კვანტუნის არმია განწირული იყო, თუმცა სწორედ ამან მისცა იაპონელებს სიმტკიცე. გაპარტახება, თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა, უკიდურესად სისხლიანი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია მიწაზე და ჰაერში ერთ თვესაც არ გაგრძელებულა, საბრძოლო მოქმედებებმა უდიდესი ტერიტორია მოიცვა. ერთ-ერთი არმია, რომელიც ბოლომდე ლიკვიდაციაში მონაწილეობდა, მეთორმეტე საგარეო ბრიგადა იყო, სერგეი ხუდიაკოვის ხელმძღვანელობით.

ბაქო – 1915

იმის თქმა, რომ იმ წლებში ბაქო უცნაურად შეძრულ სკას წააგავდა, ნამდვილად არ იქნება საკმარისი. ბევრი შრე წარმოიშვა, მაგრამ ლოგიკასთნ არც ამას ჰქონდა საერთო: ბაქოს კომუნა და არეულობები, ეთნოსთაშორისი და პარტიული კონფლიქტები – ხშირად შეიარაღებულიც, ბრიტანეთის მორიგი ღალატის შედეგი, ქალაქთან თურქეთის ჯარის ნაწილების მიახლოვება…

ყარაბაღის მთებში ერთ-ერთი მიკარგული სოფლიდან, სამსახურის ძიებაში, სწორედ ასეთ ბაქოში ჩავიდა 13 წლის არმენიკ ხანფერიანცი, რომელსაც ცხადია, თავისი პოტენციალის რეალიზების იმედი ჰქონდა. სამსახური დიდ ქალაქში, თუ არ ითაკილებ, ყოველთვის მოიძებნება: თევზის გასუფთავება, ზეინკლობა რკინიგზაზე, ტელეფონზე მოპასუხე, ან მუშა-მენავთობე მანთაშევთან.

სხვათა შორის, იგი საარსებოდ ნებისმიერი სამუშაოს ძებნის გარდა თვითგანათლებით უფრო იყო დაკავებული. მან დამოუკიდებლად შეისწავლა უცხო ენები და უკვე ორ წელიწადში აზრებს გერმანულად და ინგლისურად შედარებით თავისუფლად აყალიბებდა.

სამ წელიწადში რამდენიმე პროფესიის შეცვლის შემდეგ, ხანფერიანცმა 1918 წელს ბაქო დატოდა და ბევრის მსგავსად, მას სამუდამოდ დაემშვიდობა. ევროპისა და აზიის უდიდეს ტერიტორებზე სამოქალაქო ომებმა ყველაფერი ძირფესვიანად შეცვალა. იგივე ხვედრი ნავთობის კასპიისპირა დედაქალაქმაც გაიზიარა. არმენაკი ნათესავებს აღარ უნახავთ, ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ სამოქალაქო ომის დროს დაიღუპა. თუმცა, მას მხოლოდ უფროსი ძმა – არტაშესი ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1941 წლის ბოლოს კი თავად არტაშესიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

თუმცა, არმენაკის პოვნა შეუძლებელი იყო, რადგანაც იგი სერგეი ხუდიაკოვი გახდა. იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა სახელის შეცვლა, ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ვერსია ბევრია.

კონსპირაციის სამი ვერსია

მაშ ასე, არმენიკ ხანფერიანცი სერგეი ხუდიაკოვი გახდა და სახელი მრავალ ბრძოლაში გაითქვა. შედარებით პროზაული ახსნა ის არის, რომ მან თავისი სომხური წარმომავლობა დამალა, რათა რუსული სახელით, ცხოვრებაში ბევრის მიღწევის იმედი ჰქონდა. არსებობს სანდო წყაროები, რომ იგი სხვადასხვა წლებში სომხებთან სომხურ ენაზე ურთიერთობდა და არასოდეს დაუმალავს, რომ მისი მშობლიური ენა სომხურია. ასე, რომ ზემოთ აღნიშნული ვარაუდი საეჭვოა სწორი იყოს.

