ერთხელ თბილისის ცენტრალურ ქუჩას – რესტორნების, სასტუმროების, სხვადასხვაგვარი მაღაზიებისა და კაზინოს გვერდით გავუყევი. პირველი სამი დაწესებულებისაგან განსხვავებით, აზარტული თამაშების სახლის შესასვლელთან რისხვის, იმედგაცრუებისა და აღშფოთების გამომხატველ სახეებს ხშირად ვხედავდი. ამჯერად ერთ-ერთი კაზინოს გვერდით ჩავლისას შევამჩნიე ჩემსკენ წამოსული შუა ხნის სახეწაშლილი მამაკაცი, რომელსაც ხელში რაღაც ფურცელი ეჭირა. მაშინვე გავიფიქრე, რომ მომიყვებოდა თავისი ცხოვრების მორიგ დრამას და ფულსაც მთხოვდა. მომაბეზრებელი ურთიერთობისათვის გვერდის ავლა დავაპირე, მაგრამ უცნობმა მთხოვა მისთვის მომესმინა. სჩანდა, ტკივილამდე სურდა ამოთქმა.

ისტორია ბანალურია: ცოტა ხნის წინათ ამ მამაკაცმა კაზინოში დაახლოებით სამი ათასი დოლარი წააგო და სწორედ ამის დამამტკიცებელი საბუთი ეჭირა ხელში. მამაკაცი განადგურებული იყო, სანახაობა უკიდურესად სამწუხარო, მაგრამ სიბრალურის გამოხატვა არ ვიჩქარე, რადგანაც მსურდა მაქსიმალურად შორს დამეჭირა თავი მსგავსი პრობლემისაგან. ამის გაფიქრებისთანავე დავინახე, რომ კაზინოდან მენეჯერი დაცვის ორ თანამშრომლეთან ერთად გამოვიდა და ჩვენ მოგვიახლოვდა. “თქვენი ნაცნობია?“, – მკითხა თეთრ პერანგში გამოწყობილმა ჰალსტუხიანმა მამაკაცმა. ჩემი უარყოფითი პასუხის შემდეგ მენეჯერმა ჩემს მოსაუბრეს ოდნავ თანამგრძნობი ხმით კაზინოში რაღაც ფორმალობის დასასრულებლად შესვლა სთხოვა. მამაკაცმა აკურატულად ჩაცმულ ადამიანს შეურაცხოფა მიაყენა და ისევ მე მომიბრუნდა: “ძმაო, აქ მხოლოდ … (უცენზურო სიტყვები თქვა), აქ ყველაფერი ჩაწყობილია”. შემდეგ მან ზედმეტად არ ჩათვალა ჩვენს გვერდით მდგარი კიდევ სამი, კარგად გამოკვებილი ახალგაზრდის გამოლანძღვა, რომლებმაც საბოლოოდ მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. მე კი ჩქარი ნაბიჯით გავშორდი იქაურობას.

ვწუხვარ, ადამიანებს მსგავსი რამ რომ ემართებათ. ის ადამიანი სულაც არ ჰგავდა საზოგადოების შეძლებულ წარმომადგენელს, რომელიც თავის თავს ფულის გაფლანგვის უფლებას მისცემდა. ალბათ, მან რაღაც საკუთრება ჩადო და კაზინოს “გაკოტრება“ სურდა. მგონი, ამ უთანასწორო ომში ბევრი კარგი ბიჭი დაეცა. დარწმუნებული ვარ, თითოეულ მათგანს კვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება.

მეორეს მხრივ, განა არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უოცნებია მილიონის, ან უფრო მეტი მწვანე კუპიურის მოგებაზე? მეეჭვება. ვაღიარებ, ამ ასწლეულის დასაწყისში ონლაინ-პოკერების ბუმის პერიოდში მეც გამიტაცა ზღაპრული მოგების სურვილის ციებ-ცხელებამ. საქართველოში ამბიციური და ახალგაზრდა ადამიანების განსაზღვრული პროცენტი არსებობს, რომლებიც დღემდე არც თუ ცუდად შოულობენ ფულს პოკერით და ამაში ნახეს თავიანთი მოწოდება. ოდესღაც მეც ვიგებდი-ხოლმე ფულს, თუმცა არც ისე ბევრს, მაგრამ რეგულარულად. იმის შიში, რომ არ დამეკარგა მთელი ჩემი დანაზოგი, ყოველთვის მაიძულებლდა თავშეკავებული ვყოფილიყავი ფსონების დადებისას. ამიტომაც არც ისე დიდი მოგებები მქონდა. თუმცა, ამის გამო სულაც არ დავმწუხრებულვად და უკვე დიდი ხანია შევეგუე იმ აზრს, რომ ამ რალში ძალიან ჩამოვრჩი.

