ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი მაკა ციცხვაია 23 წლის არის და უკვე ცდილობს მოდის უზარმაზარ სამყაროში საკუთარი მოკრძალებული ნიშა დაიმკვიდროს. მის ნიჭსა და შრომისმოყვარეობას ბედისწერამ, შეიძლება ითქვას კეთილ ფერიად მოუვლინა, უცხოეთში წარმატებული ქართველი დიზაინერი შერონ მარი. როგორც შერონი ამბობს, საქართველოში ნიჭიერება მანამდე არ ფასდება, სანამ ადამიანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ მიაღწევს წარმატებას. “აი, შემდეგ უკვე მარტივია, აქ სიტყვა თქვან შენზე”.

შერონ მარ
შერონ მარ

ქართული საზოგადოების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად შერონი, სამშობლოში დიზაინისა და სამოდელო სფეროს განვითარებაზე ზრუნავს და წარმატებისკენ გზის გაკვალაში ეხმარება ახაგაზრდა, ნიჭიერ, დამწყებ დიზაინერებს. შერონი ქველმოქმედი ადამიანიც არის, თუმცა მის შესახებ Dalma News-ი უახლოეს ხანებში გიამბობთ. გეტყვით მხოლოდ, რომ მისი სრული სახელი და გვარი შორენა მარცვალაძეა. იგი ძირითადად უცხოეთში მოღვაწეობს.

მოგეხსენაბათ, უცხოელებისთვის სახელი შორენა რთულად გამოსათქმელია, ამიტომ შერონი შეარქვეს. გვარი კი თავად შეიმოკლა და მარცვალაძისგან მხოლოდ “მარ” დატოვა. ამგვარად მიიღო მარკეტინგულად საერთაშორისო სახელი “შერონ მარ”-ი . შერონი ძირითადად პორტუგალიაში მოღვაწეობს, თუმცა კონტრაქტების გამო ხშირად უხდება ჩასვლა იტალიაში, ჩეხეთში, ახლა უკვე, ინგლისსა და ინდოეთშიც. მცირე კონტრაქტები სხვადასხვა ქვეყნებშიც აქვს.

მაკა ციცხვაია
მაკა ციცხვაია

ჩემი წერილის მთავარი გმირი მაკა ციცხვაია, შერონმა გაზაფხულზე, თბილისში აღმოაჩინა, როდესაც მისი ინიციატივით ჩატარდა დამწყები დიზაინერების კონკურსი World Model Festival Georgia. ფესტივალი საქველმოქმედო იყო და ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებას ისახავდა მიზნად, ამიტომ გაყიდული ბილეთებიდან შესული თანხა მთლიანად დიმიტრი ცინცაძის საქველმოქმედო ფონდს გადასცეს.

World Model Festival Georgia-ში მონაწილეობდნენ, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დიზაინერები და მოდელები. ფესტივალის პირველ ნაწილში მოდელებმა თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულთა ნამუშევრები წარადგინეს, მოგვიანებით კი პოდიუმი უცხოელი დიზაინერების კოლექციებს დაეთმო. შერონთან ერთად ახალგაზრდა დიზაინერების ნამუშევრებს საერთაშორისო შემადგენლობის ჟიური აფასებდა, ხოლო ჩვენებას მსოფლიოს ცნობილი მოდის კვირეულების ფოტოგრაფი, ანტონიო ტაკონე აშუქებდა.

საერთო ჯამში ღონისძიებაზე 17 დიზაინერის ნამუშევარი წარმოადგინეს. გამარჯვებულად კი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული სამი დიზაინერი დასახელდა, მათ შორის მაკა ციცხვაია, რომელმაც ბუდაპეშტში European Fashion Union-ზე მონაწილეობის სერთიფიკატი მოიპოვა.

“თავიდანვე, როდესაც ვნახე კონკურსანტების კოსტიუმები, ძალიან მომეწონა მაკა ციცხვაიასა და თამუნა ჯუღელის ნამუშევრები. ვერ ვიტყვი, რომ მათი კოსტიუმები არის სირთულის ზოლი, რაც მე ძალიან მიყვარს, თუმცა მთლიანობაში ეფექტური იყო და გოგონებს ფესტივალის ჟიურისთან რეკომენდაცია გავუწიე. ჟიურიში ჩემი ხმა გადამწყვეტი იყო”, – გვითხრა შერონ მარმა.

