ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის ლევან კალანდაძის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური პრობლემები მანამ არ დასრულდება, სანამ არ დაიწყება რეალური საწარმოო სექტორის დაფინანსება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია ერვონული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის პირობებში.

როგორც კალანდაძემ პორტალ “კვირის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანას არ აქვს არც ჯანსაღი საფინანსო სისტემა და არც ჯანსაღი ფინანსური რეგულირების სისტემა.

“როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დოკუმენტებს ვიშველიებთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ ამ დოკუმენტებშია გამოთქმული ეროვნული ბანკის მიმართ რიგი კრიტიკული შენიშვნები იმ სისტემური ცვლილებების არგატარებისა და პრინციპული რეკომენდაციების არგათვალისწინების გამო, რომლებიც წარმოადგინა სავალუტო ფონდმა და რომელთა გატარების აუცილებლობა დღესაც აქტიურად აყენებს ეს საერთაშორისო ორგანიზაცია. ამ შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური სექტორის ზედამხედველობა სწორედაც რომ არ უნდა ჩაითვალოს ეფექტიანად, მით უმეტეს, წარმატებულად”, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.

მისივე თქმით, სავალუტო ფონდის პრინციპული მოთხოვნების მიუხედავად, ეროვნულმა ბანკმა არ დანერგა მაკროპრუდენციული რეგულირებისა და რისკების მართვის სტანდარტები, რაც ერთის მხრივ ქვეყანაში შექმნიდა სისტემური და სექტორული რისკების იდენტიფიცირების ციკლს, მეორეს მხრივ, ფინანსური ნაკადების ეფექტიანი მართვის სისტემას.

შესაბამისად, მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ძირითად აქცენტს ფასების სტაბილურობაზე აკეთებს და თავისი პოლიტიკით პრაქტიკულად უარი თქვა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნების სანაცვლოდ. თუმცა, რეალურად ეს უკანასკნელიც ვერ შენარჩუნდა.

ლევან კალანდაძის განმარტებით, როდესაც 2015 წლის დასაწყისში ეროვნული ბანკს ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ურჩევნდნენ, ეროვნულმა ბანკმა ეს არ გააკეთა და არგუმენტად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე მოსალოდნელი ნეგატიური გავლენა დაასახელა. მაშინ კი, როცა საფრთხე ემუქრება ფასების სტაბილურობას, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს.
Sh.p‏‏