გწვევიათ ბედნიერება და მოგიგიათ მილიონი დოლარი? დავიწყოთ იქიდან, რომ ამ წარმატების ალბათობა ძალიან მცირეა. შედარებისათვის მოვიშველიოთ შავი იუმორი: ლატარეის ბილეთის საყიდლად წასულს ავტოკატასტროფაში დაღუპვის შანსი უფრო გაქვთ, ვიდრე მომგებიანი ბილეთის შეძენის. ასეთია სტატისტიკა, მაგრამ გული არ გაიტეხოთ, სასწაულების მოხდენის რწმენის გარეშე მოსაწყენია ცხოვრება, ამიტომ განაგრძეთ საკუთარი ძალებისა და წარმატებისადმი რწმენა. ერთადერთი რაც ნამდვილად არ ღირს, თავის დაკარგვაა.

საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც შეზღუდავდა ახალი კაზინოების გახსნასა და დააწესებდა ბუკმეიკერულ კონტროლს სკოლებთან და სხვა სასწავლო დაწესებულებებთან ახლოს. ასევე არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, რომელიც ნათელს მოჰფენდა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისა და ამ ნიადაგზე თვითმკვლელობის შემთხვევების ზუსტ რაოდენობას. არსებობს მხოლოდ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წელიწადის სხვადასხვა, ან მსხვილი სპორტული მოვლენების დროს ასეთი პრობლებით ფსიქოლოგებს ხშირად მიმართავენ 18-დან 25 წლის ასაკის ახალგაზრდები. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევებში ადგილი აქვს უკვე სერიოზულ დავალიანებებსა და სხვა უსიამოვნებებს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობოს დონეზე ამ პრობლემაზე მხოლოდ ფიქრობენ. როგორც სჩანს, ცდილობენ აზარტული თამაშების ბიზნესის დაზარალების გარეშე იპოვონ გამოსავალი. მომავალი წლის თებერვალში დაგეგმილია «Georgia Gaming Congress» (საქართველოს თამაშის კონგრესი). თუმცა თინათინ ხიდაშელს ეს ვერ შეაჩერებს მის სტრუქტურაში მომუშავე აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანებისადმი მკაცრი კონტროლი დააწესოს. ამის მიზეზი გახდა სამხედრო მოსამსახურეების მიერ თავის მოკვლის ფაქტები, რომლებსაც აზარტული თამაშების გამო ძალიან ბევრი ვალი დაუგროვდათ. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა შედეგს გამოიღებს სამხედროში აზარტული თამაშების, როგორც „ქვეყნის უსაფრთხოებისათვის საფრთხის“ წინააღმდეგ ბრძოლა, თუკი ის მიმართული იქნება ადამიანების ცალკეული კონტიგენტის და არა მთლიანად სისტემის წინააღმდეგ.

დავუბრუნდეთ ალბათობის საკითხს. ვთქვათ, გაგიმართლათ და მოიგეთ მილიონი. ბუნებრივია, თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება იმის მიხედვით, თუ რა დამოკიდებულება გაქვთ დიდ ფულთან და საზოგადოების რომელ კლასს მიეკუთვნებით. მაგონდება ცნობილი ამერიკელი იუმორისტისა და ტელეწამყვანის ბილლ მარის სიტყვები, რომელიც ამბობდა: „როდესაც ამერიკელი მილიონ დოლარს იგებს, რატომღაც ამაყად აცხადებს, რომ არასოდეს წავა სამსახურიდან“. ასე, რომ თუ პირველად გიჭირავთ ხელში მილიონი დოლარი, სერიოზული ძალისხმევა გჭირდებათ იმისათვის, რომ სწორად განკარგოთ თქვენი ქონება. ვეჭვობ, რომ ჩვენი ტემპერამენტის, კავკასიელი ადამიანის შემთხვევაში მოქმედებს „ძალიან ბევრი ფულის“ სინდრომი. შემთხვევით მილიონერად გახდომის შემდეგ ჯერ აღვნიშნავთ წარმატებას, შემდეგ მთელს ქონებას გავუყოფთ ნათესავებსა და მეგობრებს, ცოტას გავასესხებთ და ბოლოს შევიძენთ მაგარ ავტომობილსა და სახლს. შემდეგში კი იმის იმედად ვიქნებით, რომ ცხოვრება თავად გვიჩვენებს გზას.

ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემის მხრიდან უხამსობა იქნება, რომ არ გისურვოთ საკუთარი წარმატების გახედვნა, მაგრამ ფრთხილად იყავით, ამ საქმეში ძალიან ბევრი იმედგაცრუებაა.

კარენ ა.