მართალია მაკა ციცხვაიას ბუდაპეშტიდან სამშობლოში პირველი ადგილის ჯილდო არ ჩამოუტანია, მაგრამ ითვალისწინებს მისი კეთილისმყოფელის რეკომენდაციებს და მალე საკუთარ კოლექციას ინდოეთში, გოაში წარადგენს, სადაც იანვარში World Model Festival Georgia ჩატარდება.

“ეს არის ჩემი ფესტივალი, რომლის პროექტიც ბოლივუდმა შეისყიდა. აუცილებლად წარვადგენ მაკა ციცხვაიას, ოღონდ ახალი კოსტუმებით. ვუსურვებ მაკას გავიდეს ფართო ასპარეზზე და მე ამით ვიამაყებ. მაკა ძალიან ნიჭიერია და მას აქვს პოტენციალი გახდეს წარმატებული დიზაინერი. მე არ ვარ მიკერძოვებული. მიყვარს ნიჭიერი ადამიანების წარმატება. ვაღიარებ ყველა დიზაინერს, რომელიც იმუშავებს გონებით და არა პიარისთვის”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბარში შერონ მარმა.

მაკა ციცხვაიას კოლექცია სახელწოდებით “Never Too Old”, იმ ასაკოვანი ქალბატონებისთვისაა შექმნილი, რომლებიც ცდილობენ ახალგაზრდული ხიბლი შეინარჩუნონ, ასაკის გამო კოსტიუმის შერჩევისას არ იზღუდება და ელეგანტურად იმოსებიან. ეს მისი პირველი სერიოზული ნამუშევარი და სადიპლომო კოლექციაა, რომლისთვისაც მაკამ გამოიყენა 50-იანი წლების სილუეტი, ასევე დაძველების ეფექტი, ხოლო ფეხსაცმელი ტყავზე დაპრინტვის ტექნოლოგიით შექმნა. თითოეული კოსტუმის დეტალი საკუთარი ხელით ააწყო. მოკლედ ამ კოსტიუმებში მთელი სული, გული და გონება ჩადო.

დიზაინერის პროფესია მაკას ბავშვობის ოცნებაა, სწორედ ამიტომ სკოლის დამთავრების შემდეგ არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე გააკეთა და მოდისა და დიზაინის ფაკულტეტზე ჩააბარა. კოლექციაზე მუშაობის პროცესი სიამოვნებას ანიჭებს. მუშაობს როგორც ჰაეროვან და ნაზ, ასევე უხეშ ქსოვილებზე.

“ბავშვობიდან მხიბლავდა დიზაინერის პროფესია. სისტემატურად ვეცნობოდი ცნობილი დიზაინერების ბიოგრაფიებს, მათ კოლექციებს და მსურდა, ოდესმე მეც ამ სფეროში მემუშავა. ბავშვობის ოცნება ავისრულე. დიდ სიამოვნებას მანიჭებს კოლექციაზე მუშაობის პროცესი, განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა შენს კოსტიუმში მოდელი თავს კომფორტულად გრძნობს”, – გვითხრა მაკამ.

ვივიენ ვესტვუდი
ვივიენ ვესტვუდი

ფერების შერჩევისას იგი უპირატესობას პასტელურ ფერთა გამას ანიჭებს. მისი საყვარელი დიზაინერია ვივიენ ვესტვუდი, მოსწონს მისი სტილი. ჯერჯერობით არ ჰყავს გამორჩეული ობიექტი, თუ რომელი ცნობილი, ასაკოვანი ქალბატონისთვის შექმნიდა კოსტიუმს, თუმცა, მოხარული იქნება ასეთი შესაძლებლობა თუ მიეცემა. ძალიან მოსწონს ქართული ტრადიციული დეტალები და ამბობს, რომ მომავალში მათ აუცილებლად გამოიყენებს.

მაკა ციცხვაიას შეფასებით საქართველოში დიზაინისა და სამოდელო სფერო ძალიან ნელა ვითარდება, თუმცა უკეთესის იმედი აქვს, რადგან მიაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში ნიჭიერი დიზაინერები მრავლად არიან, უბრალოდ მათი შემჩნევაა საჭირო მანამდე, სანამ თვითრეალიზებისთვის უცხოეთს მიაშურებენ.

შორენა პაპაშვილი