7896541231არსებობს შედარებით უფრო კეთილშობილური ვერსია: სერგეი ხუდიაკოვი იყო არმენიკის უახლოესი მეგობარი, რომელიც კავალერისტობის დროს სადაზვერვო საცხენოსნო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. ბარჟა, რომლითაც ისინი მიცურავდნენ, იძირებოდა და დაჭრილმა ხუდიაკოვმა არმენიკი, რომელმაც ცურვა არ იცოდა, საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა. მადლიერების ნიშნად არმენიკმა მისი სახელი დაირქვა. აღსანიშნავია, რომ სერგეი ხუდიაკოვის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ამ სახელით მომსახურე მარშალის ბიოგრაფია არსად მოიპოვება, არც ამ ადამიანის სავარაუდო სამშობლო სარატოვოში.

მესამე ვერსია იმაზე მოგვითხრობს, რომ ბაქოს კომუნის დამარცხების შემდეგ, ის ნაწილი, სადაც ხანფერიანცი მსახურობდა, თურქებს ჩაუვარდათ ხელში. ახლად დაპყრობილ გემზე თურქებმა გამარჯვების ყიჟინა შემოჰკრეს და სომხები პირდაპირ გემბანზე დახვრიტეს, დანარჩენებს კი არც შეხებიან. არმენაკმა მათ, სადღაც ნაპოვნი ატესტატი წარუდგინა, რომელიც, რომელიღაც გიმნაზიაში ს.ა.ხუდიაკოვის სახელზე იყო გაცემული. სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ ტყვედ ჩავარდა. თუმცა, ტყვეების ერთი ჯგუფი იმავე ღამეს გაიქცა და არმენიკიც ასე განთავისუფლდა. ამ ვერსიაში საეჭვო ის არის, რომ ხანფერიანცი, როგორც სომხურ, ისე სხვა დოკუმენტებში, ყველგან თავის ზუსტ დაბადების თარიღსა და ადგილს – ყარაბაღს მიუთითებდა. გამოდის, რომ თუ გიმნაზიის მიერ გაცემული მოწმობა მართლაც არსებობდა, მაშინ ხუდიაკოვისა და არმენაკის დაბადების თარიღი ერთმანეთს ემთხვეოდა, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

იმასაც ამბობდნენ, რომ ბაქოს კომუნის დროს ტელეფონისტად მუშაობისას, არმენაკს თვალში მოხვდა ის, რომ ვიღაც ლავრენტი ბერია ხშირად უკავშირდებოდა ბრიტანელ კონსულს მაკდონელს. მათი საუბრის თემა ერთობ საეჭვო იყო. გარდა ამისა, ბაქოს ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა ფოტოსურათი, რომელშიც სხვებთან ერთად სწორედ ეს ბერიაც იყო. ამის შემდეგ ვითომდა არმენაკმა საგანგებო კომისიას ახსნა-განმარტებები გადასცა, რომელსაც აღნიშნული ფოტოსურათი და ბერიას სატელეფონო საუბრების ჩანაწერი დაურთო. ამის შემდეგ, ბერიას შურისძიების შიშის გამო სახელი შეიცვალა. თუმცა არც ეს ისტორია ჰგავს სინამდვილეს, რადგანაც ასეთი გაზეთი არქივში არ მოიპოვება. გარდა ამისა, 19 წლის ბერია, რომელიც მაშინ არაფერს წარმოადგენდა, ვერ დააშინებდა ხუდიაკოვს, რადგანაც მისი კარიერული წინსვლის პროგნოზირება წარმოუდგენელი იყო.

ასეა თუ ისე, ნამდვილი მიზეზი, როგორც ჩანს, მხოლოდ არმენაკ ხანფერიანცმა იცოდა. ის კი ამის შესახებ არავისთან საუბრობდა.

