Illustration: Sputnik Армения; © Photo : Talita Baghdasaryan

2018 წლის მაისის ბოლოს სომხური მედიის ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ესუ-ს სტუდენტებმა აქტიური როლი შეასრულეს საპროტესტო აქციებში, რასაც შედეგად სერჟ სარგსიანის გადადგომა მოჰყვა. ამას კიდევ წინ უძღოდა პაშინიანის და მისი მომხრეების აქცია უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტებს სარგსიანის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდეს. ამაზე სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრა.

29 მაისის საპროტესტო აქცია ესუ-ში უნივერსიტეტის რექტორის, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის, არამ სიმონიანის წინააღმდეგ იყო მიმართული. აქციების ორგანიზატორი “ესუ-ს რესტარტი” იყო, რომელიც პროტესტს გამოთქვამდა განათლების დაბალი ხარისხის, ფინანსური სახსრების არაეფექტიანად გამოყენების, უნივერსიტეტის პოლიტიზირების, პედაგოგების და სტუდენტების საკუთარი შეხედულებებისთვის დევნის და სტუდენტური კავშირის და პროფკავშირების არაეფექტიანი მოღვაწეობის გამო.

“სომხეთში ხავერდოვანი რევოლუცია მოხდა, სომხეთში კულტურის, ფიქრის და ესუ-ში გამეფებული ატმოსფეროს, პრინციპების და ფასეულობების რევოლუცია მოხდა”, – ნათქვამია აქციის ინიციატორების განცხადებაში.

პროტესტანტმა სტუდენტებმა მოითხოვეს სამეურვეო საბჭოს, ფინანსური აუდიტის, სტუდენტური კავშირის და პროფკავშირული საქმიანობის შეჩერება. მეცნიერთა კავშირის შეხვედრის დარბაზში სტუდენტებს რექტორი დიმონიანი შეხვდა, თუმცა მათ შორის დიალოგი ვერ შედგა.

Illustration: Sputnik Армения; © Sputnik / Asatur Yesayants

“რადგან ცვლილებებისთვის მზად არ ხართ, უნდა გადადგეთ”, – განუცხადა მას ესუ-ს სტუდენტმა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დავით პეტროსიანმა და დასძინა, რომ სტუდენტები დარბაზში მანამდე დარჩებიან, სანამ სიმონიანი არ გადადგება. თავის მხრივ, რექტორმა განაცხადა, რომ სტუდენტების პროტესტი უკანონოა და არ აპირებს დათმობას.

“თქვენ არ ხართ კონსტრუქციული დისკუსიისთვის, ან განხილვებისთვის მზად”, – განაცხადა სიმონიანმა და დარბაზიდან გასვლა სცადა. მაგრამ სტუდენტებმა მას გზა გადაუკეტეს და არ გაუშვეს. რექტორმა განაცხადა, რომ სტუდენტები ამ მხრივ მასზე ზემოქმედებას ახდენენ და ამით მის უფლებებს არღვევენ.

“დათმობაზე არავითარ შემთხვევაში არ წავალ, ამის გაკეთება მხოლოდ საკუთარი ნებით შემიძლია. ხოლო, ის, რაც აქ ხდება, ძალადობაა”, – განაცხადა სიმონიანმა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ დავით პეტროსიანმა განაცხადა, რომ მხოლოდ რექტორის ასაკის გათვალისწინებით მისცემენ მას დარბაზიდან გასვლის უფლებას, ხოლო სტუდენტებმა საპროტესტო აქცია რექტორის კაბინეტთან განაგრძეს.

თავის კაბინეტში სიმონიანი ჟურნალისტებს შეხვდა და განაცხადა, რომ აქცია პოლიტიკური ხასიათისაა და რომ უნივერსიტეტს აქვს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ძალადობის გზით შეუძლებელია.

“არც დათმობაზე წავალ და არც საპასუხო ძალადობას მივმართავ. რაღაცის ნებაყოფლობით გაკეთება შემიძლია, მაგრამ ამ გზით – არა”, – განაცხადა სიმონიანმა და იქვე დასძინა, რომ რექტორის მომდევნო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას აღარ წარადგენს.

“სრული უფლება მაქვს ჩემი კანდიდატურა მეოთხედ წარვადგინო, მაგრამ ასე არ მოვიქცევი. არაფერში მჭირდება”, – განაცხადა მან.

ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სიმონიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. როგორც ესუ-ს პრესმდივანმა გევორქ ემინ-ტერიანმა განაცხადა, სიმონიანს წნევამ აუწია, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, “რესტარტი ესუ-ს” წარმომადგენლებმა, რომლებიც მეცნიერთა კავშირის სხდომათა დარბაზში იყვნენ შეკრებილები, რექტორს გამოჯანმრთელება უსურვეს და საპროტესტო აქციის დროებით შეწყვეტა გადაწყვიტეს.

“ესუ-ის რექტორს, არამ სიმონიანს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. სამეცნიერო საბჭოს დარბაზი განთავისუფლებულია და იგი საგამოცდო სამზადისისთვის მზად არის. მოხარულები ვიქნებით შევხვდეთ ჩვენს პედაგოგებს”, – ნათქვამია აქციის ინიციატორების განცხადებაში.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ სიმონიანზე ზემოქმედება მხოლოდ სტუდენტების მხრიდან არ ხორციელდება. როგორც სომხეთის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით სანასარიანმა განაცხადა, მისი უწყება შემოწმებებს უნივერსიტეტებიდან დაიწყებს და ერთ-ერთი პირველი სწორედ ესუ იქნება.

ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სომხეთის რესპუბლიკური პარტიისთვის სახელმწიფოს სადავეების ჩამორთმევის შემდგომი ეტაპი, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობებიდან რესპუბლიკელების გაძევება იქნება. ამ დროისათვის მათ უკვე შეძლეს შირაქის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, სააკ მინასიანის გადაყენება.

უნდა ითქვას ისიც, რომ სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ დღევანდელი საპროტესტო აქციებისთვის თავად შეამზადა ნიადაგი. სწორედ მან მოახდინა უმაღლესი განათლების სისტემის პოლიტიზირება, რაც რექტორების და სტუდენტური კავშირების პარტიულ კონტროლს დაუქვემდებარა.

ბუნებრივია, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჯერი უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელობაზე მიდგა. ესუ-ის რექტორისთვის სტუდკავშირის ახალგაზრდა თანაპარტიელების მხრიდან საჯარო მხარდაჭერის არქონამ აშკარად აჩვენა სერჟ სარგსიანის და სომხეთის რესპუბლიკური პარტიის მარცხის მიზეზი – საზოგადოებრივი მხარდაჭერის სრული არქონა. პარტიაში მყოფმა და ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების უმრავლესობამ, რთულ დროს სომხეთის რესპუბლიკური პარტიისთვის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს. უფრო მეტიც, იგივე კარიერისთვის და ხელისუფლებასთან სიახლოვის შესანარჩუნებლად ზოგიერთები მზად არიან გამარჯვებულების მხარეს გადავიდნენ. ასე მოიქცნენ მაგალითად, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატები შირაკ ტოროსიანი და არტურ გევორქიანი.

აიკ ხალათიანი