“საპროტესტო აქცია – ევროსასამართლო, ევროსასამართლო – საპროტესტო აქცია”, – ასეთია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოველდღიურობა მას შემდეგ, რაც, 2 მარტს, 9 მოსამართლისგან შემდგარმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, “რუსთავი 2”-ის 60%-იანი წილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% შპს “პანორამას”. დიდმა პალატამ, ასევე, ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელებს გიორგი და ლევან ყარამანიშვილებსა და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს “პანორამას” სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 5000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.

მოსამართლეთა გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის თანამშრომლები და ტელეკომპანიის მხარდამჭერები, უზენაესი სასამართლოს შენობასთან, საპროტესტო აქციის ფონზე ელოდნენ. მას შემდეგ, თბილისში ტელეკომპანიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები ერთმანეთის მიყოლებით იმართება და “რუსთავის 2”-ის ხელმძღვანელობა, უკვე მერამდენე დღეა ცდილობს, სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლის საბაბით, მოსახლეობა აქციაზე “გაიტყუოს”.

ქართული მედიასივრცე ყოველთვის ერთსულოვნებით გამოირჩეოდა, მაგრამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობამ, პირველივე დღეებიდან ამ ერთობაში ღრმა ბზარი შეიტანა. ტელეკომპანია “იმედში” შეჭრა და მისი დარბევა, ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებების ერთმანეთის მიყოლებით დახურვა და უამრავი უმუშევრად დარჩენილი ჟურნალისტი, რომლებიც, 2003 წელს “ვარდების რევოლუციას” ზარ-ზეიმით შეხვდნენ.

დღეს კი, “რუსთავი 2”-ის სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლას მხარდამჭერები, პირველ რიგში სწორედ ჟურნალისტებს შორის არ ჰყავს, ნაწილი კოლეგიალობის გამო იკავებს თავს პოზიციის ღიად გამოხატვისგან, ნაწილი კი მკაცრი ტონით ახსენებს “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ გვარამიას, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ უსამართლობას, თუ როგორ ებრძოდა “ნაციონალური მოძრაობა” სიტყვის თავისუფლებას, როგორ იდევნებოდნენ ადამიანი განსხვავებული აზრის გამო და რომ არსად ჩანდნენ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ კოლეგებს სიტყვას შეაწევდნენ და გვერდში დაუდგებოდნენ.

“კარგად გაიხსენონ ჩვენ, როგორ გვავიწროვებდნენ. მას მერე დაკეტილი გვაქვს ასპარეზი და ახლა თავისუფალი სიტყვის დამცველად გამოდის “რუსთავი 2” -ის ხელმძღვანელი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას თავად არღვევდა თავისუფალ სიტყვას, ბნელი უნდა იყო, რომ არ იცოდე! დიდი შეურაცხყოფაა სრულიად ქართული მედიისთვის, რასაც ამ არხის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ თუ “რუსთავი 2″ დაიხურება, საქართველოს მოსახლეობა ვერაფერს მართალს ვეღარ გაიგებსო”, – წერს Facebook-ში ერთ-ერთი ჟურნალისტი.

ისტორიის დასაწყისი…

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის კუთვნილი წილის დასაბრუნებლად სასამართლოში დავა ორი წლის წინ, ქვეყნის ხელისუფლებაში კოალიცია “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ დაიწყო და მაშინვე, ტელეკომპანიის მფლობელების წილების დაყადაღება მოითხოვა.

“სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ერთ-ერთი უპრეცედენტო და შემზარავი მოვლენა მედია საშუალებებზე კონტროლის დამყარება და მათი მფლობელებისთვის უკანონოდ ჩამორთმევა იყო. 2006 წლის დეკემბერში ქიბარ ხალვაშს “რუსთავი 2″-ის წილი დაათმობინეს. ხალვაშის წინააღმდეგ მთელი სახელმწიფო სადამსჯელო მანქანა აამუშავეს და 2007 წლიდან დაიწყო მისი დევნა. უხეში ძალადობით შეიჭრნენ ქიბარ ხალვაშის კუთვნილ კომპანიებში, საეჭვო ვითარებაში დაიწვა საწყობი, სადაც, რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონება ინახებოდა. საბოლოოდ ბიზნესმენი იძულებული გახდა ოჯახთან ერთად თავი გერმანიისთვის შეეფარებინა, სადაც მოგვიანებით პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო”, – აცხადებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.

xalvashi_7სასამართლოში სარჩელის შეტანის პირველივე დღეებიდან, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ის ებრძოდა არა ჟურნალისტებს, არამედ კომპანიის ნომინალურ მფლობელებს, რომლებზეც წილები ფორმალურად დაარეგისტრირეს. 2015 წელს, მან ასევე მიმართა დიპლომატური კორპუსს, საელჩოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ხელი შეეწყოთ საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული კერძო საკუთრების უფლების დაცვაში, რადგან სამართალწარმოება ყოფილიყო გამჭვირვალე და პოლიტიკური სპეკულაციებისგან დაცული.