სამხედრო გზა

მას შემდეგ რაც ხანფერიანც-ხუდიაკოვი დედოფლის დაცვის პირველ საცხენოსნო კავალერიაში მსახურობდა, მისი სამხედრო კარიერა გადამწყვეტად იქცა. ოცეულის რაზმის ხელმძღვანელობიდან ესკადრონის ხელმძღვანელობამდე, სამოქალაქო ომის დასაწყისიდან რეგიონში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ამიერკავკასიის ფრონტზე იმყოფებოდა.

ტფილისში ჩატარებული კავალერიის კურსები ოფიცრებისათვის მისი პირველი სამხედრო განათლება იყო. გარკვეული დროის განმავლობაში, იგი პოლკის სკოლის ხელმძღვანელად მუშაობდა. შემდეგ კამენცე-პოდოლსკის კაზაკთა სკოლას ხელმძღვანელობდა.

1930-იანი წლების დასაწყისი იმით გამოირჩეოდა, რომ კავალერია წარსულს ჩაბარდა და ჯარის ახალი სახეობების ტექნიკურ სპეციალისტებზე მოთხოვნა, სულ უფრო მეტად გაიზარდა. ეს ტენდენცია ხანფერიანცსაც შეეხო, რომელმაც ფრიადზე დაამთავრდა ნ.ე.ჟუკოვსკის სახელობის წითელი არმიის სამხედრო-საჰაერო აკადემიის მეთაურთა ფაკულტეტი, მაიორის წოდება მიიღო და ბელორუსის სამხედრო ოლქში გაგზავნეს. იქ ორი წლის განმავლობაში საავიაციო ბრიგადის შტაბის ოპერატიული განყოფილების ხელმძღვანელობიდან, სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის განყოფილების ხელმძღვანელისა და სამხედრო-საჰაერო ძალების ლოგისტიკის მმართველის თანამდებობამდე გაიკვლია გზა.

1941 წლის ივნისში ხანფერიანცს უკვე პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა და ბელორუსის მთელი საგანგებო სამხედრო ოლქის შტაბს ხელმძღვანელობდა. თუმცა, ავადსახსენებელ 22 ივნისს, იგი საავადმყოფოში იწვა ხერხემლის დაზიანებით. სხვათა შორის, გამორიცხული არ არის, რომ სტალინის რისხვას სწორედ ამ გარემოებამ გადაარჩინა. ზაფხულის წარუმატებელი ბრძოლების გამო, სტალინი დამნაშავეებს ეძებდა. დასავლეთის ფრონტის თითქმის ყველა მთავარსარდალი, მათ შორის არმიის გენერალი პავლოვი, “ტრიბუნალი – დახვრეტის” გზას გაუყენა. ხანფერიანცი გადარჩა.

ამის შემდეგ, დასავლეთის ფრონტის სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელის თანამდებობაზე მოსკოვისათვის ბრძოლაში ხანფერიანცმა გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. 1942 წელს, მისი შეთავაზებით, უზენაესი მთავარსარდლობა ფრონტის შემადგენლობაში საჰაერო არმიის შექმნის გადაწყვეტილებას ღებულობს. ამან ნაწილების მობილურობა და უკეთ გამოყენების შესაძლებლობები გაზარდა. ხანფერიანცი სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის ხელმძღვანელი ხდება, შემდეგ კი დასავლეთის ფრონტზე პირველი საჰაერო არმიის მთავარსარდლის წოდებას იღებს.

ხანფერიანცს, თავისი წოდების მიუხედავად, თავად უყვარდა ფრენა. მან ოთხ დღეში აითვისა ამერიკული გამანადგურებელი “ქინგ კობრა” და ენთუზიაზმით შეასწავლა სხვებსაც.

