რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე პერიოდულად მრავალ კილომეტრიანი საცობი ჩნდება. საქართველოში ტურისტული ბუმია. წელს ტურისტების რაოდენობამ პირველად გადააჭარბა ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვს.

საქართველოს ხელისუფლებაში ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინათ აცხადებდნენ, რომ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედია. ასეც მოხდა. ყოველ შემთხვევაში, საქართველო სხვა ეფექტიანი სფეროთი ვერ დაიკვეხნის. ადგილობრივი ეკონომიკის მომსახურების სერვისის მოდელზე გადასვლა შედგა და თითქოსდა, ოცნებაც ახდა! თუმცა, ტურისტებთან ერთად, ქვეყანაში უცხოელებიც გამოჩნდნენ.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ, საქართველოს ძირითადად ევროპული ქვეყნების, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის მოქალაქეები სტუმრობდნენ. რაც შეეხებათ თურქებს, ისინი თბილისში დასამკვიდრებლად და საცხოვრებლად ჩამოდიან. ამას მოწმობს თუნდაც ის, რომ ძველი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში მდებარე, აღმაშენებლის გამზირი თურქული ქალაქების ასლად იქცა. გამზირის ნახევარი, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გარემონტდა. დღეს ერთმანეთის მიყოლებით არის ჩამწკრივებული რესტორნები და კაფეები სახელწოდებებით “ანკარა”, “ისტამბული”, “იზმირი”, ან “ბოსფორი”. კვების ამ ობიექტებს შორის პატარა, სტილისტური სალონებია მათი მფლობელების, ან ოსტატების სახელწოდებით – “მუსტაფა”, “ქემალი”, “ჯავადი”. ამას ყველა მიეჩვია, ზუსტად ისე, როგორც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ძირითადად კი ბათუმში თურქების ყოფა უფრო მეტად მრავალფეროვანია.

0517d826თურქეთი დღეს საქართველოსთვის ძმური ქვეყანაა. აქ თურქების არსებობას სიხარულით ხვდებიან. ამას მოწმობს, თუნდაც ის, რომ ბათუმის აეროპორტს თურქული კომპანია თურქული კანონებით მართავს. ასეთი ზედმეტი სიახლოვე და კეთილმეზობლობა თურქეთს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ახლად დაბეჭდილ რუკებში აჭარა თავის შემადგენლობაში მოაქციოს, ან თურქმა პოლიტიკოსებმა ბათუმი და ქობულეთი ჭეშმარიტად თურქულ ქალაქებად მოიხსენიონ. კეთილმეზობლობაც ხომ ამას გულისხმობს – იგი თავის თავს ბევრის უფლებას აძლევს. მაგალითად, თურქეთმა განაცხადა, რომ განაწყენდება, თუ საქართველო დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავს დიდგორის ბრძოლის გამარჯვების წლისთავს, რადგანაც დავით აღმაშენებელმა, რომლის სახელობის გამზირიც თურქული რესტორნებით არის გადაჭედილი, თურქეთის, მაშინდელი სელჯუკთა სულთნის მრავალრიცხოვანი არმია გაანადგურა.

აღმაშენებლის გამზირის “ოკუპაციას”, თურქებთან ერთად არაბებიც ახდენენ. აქ არაბულ დაწესებულებებსაც ბლომად შეხვდებით.

პროსპექტის მეორე ნახევარი, რომელიც უკვე “ქართული ოცნების” მმართველობის დროს გარემონტდა, თურქული გავლენისგან უფრო თავისუფალია. მისი დიდი ნაწილი ფეხით სავალი ზონაა, სადაც თავმოყრილია ევროპული სტილის ბარები და კაფეები, რაც ნებისმიერი საშუალო ქალაქის ტურისტულ ზონას ახასიათებს. თუმცა, აქ მოსიარულეები ერთი შეხედვით აღმოსავლური წარმომავლობის არიან. ხშირად შეხვდებით მოკლე შარვალში გამოწყობილ აღმოსავლელ მამაკაცს რამდენიმე, თავიდან ფეხებამდე ჩადრებში გახვეულ ქალბატონთან ერთად.

