიციატივის ავტორი თამარ კორძაია აცხადებს, მომავალში საქართველოში 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინებაც აიკრძალება, რასაც ითვალისწინებს “ბავშვის უფლებების კონვენცია“.

დაბოლოს, საქართველო უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის – დუბრავკა სიმონოვიჩის 2015 წლის 23 ნოემბრის მოწოდებას, რომლის მიხედვითაც ყველა სახელმწიფომ მიზანმიმართულად უნდა იმუშაოს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე და შექმნას გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობებზე ზედამხედველობის სისტემა. ყოველი წლის 25 ნოემბერს კი, წარმოადგინოს შემთხვევათა დეტალური ანალიზი.

აქვე სტატისტიკაც: პარტნიორი მამაკაცის ხელით ევროპაში ყოველწლიურად 3500-მდე ქალი კვდება.  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით კი, 2015 წლის პირველ და მეორე კვარტალში საქართველოს მასშტაბით, ოჯახში მოძალადეთა რაოდენობამ 1391, ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობამ კი 1482 ადამიანი შეადგინა. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შორის  1286 ქალია. ხოლო, 196 – კაცი. რაც შეეხება მოძალადეებს, მათგან 1292 კაცია, ხოლო 99 ქალი.

შორენა პაპაშვილი