1943 წელს მძიმე ბრძოლები გაიმართა კურსკთან და დნეპრთან. ხანფერიანცი ვორონეჟისა და სტეპების ფრონტების საბრძოლო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა. იმ წელს მის ოჯახს უბედურება დაატყდა თავს. გაურკვეველი მიზეზებით, ხანფერიანცმა კურსკის ბრძოლის შემდეგ, ფრონტზე თავისი უფროსი ვაჟი, 14 წლის ვიტია წაიყვანა, რომელიც ხარკოვის რაიონში გერმანელების ავიაციის თავდასხმის დროს დაიღუპა. მეთაურმა შვილი მოსკოვში, ნოვოდევიჩიეზე დაკრძალა.

იალტის კონფერენცია (ხანფერიანცი – მარჯვნიდან მესამე)

ლეგენდების შესახებ

იმავე წლის 23 თებერვალს, გენერალ-ლეიტენანტი ხანფერიანცი თავს ესხმის გერმანიის საავიაციო დაჯგუფების მთავარ ბაზას, რომელსაც გენერალ-პოლკოვნიკი რობერტ ფონ გეიმი ხელმძღვანელობდა.

1945 წლის მარტში იგი ბაიკალის რეგიონში მეთორმეტე საჰაერო არმიის ხელმძღვანელად დაინიშნა. იქ მან თითქმის შეუძლებელი შეძლო: მეთორმეტე საჰაერო არმიამ უნიკალური ოპერაცია შეიმუშავა და განახორციელა. საბჭოთა სატრანსპორტო თვითმფრინავებმა, რომლის ბორტზეც საბრძოლო ქვედანაყოფები იმყოფებოდნენ, ქალაქ მუკდენში, პირდაპირ კვანტუნის აეროდრომზე დაეშვნენ. ოპერაციაში 250 შერჩეული დესანტი მონაწილეობდა – მთელმა ესკადრილიამ მტრის პოზიციებს გადაუფრინა და მტრის ზურგში აღმოჩნდა. აეროდრომის დაცვა დიდხანს ვერ მოვიდა გონს.

სიგიჟით გათვლილი ამ წარმოუდგენელი ოპერაციის ტრაფეა პუ ის, “იმპერატორ” მანჩჟოუ-გოსა და ამ “იმპერიის” ოქროს მარაგის ხელში ჩაგდება იყო. ოქროთ დატვირთული ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბაიკალის რეგიონში მხოლოდ წლების შემდეგ აღმოაჩინეს მონადირეებმა. მარშალ ხანფერიანცის დაკავებამდე რამდენიმე თვეღა რჩებოდა…

მორიგი უცნობი

1945 წლის 14 დეკემბერს ხანფერიანცი ჩანჩუნიადან მოსკოვში გამოიძახეს. შუა გზაზე, ჩიტეს აეროდრომში დააკავეს და მოსკოვში უკვე ციხის ვაგონით ჩაიყვანეს.

დაკავება ოფიციალურად 1946 წლის მარტში გააფორმეს, ბრალდება ორიგინალურობით ვერ დაიკვეხნიდა: “ბრალდებულია ჯაშუშობაში. ინგლისური სადაზვერვოს აგენტი”. ეს სტრიქონი თავის თავად უკვე განაჩენი იყო. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ მარშალი ჯერ კიდევ 1919 წელს, ბაქოში გადაიბირა ვიღაც ვილსონმა, ინგლისელმა ოფიცერმა და მენშევიკური მთავრობის დაშნაკური რაზმის წევრი იყო. იმ აშკარა ფაქტზე, რომ ხანფერიანცი აღნიშნულ პერიოდში წითელ არმიაში მსახურობდა, ყურადღება არავინ გაამახვილა.

გარდა ამისა, მას მანჩჟრის ოქროთი დატვირთული თვითმფრინავის ჩამოგდება შეახსენეს. საბოლოო ჯამში, ხანფერიანცმა ოქროს ზოდებიანი მთელი თვითმფრინავის მითვისება “აღიარა”.