ბიზნესმენმა პოზიცია არც მას შემდეგ შეცვალა, რაც ორი წლის თავზე, სასამართლო კოლეგიამ მას “რუსთავი 2”-ის წილი მიაკუთვნა. მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ ტელეკომპანიაში შეჭრას არ აპირებს. მაგრამ, დღეს და ხვალ, თუ არა, ახლო მომავალში “რუსთავი 2” იქნება არა ერთი პარტიის ტელევიზია, არამედ მთელი საქართველოს ტელევიზია, რომელიც ასევე იქნება კრიტიკული.

“ხალხი, რომელიც თითქოსდა “რუსთავი2”-ის დასაცავად დგას, სინამდვილეში, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ინტერესებს იცავს. ის ხალხი ბარიკადებზე, მხოლოდ სააკაშვილის ინტერესების დასაცავად დგას. “რუსთავი 2″-დან ვისაც უნდა წასვლა, ყველა წავა, ვისაც უნდა დარჩენა – დარჩება”, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

სტრასბურგის გამოძახილი…

9 მოსამართლის მიერ მხარდაჭერილი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირი ეთერით საზოგადოება უკვე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ემოციურ განცხადებებს ისმენდა. სოციალურ ქსელში კი ერთმანეთის მიყოლებით კეთდებოდა პროგნოზები, რომ გვარამია ტელეკომპანიას იოლად არ დათმობდა. მან ქიბარ ხალვაშს ისიც კი შესთავაზა, – “შენ მაინც ბიზნესი გაინტერესებს, ტელევიზიის მართვის არაფერი გაგეგება და “რუსთავი 2″ ისევ ჩვენ მოგვყიდე 4 მლნ აშშ დოლარადო”.

2017-02-19T165821Z_1_LYNXMPED1I0KT_RTROPTP_4_GEORGIA-MEDIA“იგი სასამართლოში დაობდა 7 მილიონზე ოდნავ მეტ ლარზე. ჩვენ დავთვალეთ ეს არის 4 209 397 დოლარი იმ კურსით, რომელიც მაშინ იყო. მას მიღებული აქვს გარკვეული რაოდენობა, დარჩენილ 3 944 397 დოლარს გადავიხდით”, – განაცხადა გვარამიამ.

ერთი სიტყვით, “რუსთავი 2”-ის 100%-იანი წილი მოითხოვა. მაგრამ, შეთავაზება ქიბარ ხალვაშს სასაცილოდ არ ეყო და ნიკა გვარამიას ავანტიურისტი უწოდა. ამას მოჰყვა გვარამიას მეორე ბრიფინგი, სადაც მან საზოგადოებას ამცნო, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა და რომ ევროპის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

როგორც ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე განმარტავს, “რუსთავი 2”-ის საქმეზე ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს, საქართველოს უზენაესი სასამართლო პალატის გადაწყვეტილების საბოლოოდ გაუქმებას და მისი აღსრულებაში მოყვანა შესაძლებელია.

მისივე თქმით, ევროსასამართლომ მიიღო დროებითი ღონისძიება, იმის საფუძველზე, რაც “რუსთავი 2” -მა მათ აცნობა, კერძოდ, რომ ქვეყანაში შესაძლოა პრობლემა შეექმნას სიტყვის თავისუფლებას. ხოლო წერილი, რომელიც სტრასბურგიდან ჩამოვიდა, არის რეკომენდაცია და სახელმწიფოს შეუძლია ის გაიზიაროს, ან არ გაიზიაროს.

“რუსთავი 2”-ის გარშემო შექმნილ ვითარებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ახალი ინიციატივით გამოეხმაურა. მისი აზრით, უნდა შეიქმნას მედიის ომბუდსმენის ოფისი, რომელიც მუდმივად დააკვირდება საქართველოში მედია გარემოს, მათ შორის “რუსთავი 2”-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას.

“დაინტერესებულნი ვართ ჩვენი ინსტიტუტების დაცვით და გაძლიერებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული”, – განაცხადა პრემიერმა.

მოსაზრებები …

როგორც Dalma News-ს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “ჩვენი უფლებებისათვის” თავმჯდომარე დავით ლილუაშვილმა განუცხადა, სტრასბურგის სასამართლო არ განიხილავს ქონებრივ და მესაკუთრის შესახებ დავას და მისთვის გაუგებარია, როგორ აპირებს “რუსთავი 2” დაამტკიცოს, რომ დაირღვა კონვენციით გარანტირებული უფლება.

