საქართველოს ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ლარი საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად გამყარდება და მისი უწყება არსებულ მდგომარეობას ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ყოველდღიურაად აანალიზებს. მინისტრის შეფასებით, ლარის კურსი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას მაკროეკონომიკური პარამეტრები აჩვენებს.

“მაკროეკონომიკური პარამეტრებით, დღეს ჩვენ ვართ ლარის გადაფასებაში, ანუ კურსი არის უფრო გაუფასურებული, ვიდრე მაკროეკონომიკური პარამეტრები გვიჩვენებს. მოსახლეობისთვის მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის რეალური ციფრები, რომელიც გვიჩვენებს ექსპორტის და იმპორტის ბალანსს. ასევე, იმ შემოდინებებს, რომელიც ქვეყანაშია. შესაბამისად, ყველა ამ ციფრიდან გამომდინარე, ჩვენს ვალუტაზე ზეწოლა წინა წელთან შედარებით შემცირდა 100-180 მილიონი დოლარით. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად მოხდება ლარის გამყარება”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ შემოდინებების ნაწილში ბაზრის მოთამაშეებმა ვერ მოახერხეს სწორი მოლოდინების ფორმირება, ეროვნული ბანკი და ცენტრალური ხელისუფლება ყველა საჭირო ზომას გაატარებს.

“მათ შორის, თუ კიდევ ერთხელ დასჭირდა ქვეყანას და ვალუტას, რომ მოხდეს ცენტრალური ხელისუფლებიდან ბიუჯეტის კორექტირება, ჩვენ ამის განხილვასაც დავიწყებთ. თუმცა დღეს არსებული პარამეტრებით ამის საჭიროება არ არის”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.