ამ შემთხვევაში საუბარია არა ტურისტებზე, არამედ დევნილებზე. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 5 წელიწადში ერაყელმა, ავღანელმა, ინდოელმა, პაკისტანელმა, სირიელმა და აფრიკელმა 76 ათასმა დევნილმა, საქართველოში ცხოვრების უფლება და თითქმის ნახევარმა ქვეყნის მოქალაქეობაც კი მიიღო.

033_0_c94c0_a822c70_XXXLეს დევნილები, აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან, აზერბაიჯანიდან, ან მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულებს არ ჰგვანან. ისინი კარგად არიან ჩაცმულები, საღამოებს ძვირადღირებულ დაწესებულებებში ატარებენ და რაც მთავარია, მათ აბსოლუტურად მშვიდი, საკუთარ თავში დარწმუნებული გამოხედვა აქვთ. მათ თვალებში არ ჩანს ის საშინელება, შიში და შფოთი, რომელიც პირველ ხანებში ჩვენი, ამიერკავკასიელი დევნილების თვალებში იკითხებოდა.

თბილისური ბაბილონის ამ ხმაურიან ნაწილში დომინანტი ევროპული, სლავური და კავკასიური ენების ნაცვლად არაბული ისმის. აღსანიშნავია, რომ თბილისის ცენტრთან ახლოს, არც ისე გარეუბნებში მრავალრიცხოვანი ინდური და პაკისტანური ოჯახები სახლობენ. მათი პატარა შვილები ქართულად საუბრობენ და ქართველ ბავშვებთან ერთად თამაშობენ. მათი ახალგაზრდები თავს თავისუფლად და თამამად მოქცევის უფლებას აძლევენ და არც ადგილობრივებთან კონფლიქტს ერიდებიან. თუმცა, წინამორბედი ხელისუფლების დროს ახლად დასახლებული უცხოელები ბევრად მეტი უპირატესობებით სარგებლობდნენ, ვიდრე დღეს.

სხვა ქვეყნის დევნილები საქართველოში?! და ეს იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ანგარიშებში საქართველოს ნახევარი მილიონი საკუთარ დევნილი ჰყავს?! ინტერნეტ სივრცეში ცოტა ხნის წინანდელი ინფორმაცია რომ მოიძიო, აღმოაჩენ ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ფაქტებს იმის შესახებ, თუ სააკაშვილის დროს იუსტიციის სახლი, როგორ არეგისტრირებდა უცხოელ დევნილებს ცხოვრების უფლებით. ამისათვის მათ უნდა ჰქონოდათ ბიზნესის და პირად ანგარიშზე 1000 აშშ.დოლარის ფლობის დამადასტურებელი მოწმობა. საინტერესოა, რომელ დევნილს აქვს ჯიბეზე 1000 დოლარი? ქართველი დევნილების 99% ნამდვილად არაფერი გააჩნდა იმ ტანსაცმლის გარდა, რაც ზედ ეცვათ.

ზოგიერთს მართლაც აქვს ბიზნესი და მათი საქმიანობის სფერო ძირითადად სოფლის მეურნეობაა. ამბობენ, კახეთში მთელი სოფელი ინდოელებით არის სავსე.

ეს შესაძლებელია. ერთხელ გერმანიაში ინდოელმა ტაქსისტმა საქართველოდან ჩასულ კლიენტს უთხრა, რომ მისი ნათესავები, მეზობლები და ახლობლები საქართველოში ცხოვრობენ. მათთან სხვებიც აპირებენ ჩასვლას, რადგან იქ ბევრი მიწაა და მუშაობა შეიძლება. საინტერესოა, განა რამდენი მიწა აქვს საქართველოს, რომ ათასობით ინდოელს ეყოს? და საიდან აქვს ამ ქვეყანას “ბევრი” მიწა?