“მოსარჩელე მხარეს, ანუ “რუსთავი 2”-ს შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს მოპასუხე მხარესთან, ხელისუფლებასთან სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორ უნდა დაამტკიცოს ის რომ დაირღვა კონვენციით გარანტირებული უფლება არ ვიცი… სამივე ინსტანციის სასამართლოში მათ მიეცათ თავიანთი ინტერესებისა და პოზიციების დაცვის საშუალება. ეს არის მესაკუთრეთა შორის კერძო დავა, ხოლო “რუსთავი 2″-ის მენეჯმენტს, უნდა აღნიშნული წარმოაჩინოს, როგორც სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება, როგორც ხელისუფლების ბრძოლა ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად და ა.შ. რაც არის დეზინფორმაცია და რასაც რაციონალურად და ადეკვატურად მოაზროვნე მოქალაქეები არ ვეთანხმებით!!!”- განაცხადა მან.

მედიის ომბუდსმენის ოფისის შეიქმნის აუცილებლობას ვერ ხედავს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დავით ლილუაშვილი და აცხადებს, რომ საქართველოში არსებობენ მედიაექსპერტები, არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციები, არის სახალხო დამცველი.

11026415_1028980360449819_1188540056_n“თუ საჭიროება იქნება და დაუძლეველი პრობლემები გაჩნდება მედია სივრცეში მერწმუნეთ შესაბამის რეაგირებასაც მოვახდენთ. ისევე, როგორც ეს მოხდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით”, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “ჩვენი უფლებებისათვის” თავმჯდომარე.

დავით ლილუაშვილის შეფასებით, “რუსთავი 2”-ს საზოგადოების დიდი ნაწილი განიხილავს, არა როგორც დამოუკიდებელ მედიას, არამედ, “დესტრუქციული და რევანშისტული ძალის – “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამასხურად”.

და მაინც, რისთვის იბრძვის “რუსთავი 2”, სიტყვის თავისუფლებისთვის, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის პოლიტიკური ინტერესებისთვის, თუ ახალი რევოლუციისთვის… “ბარიკადების” მეორე მხარეს აღმოჩენილი ჟურნალისტების აზრით, “რუსთავი 2”-ის ბრძოლა ყველაზე ნაკლებად ჰგავს სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლას, რადგან მათ ამ უფლებას არავინ უზღუდავს.

“არ არსებობს ტელევიზია, რომელიც “ნაციონალების”, ან სხვა ოპოზიციური პარტიის წევრების კომენტარებს არ აშუქებდეს და ხელისუფლებას, რაიმე ფორმით აქებდეს. უფრო მეტიც, ყველა არხზე, საინფორმაციო გამოშვებებში, უმეტესად, კრიტიკული სიუჟეტები გადის და მთელი დღე უარყოფით ინფორმაციებს ვისმენთ. მხოლოდ ცალკეულ გადაცემებში თუ გაიგებ, რა ვითარებაა ბიზნესის თვალსაზრისით და რა განსხვავებაა წინა ხელისუფლებისა და დღევანდელის მიდგომას შორის. ამდენად, ცხადია, “რუსთავი 2″ კვლავ პარტიულ ტელევიზიად რჩება და ყველაზე მეტად კრიტიკულია, ასევე, ყველაზე არაობიექტური”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელმაც გარკვეული მოსაზრებების გამო ვინაობის გამხელაზე უარი განაცხადა.

ჟურნალისტის აზრით, დღეს საქართველოში, არც სიტყვის თავისუფლების პრობლემაა და წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, დღევანდელი ხელისუფლება იმასაც არ ცდილობს, მისი საქმიანობა მედიის საშუალებით “გააპიაროს” და მაყურებელი მხოლოდ სოციალურ თემატიკაზე მომზადებულ გადაცემებში თუ გაიგებს, რომ ქვეყანაში ფერმები და საკონსერვო ქარხნები არსებობს.

მთავრობის წევრებს კი მიაჩნიათ, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე საკითხით პოლიტიკური სპეკულირება არ არის გამართლებული და ყველა პროცესი, რომელიც “რუსთავი 2”-სკენ არის მიმართული, გამჭვირვალედ და კანონის ფარგლებში მოგვარდება.

r2მანამდე კი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა 11 მარტს, მორიგი აქცია-კონცერტი გამართა. თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სამი საათის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს არხის ხელმძღვანელებმა და მხარდამჭერები დაარწმუნეს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ბრძოლა სიტყვის თავისუფლების დასაცავად გრძელდება.

გიორგი ქართველი