სხვათა შორის, საბრალდებო დასკვნაში პირველად იყო აღნიშნული ის, რომ არმენაკ ხანფერიანცმა სერგეი ხუდიაკოვი დაირქვა. ცხადია, ამის დამამტკიცებელი წყარო არ დასახელებულა. ჩვეულებრივ, მსგავსი საქმეები რეკორდულად მოკლე დროში იბეჭდებოდა და განაჩენიც დაუყოვნებლივ სრულდებოდა. ამ მხრივ გამონაკლისები არც მარშალები იყვნენ და არც – რიგითები. თუმცა ხანფერიანცის საქმე საკმაოდ დიდხანს, ოთხ წელიწადს გაგრძელდა და 1949 წელს დასრულდა. კიდევ ოთხი წლის შემდეგ კი დაპატიმრებული გამომძიებელი მ. რიუმინი, რომელიც ბერიას ბრძანებებს ასრულებდა ყვება, როგორ შეთხზეს საქმის “დეტალები” და როგორ აწამეს მარშალი. მარშალ არმენაკ ხანფერიანცის განაჩენი 1950 წლის 18 აპრილს გამოიტანეს და იმავე დღეს დახვრიტეს.

როგორც მაშინ იყო მიღებული, მარშალის ახლობლები – მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი, როგორც “სამშობლოს მოღალატეს ოჯახის წევრები” დააკავეს. არმენაკის უფროსი ვაჟი, ლეიტენანტი ხუდიაკოვი საბჭოთა არმიის რიგებიდან “ასაკის გამო” გაანთავისუფლეს და ეს სულ რაღაც ოცი წლის ასაკში. ისიც გადაასახლეს.

მხოლოდ 1954 წლის აგვისტოში, მთავარმა სამხედრო პროკურატურამ მარშალის რეაბილიტაცია მოახდინა გარდაცვალების შემდეგ. ამის მერე მისი სახელი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქალაქში ქუჩებს და მოედნებს უწოდეს.

ათწლეულების შემდეგ, 2010 წლის 9 მაისს, დამოუკიდებელი სომხეთის ჯარის ვიცე-პოლკოვნი ვარდან ხანფერიანცი, მარშალის ძმის შვილიშვილი, მოსკოვში, წითელ მოედანზე, გამარჯვების 65-ე წლისთავის აღლუმზე სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ძალების კოლონას ჩაუდგა სათავეში.

1930-იანი წლების დასაწყისში, ჯერ კიდევ მოსკოვში სასწავლებლად გამგზავრებამდე, მან მშობლების მონახულება გადაწყვიტა. თითქმის უკვე მისული იყო, რომ ევლახში, რკინიგზის ბაქანზე შემთხვევით შეხვდა თანასოფლელს, რომელმაც უთხრა, რომ მამამისს ყველაფერი ჩამოართვეს და გადაასახლეს, სად -გაურკვეველია. ასე, რომ სამშობლოში დაბრუნება უკვე, აღარ შეიძლებოდა. მას იქვე გაახსენდა, რომ ბაქოში ნათესავები – ხანფერიანცები ჰყავდა, რომლებიც საკმაოდ მდიდრები იყვნენ, თუმცა თავის დროზე, მათ იგი არ მიიღეს. ახლა კი მათი ადგილსამყოფელიც გაურკვეველი იყო. გარდა ამისა, მათი ნათესაური კავშირებიც გაირკვეოდა. სწორედ ასე დაბრუნდა არმენაკი მოსკოვში – ეს იყო მშობლიურ მიწაზე ფეხის დადგმის პირველი და უკანასკნელი მცდელობა.

სამხედრო ჯილდოები:

ლენინის ორდენი

წითელი დროშის ორი ორდენი

სუვოროვის პირველი და მეორე ხარისხის ორდენი

კუტუზოვის პირველი ხარისხის ორდენი

წითელი ვარსკვლავის ორდენი

მრავალრიცხოვანი მედლები

მოამზადა რუბენ გიულმისარიანმა