ამაში ზოგი ადგილობრივ გლეხებს ადანაშაულებს, რომლებსაც ყოველწლიურად ერთი და იგივე პროდუქტი მოჰყავთ და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის ცვლილებებს არ ითვალისწინებენ, რაც მათ კონკურენტუუნაროს ხდის. ზოგი გლეხს სიზარმაცესა და უსაქმურობაში ადანაშაულებს. თუმცა, ბევრი ამბობს, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს ბრალია, რომელიც თავისი გლეხების ნაცვლად უცხოელებს უმარტივებს მიწაზე მუშაობას. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ქართველების ცოტა ხნის წინანდელი მარში ემიგრანტების, უფრო სწორედ, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერზე თვალის დახუჭვის წინააღმდეგ, სასოწარკვეთის შედეგია.

“არაფრის გაგება არ არის საჭირო – რამდენიმე წელიწადში საქართველოს დემოგრაფიული ვითარება და ხასიათი რადიკალურად შეიცვლება და ეს შეუქცევადი ცვლილებები იქნება”, – ესეც სასოწარკვეთილის სიტყვებია.

ცნობილი პოლიტოლოგი აშოტ მანუჩარიანი, რომელიც დიდი ხანია ბერლინში ცხოვრობს, ამბობს, რომ გერმანია ამ პრობლემას გაუმკლავდება. “გერმანიაში 90 მილიონი მაცხოვრებელია. ემიგრანტების სულ მცირე 5 % ადგილობრივ საზოგადოებაში არ ირიცხება. დანარჩენები – უკვე გერმანელები არიან. გერმანიას უძლიერესი, მუდმივად განვითარებადი ეკონომიკა აქვს. ერთ სულ მოსახლეზე, მთლიანი შიდა პროდუქტის 40 ათასი აშშ დოლარი მოდის. ცხადია, რთულად მიიღებს ახალ დევნილებს, თუმცა, გერმანია ამ პრობლემას გაუმკლავდება”, – ამბობს პოლიტოლოგი.

რთულია ამ საკითხში გერმანიის და საქართველოს შედარება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აღმოსავლეთიდან ჩასული დევნილი ბევრად უფრო ცოტაა, ვიდრე გერმანიაში.

232839972თბილისში იმასაც ამბობენ, რომ დევნილების უმრავლესობა საქართველოს გარდამტეხ პუნქტად მოიაზრებს. მათი აზრით, ევროპაში აქედან უფრო ადვილად მოხვდებიან. თუმცა, სინამდვილეში, ეს არც თუ ისე ადვილია. ადვილი მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლაა. ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს, თითქმის მთელს მსოფლიოსთან უვიზო რეჟიმი დაწესდა. საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს კი თავისი განსაკუთრებულობა გააჩნია. ზოგი სამშობლოში ხელცარიელი ვერ ბრუნდება, ზოგს რეპრესიების ეშინია. ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს მთელ რიგ ქვეყნებთან თავისი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. საქართველოს მთავრობის საიტზე საუბარი იყო იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები ირანთან, ავღანეთთან, კონგოსთან, ტუნისთან და სხვა ქვეყნებთან მიმდინარეობს.

შესაძლოა, ხელისუფლებამაც დაიწყო არსებული საშიშროებების გააზრება. დემოკრატიული მოქმედებები, ლიბერალური მიდგომები – ეს კარგია, მაგრამ ეს ისეთი ქვეყნისთვის, რომლებსაც ძლიერი ეკონომიკა და მტკიცედ დამკვიდრებული დემოკრატიული ტრადიციები აქვს. სამწუხაროდ, საქართველო ასეთი ქვეყანა არ არის და მან ჯერ კიდევ წარმატებით უნდა განავითაროს ტურიზმი და თავი დაიცვას უკონტროლო და გადაჭარბებული მიგრაციისგან.

ონიკ კლეკჩიანი